რუმინეთის პროკურატურამ ოპოზიციონერ დეპუტატ ჯორჯე სიმიონს საარჩევნო კომისიის წევრების მიმართ ძალადობისკენ მოწოდებისთვის ბრალი წაუყენა
რუმინეთის პროკურატურამ ოპოზიციონერ დეპუტატ ჯორჯე სიმიონს საარჩევნო კომისიის წევრების მიმართ ძალადობისკენ მოწოდებისთვის ბრალი წაუყენა. სიმიონი, რომელიც ბრალდებას „სასამართლო ფარსს“ უწოდებს, ამტკიცებს, რომ მისი განცხადება პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა ყოფილიყო აღქმული.

რუმინეთის პროკურატურამ ოფიციალურად წაუყენა ბრალი ულტრამემარჯვენე დეპუტატს, ჯორჯე სიმიონს გასულ წელს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების წინ საარჩევნო კომისიის წევრების წინააღმდეგ ძალადობისკენ მოწოდების ფაქტზე.
სიმიონი, რომელიც ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს, ოპოზიციური პარტია „რუმინელთა გაერთიანების ალიანსის“ (AUR) ლიდერია. აღნიშნული პარტია აკრიტიკებს ევროკავშირს, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევასა და თავდაცვის ხარჯების ზრდას. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, AUR ამჟამად რუმინეთის ყველაზე პოპულარული პოლიტიკური ძალაა.
საქმე ეხება მოვლენებს, რომლებიც 2024 წლის დეკემბერში რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას მოჰყვა. მაშინ ხელისუფლებამ არჩევნები კალინ ჯორჯესკუს სასარგებლოდ რუსეთის სავარაუდო ჩარევის მოტივით გააუქმა, რასაც მოსკოვი უარყოფდა. მოგვიანებით, საარჩევნო ორგანოებმა ჯორჯესკუს განმეორებით არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს, რამაც ბუქარესტის ცენტრში ძალადობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია.
პროკურატურის ინფორმაციით, იმ პერიოდში სიმიონმა სოციალურ ქსელში მხარდამჭერებს მიმართა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გადატრიალება მოაწყვეს და ისინი „საჯარო მოედანზე ცოცხლად უნდა გაეტყავებინათ“.
მოგვიანებით პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ მისი სიტყვები პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა ყოფილიყო აღქმული, დღევანდელ ბრალდებას კი პოლიტიკურად მოტივირებული „სასამართლო ფარსი“ უწოდა. მისი ადვოკატის განმარტებით, აღნიშნული ფრაზა პოლიტიკური, თუმცა „ჰიპერბოლური“ განცხადება იყო და, შესაბამისად, ევროპული კანონმდებლობით არის დაცული.
2025 წლის მაისში გამართულ განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებში სიმიონი ცენტრისტ ნიკუშორ დანთან დამარცხდა. კალინ ჯორჯესკუს წინააღმდეგ კი, რომელსაც სიმიონი და მისი პარტია უჭერდნენ მხარს, ამჟამად სამი სასამართლო საქმე მიმდინარეობს.
რუმინეთში მომდევნო საპარლამენტო არჩევნები 2028 წელს გაიმართება. პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა AUR-ი ქვეყნის ეკონომიკური და ეროვნული უსაფრთხოებისთვის რისკად შეაფასა, თავად პარტიაში კი პრეზიდენტსა და ცენტრისტულ ძალებს ქვეყნის ავტოკრატიისკენ წაყვანაში ადანაშაულებენ. ნოემბრის გამოკითხვებით, AUR-ის რეიტინგი დაახლოებით 35%-ს შეადგენს, რაც ოდნავ ჩამორჩება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაფიქსირებულ 40%-იან მაჩვენებელს, თუმცა პარტია კვლავ უსწრებს ყველა სხვა პოლიტიკურ გაერთიანებას.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…