TI: სააკაშვილის სახელს შევიტანთ ჩვენი ორგანიზაციის შედგენილ პოლიტიკური პატიმრების სიაში
ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ გამოაქვეყნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმეების სამართლებრივი ანალიზი და განაცხადა, რომ მისი სახელი პოლიტიკური პატიმრების სიაში შეტანილი იქნება.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მსჯავრდების და ბრალდების საქმეების სამართლებრივ ანალიზს აქვეყნებს. მათი განცხადებით, სააკაშვილის სახელს ორგანიზაციის მიერ შედგენილ პოლიტიკური პატიმრების სიაში შეიტანენ.
2026 წლის ივლისში "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" განაცხადა, რომ მათი განახლებული ანგარიშის მიხედვით, 91 პირი აკმაყოფილებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერ დადგენილ პოლიტპატიმრის კრიტერიუმებს (საერთაშორისო სტანდარტით, 1 კრიტერიუმის არსებობაც კი საკმარისია). სიაში არ იყო მიხეილ სააკაშვილი.
აღნიშნულს სააკაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: "სრულიად სამარცხვინოდ "ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ჩემი ტყვეობის მეხუთე წელს, არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში" - დაწერა მან 22 ივლისს.
ორგანიზაციის განცხადებით, 21 ივლისს მათ დაუკავშირდა სააკაშვილის ადვოკატი და მისი საქმეების მასალები გადასცა.
"2026 წლის 21 ივლისს ორგანიზაციამ, საქმეთა დეტალური შესწავლისა და შეფასების საფუძველზე, გამოაქვეყნა პოლიტიკური პატიმრების სია. მასში შეტანილი იქნენ ამჟამად პატიმრობაში მყოფი პირები, რომელთა დაკავება, ბრალდება და მსჯავრდება აშკარად უკავშირდებოდა 2024-2025 წლების საპროტესტო აქციებში ამა თუ იმ ფორმით მათ მონაწილეობას, მათ მიერ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებით სარგებლობას.
2026 წლის ივლისის ბოლოს ჩვენ დაგვიკავშირდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრის სტატუსის ქონის საკითხის შესასწავლად მოგვაწოდა ე.წ. “პიჯაკების”, საზღვრის კვეთის, ტელეკომპანია “იმედის” საქმეებზე მიხეილ სააკაშვილის საქმის მასალები.
ამ მასალების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე, ჩვენ მივედით დასკვნამდე, რომ მიტაცებული სახელმწიფო ინსტიტუტების პირობებში მიხეილ სააკაშვილის მიმართ უკვე პერმანენტულად ქცეული ბრალდების საქმეები არის პოლიტიკურად მოტივირებული, ხოლო მის მიმართ ე.წ. „პიჯაკების საქმეზე“ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უსამართლო, რის გამოც იგი უნდა ჩაითვალოს პოლიტიკურ პატიმრად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 1900 (2012) რეზოლუციის მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად". - ნათქვამია TI-ს განცხადებაში.
ორგანიზაციის განცხადებით, აღნიშნული რეზოლუციის თანახმად, "პირი, რომელსაც აღკვეთილი აქვს პირადი თავისუფლება, უნდა ჩაითვალოს "პოლიტიკურ პატიმრად":
"ა) თუ პატიმრობა გამოყენებულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციითა და მისი ოქმებით დადგენილი რომელიმე ფუნდამენტური გარანტიის - კერძოდ, აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების, გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების დარღვევით;
ბ). თუ პატიმრობა გამოყენებულია მხოლოდ პოლიტიკური მიზეზებით და არ არის დაკავშირებული რაიმე დანაშაულის ჩადენასთან;
გ) თუ, პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე, პატიმრობის ხანგრძლივობა ან მისი პირობები აშკარად არაპროპორციულია იმ დანაშაულთან მიმართებით, რომლის ჩადენისთვისაც პირი მსჯავრდებულია ან რომლის ჩადენაშიც იგი ეჭვმიტანილია;
დ) თუ, პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე, იგი სხვა პირებთან შედარებით დისკრიმინაციული წესით არის დაკავებული; ან
ე) თუ პატიმრობა არის ისეთი სამართალწარმოების შედეგი, რომელიც აშკარად უსამართლო იყო და ეს, როგორც ჩანს, დაკავშირებულია ხელისუფლების ორგანოთა პოლიტიკურ მოტივებთან.“
როგორც უკვე აღვნიშნეთ, „პიჯაკების საქმეში“ მსჯავრდება ეწინააღმდეგება კანონიერების ფუნდამენტურ პრინციპს (Nullum crimen sine lege). ქმედებაში არ დასტურდება სსკ-ის 182-ე მუხლით გათვალისწინებული გაფლანგვის შემადგენლობა, რადგან საბიუჯეტო სახსრები პრეზიდენტის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში არ ყოფილა, ხარჯები არ ყოფილა ინდივიდუალიზებული და არ იკვეთება ანგარებითი პირდაპირი განზრახვა. ამ ფონზე, 9 წლიანი პატიმრობის შეფარდება, რაც ნორმის მაქსიმალურ სანქციასთანაა მიახლოებული, წარმოადგენს აშკარად არაპროპორციულ და დისპროპორციულ პასუხისმგებლობას, რაც პირდაპირ მიუთითებს სამართლებრივი პროცესების პოლიტიკურ მოტივაციაზე.
გარდა ამისა, საქმეთა ერთობლიობა და სასჯელთა შეკრების პრინციპით პატიმრობის ვადის 12 წლითა და 6 თვით განსაზღვრა, რაც მიმდინარე საქმეების ფონზე შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, ავლენს ხელისუფლების დომინანტურ, ფარულ პოლიტიკურ მიზანს (Ulterior Purpose). პერმანენტული სისხლისსამართლებრივი დევნისა და პატიმრობის ასეთი ხანგრძლივი ვადის დაკისრება სცილდება მართლმსაჯულების აღდგენის მიზნებს და ემსახურება ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტისა და მთავარი ოპოზიციური ლიდერის ხანგრძლივ იზოლაციას რამდენიმე საარჩევნო ციკლიდან (Political Sterilization).
ეს გარემოებები არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6, მე-7 და მე-18 მუხლებს, რაც 1900 (2012) რეზოლუციის “ა”, “გ”, “დ” და “ე” კრიტერიუმებიდან გამომდინარე, იძლევა სრულ იურიდიულ საფუძველს, რომ მიხეილ სააკაშვილი მიჩნეულ იქნეს პოლიტიკურ პატიმრად.
შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში". - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც TI წერს, "მიხეილ სააკაშვილის მიმართ ახალი, დაუსაბუთებელი ან/და დისპროპორციულად ხანგრძლივი საპატიმრო განაჩენების გარეშე, ის საპატიმრო დაწესებულებას 2027 წლის 30 სექტემბერს დატოვებდა".
მიხეილ სააკაშვილის მსჯავრდების და ბრალდების საქმეების სამართლებრივი ანალიზი შეგიძლიათ წაიკითხოთ ბულზე.
ციტატები სტატიიდან
„სრულიად სამარცხვინოდ "ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ ჩემი ტყვეობის მეხუთე წელს, არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.