ამბის მიღმა სრული სურათის დანახვა
ერთი მოვლენა სხვადასხვა მედიაში ხშირად განსხვავებულად არის გადმოცემული. news.ge-ის მიზანია, ეს ხედვები ერთ სივრცეში მოაქციოს და მკითხველს დაეხმაროს გაიგოს: რა მოხდა, რას ამბობენ მხარეები და სად არის მათი მთავარი უთანხმოება.
გვინდა, ახალი ამბების გაცნობა უფრო გასაგები და ხელმისაწვდომი გახდეს. ჩვენი ამოცანაა ინფორმაციის დალაგება და კონტექსტის ჩვენება, რათა საკუთარი დასკვნა თავად გამოიტანო.
წყაროებიდან — გასაგებ განხილვამდე
ახალი ამბები სხვადასხვა წყაროდან
პლატფორმა ქართული მედიიდან მიღებულ მასალებს ერთ ნაკადში აერთიანებს. AI ამზადებს მოკლე შეჯამებას და ამოიცნობს კატეგორიებს, თემებსა და პერსონებს, განმეორებული მასალები კი იფილტრება. ყველა ნიუსთან მითითებულია პირველწყარო, რომ ინფორმაციის გადამოწმება შეძლო. თუ წყაროს მასალას ვიდეო ახლავს, ის ნიუსშიც ჩანს.
წყაროს მიერ რეკლამად მონიშნული მასალა ავტომატურად არ ქვეყნდება — მას ჯერ რედაქცია ამოწმებს.
მთავარ გვერდზე ზოლი „ახლა“ ხუთ უახლეს ამბავს აჩვენებს, სია „ახლა კითხულობენ“ კი — ბოლო საათებში ყველაზე ხშირად წაკითხულ ნიუსებს. ამ სიისთვის ვინახავთ მხოლოდ იმას, რამდენჯერ გაიხსნა სტატია ყოველ საათში — მკითხველის შესახებ არაფერს. ტელეფონზე გვერდის თავში ვიდეო სთორებია: დღის თემის, დებატებისა და მთავრობის შედეგების მოკლე ვიდეოები.
დღის ქრონიკა
ქრონიკა დღის ნიუსებს ამბებად აჯგუფებს და ერთ დროის ხაზზე აწყობს: ჩანს, რომელი მედია წერდა თითოეულ ამბავზე და ვინ გააშუქა პირველმა. მედია ფერით აღინიშნება — სამთავრობო, ოპოზიციური ან ნეიტრალური, ხოლო ამბავი, რომელსაც მხოლოდ ერთი მხარის მედია აშუქებს, ცალკე ინიშნება. მთავარ გვერდზე ბოლო 24 საათის აქტივობას „სეისმოგრაფი“ აჩვენებს.
მიმდინარე ამბები
დიდი მოვლენის დროს — მაგალითად, სასამართლო სხდომისას ან არჩევნებისას — რედაქცია მიმდინარე ამბის გვერდს ხსნის: ამ მოვლენის შესახებ ყველა მედიის ნიუსი ავტომატურად ერთ გვერდზე გროვდება, უახლესი — ზემოთ. ჩანაწერები მედიის ბანაკის მიხედვით იფილტრება, ცალკე ჩანს მთავარი ფაქტები და ისიც, რომელი მედია რამდენს წერს. მიმდინარე ამბავი მთავარ გვერდზე, „მთავარ თემაში“ ჩანს.
დღის მიმოხილვა ერთ წუთში
ყოველდღე 13:00-ზე და 22:00-ზე AI დღის მთავარ ამბებს მოკლე მიმოხილვად აერთიანებს და ხმით გადმოსცემს. მოსმენა შეიძლება მთავარ გვერდზე, კატეგორიებისა და სტატიების გვერდებზე, ყველა გამოშვება კი მიმოხილვის გვერდზეა. მიმოხილვის ამბებზე AI ბოტს კითხვებიც შეგიძლია დაუსვა.
დღის თემა და ორი ხედვა
დღის მნიშვნელოვანი თემა ცალკე ქვეყნდება. გვერდიგვერდ ჩანს, როგორ აშუქებენ მას სამთავრობო და ოპოზიციური წყაროები, ხოლო მოკლე შეჯამება გამოკვეთს თანხვედრასა და განსხვავებებს.
ორი ინდექსი 0-დან 100-მდე შკალაზე აჩვენებს, რამდენად განსხვავებულად აშუქებენ მოვლენას მედიები („მედიაპოლარიზაცია“) და რამდენად დაპირისპირებულია მხარეების პოზიციები გაანალიზებულ ტექსტებში („მხარეთა დაპირისპირება“). თუ მტკიცებულება საკმარისი არ არის, ქულა არ გამოითვლება. ინდექსი არ ადგენს, რომელი მხარეა მართალი, და არ ზომავს მთელი საზოგადოების განწყობას.
