ღარიბაშვილს ეტაპირებისთვის ამზადებენ - ადვოკატის ინფორმაციით, ექს-პრემიერი სასამართლოს დაესწრება
ადვოკატ სოსო ბარათაშვილის თქმით, ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ე.წ. ჯარის ძარცვის საქმეზე სასამართლო პროცესს დაესწრება და სხდომის დახურვის წინააღმდეგია.
ირაკლი ღარიბაშვილი დღის საქალაქო სასამართლოში ჩანიშნულ სასამართლო პროცესს დაესწრება - ასეთი ინფორმაცია აქვს დაკავებული ექს-პრემიერის ადვოკატს.
მთავრობის ყოფილი მეთაური განსასჯელის სკამზე პირველად დაჯდება.
სასამართლო ე.წ. ჯარის ძარცვის საქმეზე არსებითი განხილვას 16:00 საათზე დაიწყებს.
როგორც "პირველებს" ღარიბაშვილის ადვოკატმა, სოსო ბარათაშვილმა უთხრა, ექს-პრემიერი პროცესის დახურვის წინააღმდეგია.
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, უნდა დაესწროს [სასამართლო პროცესს], თუ რამე არ შეიცვლება. [ირაკლი ღარიბაშვილი] კატეგორიული წინააღმდეგია სხდომის დახურვის. დაცვის მხარე საერთოდ წინააღმდეგია დაიხუროს სხდომა.
სხდომის დახურვა ეს არის მხოლოდ ინსტრუმენტი ბრალდების მხარის ხელში ფაქტობრივად არ მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია ამ საქმის შესახებ და თუ მიეწოდება [ინფორმაცია] საზოგადოებას, საზოგადოება ნათლად დაინახავს, რომ არავითარი დანაშაული ამ საქმეში არ არის. ეს არის არსი ამ ყველაფრის"- აცხადებს ადვოკატი.
ცნობილია, რომ ახალი ბრალი ე.წ. „ჯარის ძარცვის“ საქმეზე ყოფილ პრემიერს ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენების საფუძველზე წაუყენეს. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა გამოძიებას განუცხადა, რომ ქრთამი ირაკლი რარიბაშვილს გაუყო.
გამოძიების თანახმად, - ბურჭულაძის ჩვენებით, - თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბიზნესმენისგან [საუბარია ზურაბ ტუკვაძეზე] მიღებული 1.5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად „ქეშად“ გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.
ცნობისთვის, პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ირაკლი ღარიბაშვილი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…