ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

პატიმარმა, რომელიც სექსუალურ ძალადობაზე საუბრობდა, გაურკვეველი საგანი გადაყლაპა - პენიტენციური სამსახური

იუსტიციის სამინისტრო

პატიმარმა გიორგი დავითაძემ, რომელმაც სააპელაციო სასამართლოში სექსუალურ ძალადობაზე ისაუბრა, პენიტენციური სამსახურის განცხადებით, გაურკვეველი საგანი გადაყლაპა. სამსახური ბრალდებას უარყოფს, ხოლო პატიმარი ბადრაგების მხრიდან ძალადობაზე მიუთითებს.

პატიმარმა, რომელიც სექსუალურ ძალადობაზე საუბრობდა, გაურკვეველი საგანი გადაყლაპა - პენიტენციური სამსახური
პატიმარმა, რომელიც სექსუალურ ძალადობაზე საუბრობდა, გაურკვეველი საგანი გადაყლაპა - პენიტენციური სამსახურირადიო თავისუფლება

4 ოქტომბერს, 22:45 საათისთვის პენიტენციური სამსახურის ფეისბუკზე გამოქვეყნდა განცხადება, რომლის თანახმადაც იმავე საღამოს დავითაძემ ციხის ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და მის თვალწინ „დემონსტრაციულად გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი“.

უწყების განცხადებით, ეს ინციდენტი მოხდა 4 ოქტომბერს 21:12 საათზე და გადაღებულია საკნის სამეთვალყურეო ვიდეოკამერით.

განცხადებიდან არ ირკვევა, საიდან ჰქონდა დავითაძეს „გაურკვეველი მცირე საგანი“ - ან რა ტიპისა შეიძლება ეს საგანი ყოფილიყო.

პენიტენციური სამსახურის თანახმადვე, ჯანმრთელობის მდგომარეობის „მონიტორინგის მიზნით“ დავითაძეს შესთავაზეს „ვივამედში“ გადაყვანა, თუმცა მან „კატეგორიული უარი განაცხადა“.

„შესაბამისად, გიორგი დავითაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალი და მათი რეკომენდაციების საფუძველზე მიიღება შემდგომი შესაბამისი ზომები“, - აცხადებს სამსახური.

გიორგი დავითაძის საქმე

2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ 36 წლის გიორგი დავითაძემ სექსუალური ძალადობის შესახებ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა. ის ამბობს, რომ №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე დაახლოებით ათმა ბადრაგმა იძალადა და დამამცირებლად მოექცა.

„ჩამიყვანეს დეესკალაციაში და გამაუპატიურეს - თითით, ხელით. […] გამაუპატიურეს - 10-მა კაცმა, ბადრაგებმა. ჩანს ყველაფერი კამერაში“, - თქვა პატიმარმა.

დავითაძე ასევე ამბობს, რომ ძალადობის შემდეგ სუიციდის მცდელობა ჰქონდა. მან შიმშილობის დაწყება დააანონსა, თუ მის მიერ დასახელებული თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება.

პენიტენციური სამსახური ბრალდებას „კატეგორიულად უარყოფს“.

უწყებამ 2 ოქტომბერს გაავრცელა ვიდეო, რომელიც, უწყების განცხადებით, პატიმარ გიორგი დავითაძის მონაწილეობით 2025 წლის 21 დეკემბერს №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მომხდარ შემთხვევას ასახავს. ვიდეოს ხმა არ აქვს.

3 ოქტომბერს დავითაძის ოჯახის წევრებმა რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქცია გამართეს და მოითხოვეს, სრულად და ხმით გასაჯაროვდეს ვიდეოკადრები, სადაც მათი განმარტებით, მსჯავრდადებულზე ძალადობაა ასახული.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„შესაბამისად, გიორგი დავითაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალი და მათი რეკომენდაციების საფუძველზე მიიღება შემდგომი შესაბამისი ზომები“
ავტორი ტექსტში ცალსახად არ არის მითითებული
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.