Wall Street Journal: ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს ბალტიის ზღვაში შეტაკების ასარიდებლად დაურეკეს
Wall Street Journal: გამოცემა Wall Street Journal ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი და ნორვეგიის პრემიერმინისტრი იონას გარ სტიორე ოქტომბერში ვლადიმირ პუტინს ბალტიის ზღვაში შესაძლო დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად დაუკავშირდნენ.

გამოცემა Wall Street Journal ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი და ნორვეგიის პრემიერმინისტრი იონას გარ სტიორე ოქტომბერში ვლადიმირ პუტინს ბალტიის ზღვაში შესაძლო დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად დაუკავშირდნენ.
27 ოქტომბრის სატელეფონო საუბრის ოფიციალური თემა უკრაინაში ომის დასრულება იყო, თუმცა, გამოცემის წყაროების თანახმად, ლიდერებს კიდევ ერთი გადაუდებელი მიზანი ჰქონდათ – დაერწმუნებინათ პუტინი, რომ რუსეთისთვის მნიშვნელოვანი საზღვაო მარშრუტის ბლოკირებას არ აპირებდნენ.
"მშვიდობიან პერიოდში ბალტიის ზღვის ბლოკირებას არ ვაპირებთ, შეგიძლიათ ამაში დარწმუნებული იყოთ. კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ." – უთხრა სტუბმა პუტინს, როგორც მას ორი ინფორმირებული წყარო ციტირებს.
WSJ-ს მიხედვით, რუსეთს ზღვით ექსპორტირებული ნავთობის 60%-ზე მეტი ბალტიის ზღვის გავლით გადააქვს. ხოლო დასავლელი მაღალჩინოსნების განცხადებით, ბოლო თვეებში მოსკოვის მოქმედებები კრემლში მარშრუტის შესაძლო ბლოკადის შიშის გაძლიერებაზე მიუთითებდა.
დაძაბულობის ერთ-ერთი მიზეზი რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" ტანკერების შეჩერება იყო. მოსკოვი ამ გემებს ნავთობის ექსპორტზე დასავლური სანქციების გვერდის ასავლელად იყენებს.
გამოცემის წყაროების შეფასებით, რუსეთის შეშფოთება დასავლელი პოლიტიკოსების საჯარო განცხადებებმაც გაამძაფრა. სექტემბერში პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ კალინინგრადთან ისეთი "აგრესიული" სამხედრო წვრთნების ჩატარების იდეა წამოაყენა, რომ პუტინს თავდასხმის შეშინებოდა. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ კი გაეროში განაცხადა, რომ ესტონეთს, ფინეთსა და NATO-ს ფინეთის ყურის დახურვა "რამდენიმე საათში" შეეძლოთ.
ევროპელი და ამერიკელი მაღალჩინოსნების ცნობით, ოქტომბრის ბოლოს პენტაგონის წარმომადგენლებმა ბალტიისპირელ კოლეგებს რეგიონში რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებების შესახებ რიტორიკის შერბილებისკენ მოუწოდეს, რათა დაძაბულობა არ გამწვავებულიყო.
ფინეთმა ვითარების განმუხტვის მიზნით რუსეთის ელჩიც დაიბარა. თუმცა, WSJ-ს წყაროების თანახმად, სტუბი შიშობდა, რომ მოსკოვამდე გზავნილი სათანადოდ ვერ აღწევდა.
ამის შემდეგ ლიდერებმა კრემლთან პირდაპირი კავშირის მქონე რუს ოლიგარქს მიმართეს. გამოცემის ცნობით, ის ნორვეგიაში მაღალი თანამდებობის პირებთან კონსულტაციებისთვის ჩავიდა, შემდეგ კი მოსკოვში დაბრუნდა, რათა გზავნილი პუტინისთვის გადაეცა. რამდენიმე დღის შემდეგ სტუბი და სტიორე რუსეთის პრეზიდენტს თავად ესაუბრნენ.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…