შალვა პაპუაშვილი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბრიტანეთის ელჩ გარეთ უორდს შეხვდა, სადაც ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის ფორმატების აღდგენაზე იმსჯელეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს, გარეთ უორდს შეხვდა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მნიშვნელობას.
საუბრისას განიხილეს ორმხრივ ურთიერთობებში არსებული გამოწვევები და მათ მოგვარებაზე მუშაობის მზაობა დაადასტურეს. ამ კუთხით, ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა ფორმატის ფარგლებში თანამშრომლობის აღდგენის მნიშვნელობაზე.
საუბარი, აგრეთვე, შეეხო საპარლამენტო კავშირების შემდგომი გააქტიურების საკითხს. შალვა პაპუაშვილმა დადებითად გაიხსენა წელს, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ასამბლეის ფარგლებში, თემთა პალატის თავმჯდომარე ლინდსი ჰოილთან გამართული ნაყოფიერი შეხვედრა და კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელების მზადყოფნა დაადასტურა.
შეხვედრაზე, ასევე, ლონდონში დაგეგმილი ყირიმის პლატფორმის საპარლამენტო სამიტის საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…