მიხეილ სარჯველაძემ ინგოროყვას კლინიკაში დაზარალებულები მოინახულა: აქ მყოფი ორი ბავშვის მდგომარეობა ნორმალურია. არავითარი რთული და სახიფათო დაზიანება მათ არ მიუღიათ. ფსიქოლოგის მხარდაჭერა იქნება საჭირო თუ ნებისმიერი სხვა, ბუნებრივია რომ ამ ყველაფერს უზრუნველვყოფთ, მაქსიმალურად მხარში დავუდგებით ოჯახებს
ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად ინგოროყვას კლინიკაში მოთავსებული ორი ბავშვის მდგომარეობა ნორმალურია, თუმცა მძიმე რჩება იმ პირის მდგომარეობა, ვის ბინაშიც აფეთქება მოხდა.

ჯანდაცვის მინისტრი ინგოროყვას კლინიკაში იმყოფებოდა. მიხეილ სარჯველაძემ ფონიჭალაში, ერთ-ერთ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულები მოინახულა.
მისი თქმით, კლინიკაში მოთავსებული ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„პირველ რიგში მინდა გარდაცვლილების ოჯახებს სამძიმარი გამოვუცხადო. ეს ძალიან დიდი ტრაგედიაა. რაც შეეხება საავადმყოფოში მყოფ პირებს, განსაკუთრებით ბავშვებს, მათი მდგომარეობა ნორმალურია. საბედნიეროდ აქ მყოფი ორი ბავშვის მდგომარეობა ნორმალურია. არავითარი რთული და სახიფათო დაზიანება მათ არ მიუღიათ. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან მაინც და ასეც გაგრძელდება, ყველა საჭიროება, რომელიც შეიძლება წარმოექმნათ, იქნება უზრუნველყოფილი.
სამედიცინო დაწესებულებები მზადყოფნაშია იმისთვის, რომ ვისაც დასჭირდება მხარდაჭერა იყოს უზრუნველყოფილი. რაც შეეხება ბავშვებს, ფსიქოლოგის მხარდაჭერა იქნება საჭირო თუ ნებისმიერი სხვა, ბუნებრივია რომ ამ ყველაფერს უზრუნველვყოფთ, მაქსიმალურად მხარში დავუდგებით ოჯახებს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მისი თქმით, მძიმე რჩება იმ პირის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა.
„მისი მდგომარეობა მძიმეა. ძალიან მძიმე დაზიანება აქვს მიღებული სხეულზე. არ მინდა წინასწარ დასკვნები გავაკეთო, ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ სიცოცხლე გადაარჩინონ. რა გამოვა აქედან, ამას დრო გვაჩვენებს.
ასევე, ერთი ქალბატონი იყო მოთავებული, რომელიც გაეწერა, მას არ ჰქონდა ისეთი დაზიანება რომელიც მოითხოვდა შემდგომ დაკვირვებას“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…