რაზე იმსჯელეს „ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე, რომელსაც ივანიშვილი დაესწრო
„ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი გაუძღვა, პარტიის პოლიტიკური საბჭო განახლდა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო შეწყალებაზე არ უმსჯელიათ, ხოლო მამუკა მდინარაძის შესაძლო სამართლებრივი დევნის შესახებ კითხვები უსაფუძვლოა.

დღეს, 17 ოქტომბერს „ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გამართეს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.
„ოცნება“ წერს, რომ ივანიშვილი თავად გაუძღვა სხდომას. ერთადერთი გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც ამ სხდომის დასრულების შემდეგ გავიგეთ, არის ის, რომ პარტიის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა განახლდა. პოლიტსაბჭოს ახალი წევრები გახდნენ უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კირცხალია და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე.
„ოცნების“ გაფართოებული სხდომის შემდეგ, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა. მან ბრიფინგზე თქვა, რომ ზოგადად მიმოიხილეს არაერთი საკითხი, მათ შორის დაგეგმილი ცვლილებები, შეეხნენ საკონსტიტუციო სარჩელსაც, „ოცნების“ ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო შეწყალებაზე კი არ უმსჯელიათ.
ირაკლი კობახიძემ არ უპასუხა კითხვას, კვლავაც თვლის თუ არა მამუკა მდინარაძეს მეგობრად.
მამუკა მდინარაძემ ცოტა ხნის წინ დატოვა ვიცე-პრემიერის პოსტი და თქვა, რომ პოლიტიკიდან საერთოდ მიდის. ცოტა ხნის წინ მან საკონსულტაციო კომპანიაც დააფუძნა.
კობახიძის თქმით, მდინარაძე პოლიტიკიდან წასულია, ხოლო პირად ურთიერთობებზე კითხვა-პასუხი, ჟურნალისტის საქმე არაა. თუმცა კობახიძემ დაადასტურა, რომ მას მდინარაძესთან პერიოდულად აქვს კომუნიკაცია.
„მეგობრობა, სხვა თემები, ეს არ არის პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხი. ეს არ არის თქვენთვის საინტერესო. პოლიტიკასთან დაკავშირებით შეიძლება დასვათ შეკითხვები. მე შეგნებულად არ გპასუხობთ უბრალოდ, იმას მნიშვნელობა არ აქვს პასუხი რა იქნება. თუ პოლიტიკასთან დაკავშირებით გაქვთ შეკითხვები, ეს კითხვები რა თქმა უნდა შეგიძლიათ დასვათ, მაგრამ პოლიტიკასთან დაკავშირებითაც ასეთ შეკითხვებს არ დავსვამდი, იმიტომ რომ ადამიანი გასულია პოლიტიკიდან, შესაბამისად, საერთოდ არ მიმაჩნია მიზანშეწონილად საჯაროდ ამ თემაზე საუბარი, ანუ აქტუალური აღარ არის“, – თქვა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძის მიმართ შესაძლო სამართლებრივი დევნის ან რაიმე სახის დასჯის შესახებ არსებულ კითხვებს უსაფუძვლო უწოდა.
სხდომის პარალელურად „ოცნების“ ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. აქციაზე იმყოფებოდნენ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები და ასევე პატიმარ გიორგი დავითაძის დედა.
ციტატები სტატიიდან
„მეგობრობა, სხვა თემები, ეს არ არის პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხი. ეს არ არის თქვენთვის საინტერესო. პოლიტიკასთან დაკავშირებით შეიძლება დასვათ შეკითხვები. მე შეგნებულად არ გპასუხობთ უბრალოდ, იმას მნიშვნელობა არ აქვს პასუხი რა იქნება. თუ პოლიტიკასთან დაკავშირებით გაქვთ შეკითხვები, ეს კითხვები რა თქმა უნდა შეგიძლიათ დასვათ, მაგრამ პოლიტიკასთან დაკავშირებითაც ასეთ შეკითხვებს არ დავსვამდი, იმიტომ რომ ადამიანი გასულია პოლიტიკიდან, შესაბამისად, საერთოდ არ მიმაჩნია მიზანშეწონილად საჯაროდ ამ თემაზე საუბარი, ანუ აქტუალური აღარ არის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.