თემას მოკლე ვიდეოც ახლავს: „ვიდეორეჟიმში“ მას საიტზევე უყურებ, ან ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ ფორმატში აზიარებ. წინა თემები არქივში ინახება.
AI ფაქტჩეკერი
რედაქციის მიერ შერჩეულ სტატიებზე ჩნდება ფარის ღილაკი. ფაქტჩეკერი სტატიის მტკიცებებს ხელმისაწვდომ წყაროებს ადარებს და აჩვენებს შეფასებას, წყაროებსა და შეზღუდვებს. ეს დამხმარე ინსტრუმენტია და არა საბოლოო ვერდიქტი.
საუბარი news.ge-ის AI ბოტთან
სტატიასა და დღის თემაზე შეგიძლია ბოტს ტექსტურად ან ხმით დაუსვა კითხვა, მოითხოვო მარტივი განმარტება და შეადარო არგუმენტები. ხმოვანი საუბარი მოკლე სესიებად მიმდინარეობს და სურვილისამებრ ვიდეოავატარითაც შეიძლება; ხმოვან ჩატსა და ავატარს დღიური ლიმიტები აქვს. ბოტი ეყრდნობა პლატფორმაზე არსებულ მასალებს. AI-ს პასუხი შეიძლება შეცდომას შეიცავდეს, ამიტომ მნიშვნელოვანი ცნობები წყაროებთან გადაამოწმე.
პერსონები და ორგანიზაციები
სტატიაში მონიშნულ პირზე ან ორგანიზაციაზე დაჭერით მის გვერდზე გადახვალ, სადაც მასთან დაკავშირებული ნიუსებია თავმოყრილი. საჯარო პირის გვერდზე ჩანს მისი ციტატები და AI ანალიზი იმის შესახებ, რა რიტორიკას იყენებს — ანალიზი მხოლოდ ნათქვამს აფასებს, არა პიროვნებას. ზოგ პირზე, მისივე თანხმობით, საჯარო Facebook პოსტებიც ჩანს.
AI ინტერვიუები
რედაქცია არჩევს რესპონდენტს, AI დღის თემიდან ამზადებს კითხვებს და ინტერვიუს ტელეფონით ატარებს. ფორმატის მიზანია საზოგადოებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების მიღება. ჩანაწერი ქვეყნდება მხოლოდ სარედაქციო შემოწმებისა და რესპონდენტის თანხმობის შემდეგ.
ვიდეოდებატები
დებატებში მონაწილეობა შეუძლიათ news.ge-ის პერსონების ბაზაში არსებულ პირებს. რეგისტრაცია ტელეფონის ნომრით ხდება: კოდი SMS-ით მოდის (ან ჩვენი სატელეფონო ასისტენტი რეკავს და კოდს კარნახობს), ხოლო თუ ნომერი ბაზაში შენახულს არ ემთხვევა, განაცხადს რედაქცია ამოწმებს. მონაწილე ირჩევს ოპონენტს, თემასა და თავისუფალ დროს; ოპონენტი მოწვევას საიტზე, SMS-ით და ზარით იღებს, შეუძლია დათანხმდეს, უარი თქვას ან სხვა დრო შესთავაზოს.
შეხვედრას AI მოდერატორი წარმართავს: იცავს რეგლამენტს და მონაწილეებს დროს თანაბრად უნაწილებს. დებატის ჩანაწერი საიტზე ქვეყნდება, მისი მოკლე ვიდეო კი news.ge-ის სოციალურ ქსელებშიც შეიძლება გამოჩნდეს. ჩანაწერების ყურება ყველას შეუძლია.
ძველი news.ge-ის არქივი
ძველი საიტის 300 000-ზე მეტი სტატია არქივშია დაცული და ძველი ბმულებითაც იხსნება. არქივში ძიება სათაურით, ტექსტითა და წლით შეიძლება. არქივის მასალები უცვლელად ქვეყნდება: მათ AI არ ამუშავებს, არ აჯამებს და არ აანალიზებს.
მკითხველიც ამბის ნაწილია
შენი ხმა — ახალი ამბავი
მნიშვნელოვანი ამბავი შეიძლება პირველად შენ შეამჩნიო — შენს ქუჩაზე, უბანში ან ქალაქში. „მოყევი ხმით“ ღილაკით ჩაწერე, რა მოხდა, სად და როდის (5 წუთამდე). მოქალაქის ჩანაწერი ავტომატურად არ ქვეყნდება: ჯერ მას რედაქცია ამოწმებს და ამუშავებს, შემდეგ კი საერთო ნიუსებში ჩნდება (კატეგორია „სხვადასხვა“, წყარო „სახალხო“), ზოგჯერ მოქალაქის ხმის ჩანაწერითაც. როგორ ჩაწერო, აქ წერია.
