Fitch Raitings-მა საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა გააუმჯობესა, თუმცა თავად რეიტინგი სამი წელია არ...
სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად, BB დონეზე დატოვა, თუმცა პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურით შეცვალა. ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი უკვე სამი წელია არ გაზრდილა და კვლავ საინვესტიციო კატეგორიის მიღმა რჩება.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა 2026 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად, BB დონეზე დატოვა, თუმცა მისი პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურით შეცვალა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის შეფასების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო განაგრძობს ეკონომიკურ და ფისკალურ მდგრადობას.
რეიტინგის პოზიტიური პერსპექტივა საერთაშორისო რეზერვების სწრაფი დაგროვებით, მიმდინარე ანგარიშის დაბალი დეფიციტითა და მაღალი ეკონომიკური ზრდით არის განპირობებული. საქართველოს რეიტინგს, ასევე, აძლიერებს განხორციელებული გონივრული ფისკალური პოლიტიკა, მთავრობის ზომიერი ვალი და სტაბილური საბანკო სისტემა.
სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ მიუხედავად გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკებისა და მაღალი ენერგეტიკული ფასებისა, ქვეყანა ინარჩუნებს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას, რაც ინვესტიციებითა და ექსპორტის მაღალი ზრდით არის განპირობებული. ქვეყნის საშუალო ეკონომიკური ზრდა 2023-2025 წლების პერიოდში 8%-ს აღემატებოდა. Fitch Ratings მოელის, რომ საშუალოვადიან პერიოდშიც საქართველოს რეალური ეკონომიკური ზრდა მისი მსგავსი რეიტინგის მქონე ქვეყნებზე მაღალ მაჩვენებელზე დაფიქსირდება.
ასევე, სააგენტო საქართველოს ფისკალური პოლიტიკის ჩარჩოს კვლავ გონივრულად და გამჭვირვალედ აფასებს, რასაც თან ახლავს განხორციელებული სტრუქტურული რეფორმები, რაც მაკროეკონომიკურ სტაბილურობასა და გაუმჯობესებულ ბიზნესგარემოს უწყობს ხელს. ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის მიმართ ბევრად დაბალია, ვიდრე ფისკალური წესით დაშვებული ზღვარი, ხოლო ვალი მშპ-სთან მიმართებით კლებადი ტენდენციით ხასიათდება და საგარეო ვალი მეტწილად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან აღებული კონცესიური სესხებისგან შედგება.
საქართველოს ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ეკატერინე მიქაბაძე ამბობს, რომ საქართველოს საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება ეროვნული ბანკის თანმიმდევრული პოლიტიკის აღიარებაა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე აცხადებს, რომ რეიტინგის „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გაუმჯობესება „კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკა აქვს“.
როგორი იყო ბოლო სამი წლის საკრედიტო რეიტინგი
ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს საკრედიტო რეიტინგი არ გაზრდილა - იცვლებოდა მხოლოდ მისი პერსპექტივა, რომელიც ქვეყნის საკრედიტო მდგომარეობის სამომავლო შეფასებას ასახავს.
2024 წლის დასაწყისში საქართველოს BB რეიტინგი პოზიტიური პერსპექტივით ჰქონდა.
იმავე წლის ივნისში პერსპექტივა სტაბილურამდე შემცირდა, დეკემბერში კი ნეგატიური გახდა. მაშინ Fitch გადაწყვეტილებას ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავებით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილი ვითარებითა და საგარეო ფინანსური რისკების ზრდით ხსნიდა.
ნეგატიური პერსპექტივა 2025 წლის მაისშიც შენარჩუნდა.
თუმცა იმავე წლის ნოემბერში, საერთაშორისო სავალუტო რეზერვების აღდგენის ფონზე, სააგენტომ ის სტაბილურით შეცვალა.
2026 წლის ოქტომბერში პერსპექტივა კვლავ პოზიტიური გახდა და სამი წლის წინანდელ ნიშნულს დაუბრუნდა.
