თურქ ბიზნესმენს ქალი ფეხბურთელის გაუპატიურების საქმეზე პატიმრობა მიესაჯა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ქალი ფეხბურთელის გაუპატიურების საქმეზე თურქ ბიზნესმენ მეჰმეთ უიარს 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა, იტყობინება დაზარალებულის ადვოკატი.

სასამართლომ მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ფეხბურთელის ადვოკატმა ანა თავხელიძემ ფეისბუკზე დაწერა.
გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ - მოსამართლეებმა ბესიკ ბუგიანიშვილმა, გიორგი კერატიშვილმა და ნინო ჩახნაშვილმა - მიიღო.
თავხელიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სხდომა სააპელაციო სასამართლოში ამ საქმეზე დღეს გაიმართა. ადვოკატი სხდომას არ დასწრებია. მისი თქმით, განაჩენის შესახებ პროკურორისგან შეიტყო.
ადვოკატის ინფორმაციით, სხდომას არც მეჰმეთ უიარი დასწრებია. თავხელიძემ არ იცის, იმყოფება თუ არა უიარი საქართველოში. მისი განმარტებით, მსჯავრდებული შეიძლება თავად გამოცხადდეს პოლიციაში. თუ მან ქვეყანა დატოვა და საგამოძიებო უწყებაში არ გამოცხადდება, მასზე ძებნა გამოცხადდება.
ადვოკატის თქმით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ძალაშია და მისი გასაჩივრება უზენაეს სასამართლოში შეიძლება.
რადიო თავისუფლება მეჰმეთ უიარის ადვოკატსაც დაუკავშირდა, თუმცა მან კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მეჰმეთ უიარი 22 სექტემბერს გაამართლა. თურქი ბიზნესმენი, რომელსაც წინასწარ პატიმრობაში ცხრა თვე ჰქონდა გატარებული, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. უიარი ბრალდებას უარყოფდა.
20 წლის ფეხბურთელის ჩვენებით, 2025 წლის დეკემბერში, წვეულების შემდეგ, კლუბის პრეზიდენტის მძღოლს ის სახლში უნდა მიეყვანა, თუმცა მეჰმეთ უიარის ბინაში მიიყვანა. ფეხბურთელმა გამოძიებას უთხრა, რომ, როცა მიხვდა, სხვა მისამართზე იყო, ადგილმდებარეობა თანაგუნდელს გაუზიარა. მისი ჩვენებით, უიარი ბინაში მოგვიანებით მივიდა და გააუპატიურა. ფეხბურთელმა პოლიციას ჩვენება მეორე დილითვე მისცა.
გამამართლებელი განაჩენიდან ერთი კვირის შემდეგ, 29 სექტემბერს, „ლანჩხუთის“ ფეხბურთელებმა კოლეგის მხარდასაჭერად „ნიკე-ლუსოსთან“ თამაშზე უარი თქვეს. მსაჯის სასტვენის შემდეგ გუნდის კაპიტანმა ნინი ჩხარტიშვილმა ბურთი მოედნიდან გადააგდო, ფეხბურთელებმა კი გაშალეს ბანერი წარწერით „მოძალადის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა!“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა „ლანჩხუთს“ მატჩი წაგებად ჩაუთვალა.
„ლანჩხუთმა“ პროტესტი 11 ნოემბერსაც გაიმეორა. ამჯერად, თბილისში, „ნიკე-ლუსოსთან“ მატჩის დაწყებისთანავე, ფეხბურთელებმა ბურთი მსაჯს გადასცეს და მოედანი დატოვეს.
„ლანჩხუთის“ ცნობით, ფედერაცია დაზარალებული ფეხბურთელის პირობით დისკვალიფიკაციას ითხოვს
ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის“ ცნობით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სადისციპლინო კომიტეტისგან სექსუალური ძალადობის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი ფეხბურთელის მომდევნო სეზონის მატჩებიდან პირობით დისკვალიფიკაციასა და მისთვის 24-თვიანი საგამოცდო ვადის დაწესებას ითხოვს.
კლუბის ინფორმაციით, ფედერაცია იმავე სანქციას ითხოვს „ლანჩხუთისა“ და მისი ფეხბურთელების, მათ შორის, ეროვნული ნაკრების 10 წევრის მიმართაც.
„ლანჩხუთი“ ფედერაციის საჩივარს კლუბსა და ფეხბურთელებზე ზეწოლის მცდელობად აფასებს. კლუბის განცხადებით, სადისციპლინო კოდექსის 88-ე მუხლი მატჩის მიტოვებისთვის მხოლოდ წაგების ჩათვლასა და ფულად ჯარიმას ითვალისწინებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატია20 წლის ფეხბურთელის გაუპატიურების საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9 წელი მიუსაჯა
20 წლის ფეხბურთელი ქალის გაუპატიურების საქმე - სააპელაციომ გადაწყვეტილება შეცვალა და თურქი ბიზნესმენი დამნაშავედ ცნო
თურქი ბიზნესმენი მეჰმეთ უიარი, რომელსაც 20 წლის ფეხბურთელი ქალი გაუპატიურებაში ადანაშაულებდა და თბილისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა, სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ ცნო - მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ფეხბურთელი ქალის გაუპატიურებაში ბრალდებული ბიზნესმენის განაჩენი შეიცვალა და 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
თურქი ბიზნესმენი მეჰმეთ უიარი, რომელსაც 20 წლის ფეხბურთელი ქალი გაუპატიურებაში ადანაშაულებდა და თბილისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა, სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ ცნო
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…