ფეხბურთელი ქალის გაუპატიურების საქმე - ადვოკატი წერს, რომ აუკრძალეს სასამართლო განაჩენის გასაჯაროება
ადვოკატი ანა თავხელიძე აცხადებს, რომ სასამართლომ მას ფეხბურთელი ქალის გაუპატიურების საქმეზე გამოტანილი გამამართლებელი განაჩენის გასაჯაროება აუკრძალა. საქმე ეხება უცხო ქვეყნის მოქალაქე მეჰმეთ უიარის გამართლებას, რომელსაც მოსამართლე გიორგი არევაძემ სრულად მოუხსნა ბრალი.

ადვოკატი ანა თავხელიძე, რომელიც 20 წლის ფეხბურთელ ქალს იცავს, წერს, რომ სასამართლო ავალდებულებს, განაჩენი არ გაამჟღავნოს.
საუბარია გაუპატიურებაში ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქის სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლების სკანდალზე.
გუშინ განაჩენი ჩავიბარე. ჩაბარების დასადასტურებლად მომიტანეს წინასწარ დაბეჭდილი ხელწერილი, რომელშიც, ჩემს პრაქტიკაში პირველად, ასეთი ჩანაწერიც იყო:
„ამასთან, „საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-13¹ მუხლის თანახმად, ვიღებ ვალდებულებას არ გავამჟღავნო გადმოცემულ სასამართლო გადაწყვეტილებაში (განაჩენში) არსებული ინფორმაცია, ვინაიდან მოცემული სისხლის სამართლის საქმე განიხილებოდა დახურულ სასამართლო სხდომაზე.”
მარტივად რომ ვთქვა: ამ ხელწერილით მეკისრებოდა ვალდებულება, განაჩენის შინაარსზე არ მესაუბრა.
ამ ვალდებულებას არ ვიღებ და ეს მოსამართლეს წერილობით მკაფიოდ დავუფიქსირე. მიზეზი ორია:
• ეს მუხლი მხოლოდ სხდომის აუდიო- და ვიდეოჩანაწერებს ეხება და არა განაჩენს;
• ეს მუხლი პროცესის მხარეებს ეხება და არა დაზარალებულს.
აღსანიშნავია, რომ იმავე მოსამართლემ სხდომის ოქმები არ გადმომცა სწორედ იმ საფუძვლით, რომ მხარე არ ვარ: ოქმებზე წვდომის უფლება მხოლოდ მხარეებს აქვთო.
სასამართლოს ორი რამ მოვთხოვე:
1. მიმითითოს სამართლებრივი საფუძველი, რომლითაც მიზღუდავს განაჩენში არსებულ ინფორმაციაზე საუბარს (ეს ინფორმაცია მოსამართლის მსჯელობასაც მოიცავს);
2. განმიმარტოს, რა სამართლებრივი შედეგი დადგება ჩემთვის და რომელი ნორმით შეიძლება დამეკისროს პასუხისმგებლობა, თუ განაჩენზე მაინც ვისაუბრებ"- წერს ადვოკატი.
განაჩენზე საუბარს ვაპირებ. ველოდები სასამართლოს პასუხს"- წერს ადვოკატი.
საქალაქო სასამართლოს მომსამართლე, გიორგი არევაძემ რამდენიმე დღის წინ სრულად გაამართლა უცხო ქვეყნის მოქალაქე, 32 წლის მამაკაცი, ბიზნესმენი, მეჰმეთ უიარი, რომელსაც საქართველოში ახალგაზრდა ფეხბურთელი ქალის გაუპატიურებას ედავებოდნენ.
დაზარალებული განაჩენის მოსმენისას ცუდად გახდა და სასამართლოდან სასწრაფომ საკაცით გადაიყვანა.
საქმის საეჭვო გარემოებებზე საგამოძიებო რეპორტაჟი გამოქვეყნა "ნიდარ მელაძის შაბათმა". თამთა დოლენჯაშვილმა ჩაწერა მოსამართლეც და დაზარალებული ქალის მეგობრები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თურქი ბიზნესმენი ქალის მოსყიდვას ცდილობდა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.