ამასთან, საქართველო კვლავ BB კატეგორიაში რჩება, რაც არაინვესტიციურ, ე.წ. სპეკულაციურ საკრედიტო რეიტინგს ნიშნავს და საინვესტიციო კატეგორიის ქვედა ზღვარს ორი საფეხურით ჩამორჩება.
BB საკრედიტო რეიტინგი ნიშნავს, რომ ქვეყანას ამჟამად ფინანსური ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა აქვს, თუმცა ეკონომიკური და პოლიტიკური რისკების მიმართ შედარებით მოწყვლადია. სააგენტოს მიერ პერსპექტივის პოზიტიურად შეფასება რეიტინგის შესაძლო გაუმჯობესებაზე მიუთითებს, თუმცა თავად რეიტინგის ზრდას არ ნიშნავს.
რისი მაჩვენებელია სუვერენული საკრედიტო რეიტინგი
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings საქართველოს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს, როგორც წესი, წელიწადში ორჯერ, დაახლოებით ექვსთვიანი ინტერვალით აფასებს.
სააგენტო წინასწარ აქვეყნებს შეფასებების კალენდარს, თუმცა მნიშვნელოვანი ეკონომიკური ან პოლიტიკური ცვლილებების შემთხვევაში რეიტინგის გადახედვა დაგეგმილ ვადაზე ადრეც შეუძლია.
სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ქვეყნის ფინანსური სანდოობის ერთ-ერთი მთავარი საერთაშორისო მაჩვენებელია. ის ასახავს სახელმწიფოს შესაძლებლობასა და მზაობას, დროულად შეასრულოს ფინანსური ვალდებულებები, მათ შორის დაფაროს საგარეო ვალი.
შეფასებისას სააგენტო ითვალისწინებს ეკონომიკური ზრდის ტემპს, სახელმწიფო ვალს, ბიუჯეტის დეფიციტს, საერთაშორისო რეზერვებს, საგარეო ფინანსურ მდგომარეობას, ასევე პოლიტიკურ და ინსტიტუციურ რისკებს. ეს რეიტინგი მნიშვნელოვანია, რადგან მას საერთაშორისო ინვესტორები და საფინანსო ინსტიტუტები ქვეყნისთვის სესხის გაცემისა და ინვესტირების რისკების შესაფასებლად იყენებენ.
მაღალი საკრედიტო რეიტინგი, როგორც წესი, სახელმწიფოს საერთაშორისო ბაზრებზე დაფინანსების მოზიდვას უადვილებს და სესხის ღირებულებას ამცირებს, დაბალმა რეიტინგმა კი შესაძლოა დაფინანსება გააძვიროს და ინვესტორების დაინტერესება შეზღუდოს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
8 სტატიასაკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგი კვლავ უცვლელად, BB დონეზე დატოვა
Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი "BB" დონეზე დატოვა, ხოლო პერსპექტივა "პოზიტიურამდე" გაზარდა
საქართველოს ეროვნული ბაკი: Fitch Ratings-ის შეფასებით, საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი საერთაშორისო რეზერვების მნიშვნელოვანი ზრდა და ქვეყნის საგარეო პოზიციის გაუმჯობესებული მაჩვენებლებია
Fitch Ratings: საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი საერთაშორისო რეზერვების მნიშვნელოვანი ზრდა და ქვეყნის საგარეო პოზიციის გაუმჯობესებული მაჩვენებლებია
Fitch-მა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.5%-მდე გაზარდა
Fitch Ratings: “საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი საერთაშორისო რეზერვების მნიშვნელოვანი ზრდა და ქვეყნის საგარეო პოზიციის გაუმჯობესებული მაჩვენებლებია”
ეკატერინე მიქაბაძე: Fitch Ratings-ის მიერ საქართველოს საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება ეროვნული ბანკის თანმიმდევრული პოლიტიკის აღიარებაა
ვახტანგ ცინცაძე: სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა "სტაბილურიდან" "პოზიტიურამდე" გააუმჯობესა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკა აქვს
ციტატები სტატიიდან
„კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკა აქვს“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…