ჟურნალისტ ელისო კილაძის ადვოკატი თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს გაასაჩივრებს
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რასაც მისი ადვოკატი ნათია კორკოტაძე საეჭვო აუდიოჩანაწერზე დაყრდნობის გამო გაასაჩივრებს.

ფინანსური დანაშაულის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ელისო კილაძის დაცვის მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს. როგორც ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ აღნიშნა, საქმეში არსებული ერთადერთი აუდიოჩანაწერი, რომელსაც სასამართლო დაეყრდნო, ექსპერტიზაზე რამდენჯერმე იყო წარმოდგენილი და დასკვნებში განსხვავებული მონაცემები ფიქსირდებოდა.
„როგორც კი ჩავიბარებთ განაჩენს აუცილებლად გავასაჩივრებთ. ერთადერთ მტკიცებულებას დაეყრდნო სასამართლო, ეს იყო აუდიოჩანაწერი, სადაც ელისო კითხულობს: „ბენს აქვს „ქოლცენტრი“? თუ აქვს მივხედავთ“, — განაცხადა ბრალდებული ჟურნალისტის ადვოკატმა, ნათია კორკოტაძემ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ელისო კილაძეს ფინანსური დანაშაულისათვის 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ასევე ჩამოართვა ავტომობილი და 30 000 აშშ დოლარი.
მას ბრალი ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობასა (სსკ-ის 180-ე მუხლი) და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში — ფულის გათეთრებაში (სსკ-ის 194-ე მუხლი) ედება. ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე კილაძესთან ერთად ბრალდებულნი არიან ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე, გიორგი და დავით მიქაძეები, ირაკლი სეხნიაშვილი, მიხეილ ჩოხელი, გივი ჯიბლაძე, ბენ ანორი, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე, რომელთა საქმის განხილვა ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
7 სტატიაელისო კილაძის საბოლოო სიტყვა სასამართლოში
ელისო კილაძეს „ქოლცენტრების“ საქმეზე 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
ელისო კილაძეს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
„გესმით? ვინც აღიარა ქოლცენტრების მართვა, გაუშვეს, ელისოს 10-წლიანი პატიმრობის სანაცვლოდ“ – ნანუკა ჟორჟოლიანი
ელისოს წინააღმდეგ ანგარიშსწორება ხორციელდება - კილაძის უფლებადამცველი
ელისო კილაძის ადვოკატი - როგორც კი ჩავიბარებთ განაჩენს, აუცილებლად გავასაჩივრებთ
პროკურორი - ელისო კილაძის ქმედებები, შენიღბული იყო თაღლითურ „ქოლ-ცენტრებთან“ მებრძოლის იმიჯით, ის თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ საჭიროებების მიხედვით მოქმედებდა და მითითებას იღებდა ჯგუფის სხვა წევრებისგან
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…