ჩაერთე პირდაპირ ეთერში
თუ რამე მნიშვნელოვანი შენს თვალწინ ხდება, შეგიძლია ის ტელეფონიდან პირდაპირ ეთერში გადასცე „ჩაერთე პირდაპირ ეთერში“ გვერდიდან. ადგილს, შენი ნებართვით, მდებარეობის მიხედვით განვსაზღვრავთ და ეთერის გვერდზე რუკაზე ვაჩვენებთ; საჭიროების შემთხვევაში ნომრის ზარით დადასტურებასაც გთხოვთ. ეთერს რედაქტორი პირდაპირ უყურებს და წყვეტს, გამოჩნდეს თუ არა news.ge-ის მთავარ გვერდზე და News.Ge-ს ფეისბუკ გვერდზე და ჩაიწეროს თუ არა. გამოქვეყნებული ჩანაწერი სიახლეებში ჩნდება, წყაროდ „პირდაპირი ეთერი“.
აირჩიე შენი მთავრობა
ვირტუალურ კაბინეტში კანდიდატებს თანამდებობებზე ანაწილებ და საკუთარ გუნდს ადგენ. არჩევანს passkey-ით ადასტურებ — თითის ანაბეჭდით, სახის ამოცნობით ან მოწყობილობის კოდით. ერთი პროფილიდან თითო პოსტზე ერთი ხმა ითვლება, არჩევანის შეცვლა კი ნებისმიერ დროს შეიძლება. მონაწილეთა საერთო არჩევანი — „news.ge-ს სახალხო მთავრობა“ — შედეგების გვერდზე ჩანს, მისი მოკლე ვიდეო კი ყოველ ღამე ახლდება.
ეს არის მონაწილეთა არჩევანის ამსახველი საზოგადოებრივი სიმულაცია. ის არ წარმოადგენს ოფიციალურ არჩევნებს ან მთელი საქართველოს წარმომადგენლობით გამოკითხვას.
ჩატი და გამოკითხვები
საიტს აქვს საერთო ჩატი (ზედა მენიუში „ჩატი“) და გამოკითხვები. შეტყობინების ან ხმის გასაგზავნად პროფილით შესვლაა საჭირო. გამოკითხვის შედეგი მხოლოდ მონაწილეთა პასუხებს ასახავს.
ვინ სდუმს?
ამ გვერდზე ჩანს ამბები, რომლებიც ერთი ბანაკის მინიმუმ სამმა მედიამ გააშუქა, მეორე ბანაკის მედიამ კი რამდენიმე საათის განმავლობაში არ დაწერა. ყოველ ასეთ ამბავს AI დამატებით ამოწმებს. თუ დუმილი მოგვიანებით დაირღვა, ესეც ჩანს.
დღის ციტატა
აქ AI პოლიტიკოსების ციტატებს რიტორიკის პოლარიზაციის მიხედვით აფასებს, იგივე მეთოდით, რაც პერსონების გვერდზეა. „თქვა მაშინ / თქვა ახლა“ აჩვენებს ერთი და იმავე ადამიანის ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს; ყოველ წყვილს რედაქტორი ამოწმებს. ქულა რიტორიკას აფასებს და არა ადამიანს.
რეაქციები
ნიუსის ქვეშ შეგიძლია რეაქცია დატოვო (😡 😂 😮 😢 👍) რეგისტრაციის გარეშე. ერთ მკითხველს ერთი რეაქცია აქვს და მისი შეცვლა ნებისმიერ დროს შეიძლება.
ერთგული მკითხველი
ყოველი აქტიური დღე ქულას გაძლევს, 30 დღეზე კი „ერთგული მკითხველის“ ნიშანს მიიღებ. პროგრესი პროფილში ჩანს; მის შესანარჩუნებლად passkey შექმენი. ქულები მხოლოდ აქტივობას ასახავს.
გააზიარე ის, რაც მნიშვნელოვანია
დღის თემისა და მთავრობის შედეგების ვიდეოს გაზიარება შეგიძლია შენს Facebook ან TikTok ანგარიშზე, ასევე ჩამოტვირთვა და ბმულის კოპირება; დღის თემის ვიდეო ვერტიკალურ (9:16) და ჰორიზონტალურ (16:9) ფორმატშია. Facebook-ზე ერთი ღილაკით შეგიძლია გააზიარო ნიუსი, დებატი, ინტერვიუ და სახალხო ამბავიც, ბმული კი ყველგან კოპირდება. ნიუსს მეგობარს Messenger-ით, Viber-ით, WhatsApp-ით ან Telegram-ითაც გაუგზავნი, ტელეფონზე კი ღილაკი „გაზიარება“ ამ აპებს ერთად გთავაზობს. ჩვენი მიზანია, საუბარი გაგრძელდეს ისე, რომ მას თან გაჰყვეს წყარო და საჭირო კონტექსტი.
