თამაზაშვილი: თურქ ქომაგებს ისეთი შინაარსის ბანერები ჰქონდათ, ეს რომ გაეშალათ, პროცესები უმართავი გახდებოდა
შს მინისტრ სულხან თამაზაშვილის განცხადებით, თურქ ქომაგებს საზღვარზე 100-მდე პროვოკაციული ბანერი ჩამოართვეს, რომელთა გაშლის შემთხვევაში ბათუმში პროცესები უმართავი გახდებოდა.

შს მინისტრი, სულხან თამაზაშვილი ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელის“ მატჩის დროს მომხდარი დაპირისპირების შესახებ მედიასთან საუბრობს - როგორც თამაზაშვილი აცხადებს, თურქ ქომაგებს ისეთი შინაარსის ბანერები ჰქონდათ საქართველოში შემოტანილი, ეს რომ მატჩის დროს გაეშალათ, პროცესები უმართავი გახდებოდა.
თამაზაშვილი ამბობს, რომ ამის შესახებ მან თურქ კოლეგას მუსტაფა ჩიფთჩისაც განუცხადა, რომლის სატელეფონო ჩანაწერიც თურქულმა მხარემ გაავრცელა. თუმცა მინისტრის თქმით, თურქეთმა ჩანაწერის მხოლოდ ფრაგმენტი გაასაჯაროვა.
თამაზაშვილი ამბობს, რომ სატელეფონო საუბრის დროს მუსტაფა ჩიფთჩის იმის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, რომ თურქ ქომაგებს პროვოკაციული შინაარსის, ჩვენი ქვეყნისთვის შეურამცხმყოფელი ბანერები, ღია წყაროებში საჯაროდ ჰქონდათ განთავსებული და ამ ბანერებთან ერთად პოზირებდნენ.
"ჩვენ მოვახდინეთ ამის ძალიან ეფექტური პრევენცია, საზღვარზე საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში იქნა აღკვეთილი ამ ბანერების შემოტანა ქვეყანაში" - განაცხადა მინისტრმა.
ჩემდა გასაკვირად, მოვუსმინე ამ ჩანაწერს, ვადასტურებ, ჩემ კოლეგასთან გუშინ მქონდა საუბარი, მე არ ჩამიწერია, თუმცა, რომ მქონოდა ასეთი ჩანაწერი, აუცილებლად ვრცელ ვერსიას გავავრცელებდი, აქცენტირებას გავაკეთებდი საუბრის უფრო საინტერესო ნაწილზე, როცა ჩემ კოლეგას გავუზიარე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ინფორმაცია გვქონდა დღის პირველ ნაწილში, ქომაგებმა დადეს ძალიან პროვოკაციული შინაარსის ბანერები, ღია წყაროებში და პოზირებდნენ ამ ბანერებთან, რაც ჩვენი ქვეყნისთვის იყო შეურამცხმყოფელი და რაზეც ჰქონდათ ნეგატიური შეფასებები ჩვენს მოქალაქეებს.
ჩვენ მოვახდინეთ ამის ძალიან ეფექტური პრევენცია, საზღვარზე საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში იქნა აღკვეთილი ამ ბანერების შემოტანა ქვეაყნაში, დაახლოებით 100-მდე ძალიან ბინძური, პროვოკაციული შინაარსი ბანერი, მათ შორის ზოგი ძალიან დიდი ზომის იქნა ამოღებული და ჩამორთმეული. ამის შესახბე მატჩამდე, საპოლიციო ატაშეების მეშვეობით მოხდა ინფორმაციის გაცვლა და კოლეგებმა მადლობაც გადაგვიხადეს. სწორედ ეს ინფორმაცია გავუზიარე, ავხსენი მათ შორის ის, რომ ამ ბანერების გამოყენება რომ მომხდარიყო, გაეშალათ სტადიონზე მატჩის დროს, რეალურად პროცესები მართლაც უმართავი გამხდარიყო", - განაცხადა თამაზაშვილმა.
რა მოხდა ბათუმში:
თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩი, რომელიც 26 ნოემბერს ბათუმში გაიმართა, თავდაპირველად სტამბოლში უნდა ჩატარებულიყო. თუმცა თურქეთის ხელისუფლებამ უსაფრთხოების რისკების გამო უეფას აცნობა, რომ შეხვედრის მასპინძლობა არ შეეძლო. უეფამ მატჩის ნეიტრალურ მოედანზე, ბათუმში გამართვის გადაწყვეტილება მიიღო.
ბათუმში მატჩის დაწყებამდე ვითარება დაიძაბა და დაძაბულობა მატჩის მიმდინარეობისას გაგრძელდა. თამაში გარკვეული პერიოდით შეწყდა კიდეც.
პოლიციასა და „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა, მათ შორის მას შემდეგ, რაც ტრიბუნაზე გულშემატკივრებმა პალესტინის დროშა გაშალეს.
შსს-ს ცნობით, ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის გარშემო განვითარებული მოვლენების შედეგად პოლიციის სამი თანამშრომელი დაშავდა, ხოლო 16 ადამიანი დააკავეს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამედია - სულხან თამაზაშვილმა თურქეთის შს მინისტრ განუცხადა, რომ გულშემატკივრებს პალესტინის დროშები უეფას წარმომადგენლებმა ჩამოართვეს და ამ გადაწყვეტილებაში საქართველოს სახელმწიფო უწყებებს მონაწილეობა არ მიუღიათ
თურქული მედია: თამაზაშვილმა თურქეთის შს მინისტრს განუცხადა, რომ გულშემატკივრებს პალესტინის დროშები უეფას წარმომადგენლებმა ჩამოართვეს
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…