2022 წლის შემდეგ პირველად, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვს შეხვდა
2022 წლის შემდეგ პირველად, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეფული გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა. ვადეფულის განცხადებით, შეხვედრაზე გერმანიამ რუსეთს ესკალაციის შეწყვეტისკენ მოუწოდა და გააფრთხილა ლაიფციგის აეროპორტში დივერსიის მცდელობის გამო, თუმცა რუსული მხარის მხრიდან კონსტრუქციული მზადყოფნა ვერ დაინახა.

2022 წლის შემდეგ პირველად, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან შეხვედრისას, რუსეთის დელეგაციის მხრიდან უკრაინაში მიმდინარე ომში ესკალაციის შეწყვეტის სურვილი ვერ დაინახა.
მინისტრების შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, ნიუ-იორკში გაიმართა. ვადეფულის თქმით, მან რუსულ მხარეს ესკალაციის წინააღმდეგ მოუწოდა.
მისი განცხადებით, რუსეთის დელეგაციას მკაფიოდ განუცხადა, რომ დაუშვებელია ისეთი ქმედებები, როგორიცაა დრონების გამოყენებით ლაიფციგის აეროპორტში დივერსიის მცდელობა.
ვადეფულის თქმით, ლაიფციგის აეროპორტის საკითხზე ლავროვს მკაფიოდ უთხრა, რომ "[რუსეთმა] წითელი ხაზი გადაიკვეთა, ველოდებით, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება და მზად ვართ, ნებისმიერ მომენტში ვიმოქმედოთ".
ამასთან, გერმანელმა მინისტრმა განაცხადა, რომ ლავროვთან უკრაინის მომავალზე მოლაპარაკებები არ გაუმართავს. მისი თქმით, ამ საკითხზე გადაწყვეტილებებს მხოლოდ თავად უკრაინელები იღებენ.
"ჩვენი მთავრობების პოზიციებს შორის მართლაც არსებობს პრინციპული უთანხმოებები, რომლებზეც საუბარიც საჭიროა. ცივი ომის პერიოდში მხარეებს შორის აზრთა გაცვლა და კონტაქტები არასდროს შეწყვეტილა. სწორედ ამიტომ ჩავთვალე, რომ ახლა სწორი იქნებოდა დიალოგისთვის პირველი შესაძლებლობის მოძიების მცდელობა" - თქვა ვადეფულმა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის წარმომადგენელი გააფრთხილა, რომ ბერლინი უკრაინის სრულმასშტაბიან მხარდაჭერას გააგრძელებს და რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ ზეწოლას შეინარჩუნებს.
"ეს მხარდაჭერა აბსოლუტურად ურყევია და ახლა რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დაჯდეს. არ არსებობს ამ ომის გამართლება, რომელსაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე ეწირება, მათ შორის რუსების, თუმცა, უპირველესად, უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის" - განაცხადა ვადეფულმა.
თუმცა მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღიარა, რომ რუსეთის დელეგაციის მხრიდან ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებისკენ მისი მოწოდების მოსმენის მზადყოფნა ვერ დაინახა.
"ყველას, ვინც კვლავ ამბობს, რომ გერმანიამ მოლაპარაკებები უნდა გამართოს და რუსეთს უნდა ესაუბროს, ახლა ვეუბნები: ჩვენ ამას ვაკეთებთ. და, სამწუხაროდ, რუსეთი ამ ეტაპზე კონსტრუქციული მოლაპარაკებების პოზიციის დაკავების მზადყოფნას არ ავლენს" - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
რუსეთის სამთავრობო სააგენტო ТАСС-ის მტკიცებით, შეხვედრა "20 წუთზე ოდნავ მეტხანს" გაგრძელდა და მასზე "ორმხრივი ურთიერთობები და უკრაინის გარშემო არსებული ვითარება" განიხილეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ შეხვედრა გერმანული მხარის თხოვნით გაიმართა.
გერმანიისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ბოლოს 2022 წლის 18 იანვარს, მოსკოვში შეხვდნენ. მაშინ ანალენა ბერბოკი რუსეთის დედაქალაქში უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარების სწრაფი მობილიზაციისა და დასავლეთის სპეცსამსახურების გაფრთხილებების ფონზე ჩავიდა, რომლებიც მოსკოვის მიერ სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის მზადებაზე მიუთითებდნენ.
ციტატები სტატიიდან
„ჩვენი მთავრობების პოზიციებს შორის მართლაც არსებობს პრინციპული უთანხმოებები, რომლებზეც საუბარიც საჭიროა. ცივი ომის პერიოდში მხარეებს შორის აზრთა გაცვლა და კონტაქტები არასდროს შეწყვეტილა. სწორედ ამიტომ ჩავთვალე, რომ ახლა სწორი იქნებოდა დიალოგისთვის პირველი შესაძლებლობის მოძიების მცდელობა“
„ეს მხარდაჭერა აბსოლუტურად ურყევია და ახლა რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დაჯდეს. არ არსებობს ამ ომის გამართლება, რომელსაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე ეწირება, მათ შორის რუსების, თუმცა, უპირველესად, უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის“
„ყველას, ვინც კვლავ ამბობს, რომ გერმანიამ მოლაპარაკებები უნდა გამართოს და რუსეთს უნდა ესაუბროს, ახლა ვეუბნები: ჩვენ ამას ვაკეთებთ. და, სამწუხაროდ, რუსეთი ამ ეტაპზე კონსტრუქციული მოლაპარაკებების პოზიციის დაკავების მზადყოფნას არ ავლენს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.