ტექნოლოგია პასუხისმგებლობით
გამჭვირვალობა
წყარო, AI-ის მონაწილეობა და რეკლამა მკითხველისთვის გასარჩევი უნდა იყოს.
ადამიანის პასუხისმგებლობა
AI ეხმარება ინფორმაციის დამუშავებას. სარედაქციო გადაწყვეტილებებსა და შესწორებებზე პასუხისმგებლობა ადამიანებს ეკისრებათ. ზოგი განყოფილება, მაგალითად „ვინ სდუმს?“ და „დღის ციტატა“, AI-ის შემოწმების შემდეგ ავტომატურად ქვეყნდება: რედაქცია მათ თვალყურს ადევნებს და მცდარ ჩანაწერს შლის.
განსხვავებული მოსაზრებების ჩვენება არ ნიშნავს, რომ ყველა განცხადება ერთნაირად დასაბუთებულია. ფაქტები უნდა შემოწმდეს, მოსაზრებები მკაფიოდ გამოიკვეთოს, ხოლო გაურკვევლობა არ უნდა დაიმალოს. პოლიტიკური ფიგურების „კარგებად“ და „ცუდებად“ შეფასება ჩვენი მიზანი არ არის.
მედიის სამთავრობო, ოპოზიციურ და ნეიტრალურ ჯგუფებს რედაქცია განსაზღვრავს. ჯგუფი გამოცემის მიმართულებას აღწერს და არა თითოეული სტატიის შინაარსს.
AI-ით შექმნილ ვიდეოებში რეალური ადამიანები არ ანიმირდება: მათი ფოტოები უცვლელად გამოიყენება, გენერირებული კადრები კი წარწერით „AI ილუსტრაცია“ ინიშნება. თუ წყაროს ფოტო არ აქვს, ნიუსს ახლავს მასში ნახსენები პირის ფოტო, სხვა შემთხვევაში კი ფოტოს რედაქცია არჩევს.
სარეკლამო სტატიები და ბანერები ცალკე ინიშნება. მკითხველმა ყოველთვის უნდა იცოდეს, როდის კითხულობს პარტნიორულ მასალას. ზოგ კატეგორიაში სპონსორის ბანერი ანიმაციური AI პერსონაჟია: მას შეგიძლია ხმით ესაუბრო, ის კი კომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით პასუხობს. ეს რეკლამაა და „რეკლამა“ წარწერით ინიშნება; ავატარი news.ge-ის რედაქციის სახელით არ საუბრობს. დეტალები იხილე მომსახურების პირობებსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.
სად ვართ ახლა
საიტზე ქვეყნდება წყაროებიდან მიღებული ნიუსები და რედაქციის მიერ მომზადებული მასალები. მუშაობს ძიება და კატეგორიები, „ახლა კითხულობენ“, დღის ქრონიკა, მიმდინარე ამბები დიდ მოვლენებზე, „ვინ როგორ აშუქებს“, დღის მიმოხილვა ერთ წუთში, დღის თემა ინდექსებით, ვიდეოთი და არქივით, ვიდეო სთორები ტელეფონზე, AI ბოტი ტექსტით, ხმითა და ვიდეოავატარით, ფაქტჩეკერი შერჩეულ სტატიებზე, პერსონების გვერდები, სახალხო ამბები საერთო ნიუსებში, მკითხველების პირდაპირი ეთერი, „ვინ სდუმს?“, „დღის ციტატა“, რეაქციები ნიუსებზე, ნიუსის გაზიარება მესენჯერებით, საიტის ჩატი, „აირჩიე შენი მთავრობა“ საერთო შედეგებით და ძველი news.ge-ის არქივი.
ვიდეოდებატები სატესტო რეჟიმშია: რეგისტრაცია და გამოწვევა უკვე მუშაობს, პირველი შეხვედრები კი ახლა იგეგმება. AI ინტერვიუები საიტზე გამოჩნდება მას შემდეგ, რაც პირველი რეალური ინტერვიუები სარედაქციო შემოწმებას გაივლის; მანამდე მთავარ გვერდზე სადემონსტრაციო ბარათები ჩანს. news.ge-ის ვიდეოები Facebook-სა და TikTok-ზეც ქვეყნდება.
გაეცანი news.ge-ს