"გამოძიება მიმდინარეობს" - საგამოძიებო სამსახური "საქართველოს ფოსტაში" შევიდა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური "საქართველოს ფოსტაში" შევიდა. უწყებაში მხოლოდ ის დაადასტურეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს. აღნიშნულს წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადება, რომლის თქმითაც, სახელმწიფო კომპანიაში არსებული შუამავალი კომპანიები კორუფციის საშუალება იყო.

საგამოძიებო სამსახური "საქართველოს ფოსტაში" შევიდა.
"გამოძიება მიმდინარეობს" - მხოლოდ ეს ერთი წინადადება უთხრეს BMG-ის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში და არც გამოძიების დაწყების დრო დაასახელეს.
უწყებაში უპასუხოდ დატოვეს BMG-ის კითხვები, კონკრეტულად რას და რა პერიოდს შეეხება გამოძიება; ასევე, საქმეში ფიგურირებს თუ არა "საქართველოს ფოსტის" ყოფილი დირექტორი ლევან ჩიკვაიძე.
"[საქართველოს ფოსტაში] შუამავალი კომპანიები კორუფციის კარგი საშუალება იყო" - განაცხადა მთავრობის გუშინდელ სხდომაზე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ, როდესაც სახელმწიფო კომპანიის მიმდინარე მენეჯმენტის საქმიანობა დადებითად შეაფასა და იქვე დასძინა: "შუამავალ კომპანიებში გატანილი იყო მთელი რიგი სერვისები. ეს შუამავალი კომპანიები კორუფციის კარგი საშუალება იყო. ამას ალბათ შესაბამისი უწყებები დაადგენენ".
სწორედ ირაკლი კობახიძის აღნიშნული განცხადების შემდეგ შეეცადა BMG დეტალების გარკვევას, თუმცა მთავრობის მეთაურის პრესსამსახურში მეტი კომენტარი არ გააკეთეს.
საქმის დეტალებზე არც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური საუბრობს - უწყებას აღნიშნულ თემაზე პრესრელიზიც არ გაუვრცელებია.
გუშინ და დღეს, BMG "საქართველოს ფოსტის" ყოფილ დირექტორთან დაკავშირებას შეეცადა, მაგრამ ლევან ჩიკვაიძე ჩვენ ზარებს არ პასუხობს.
ცნობისთვის: ლევან ჩიკვაიძე საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორის პოსტს 2012 წლიდან 2025 წლის ზაფხულამდე იკავებდა, ვიდრე გიორგი ერაძემ არ შეცვალა. შესაბამისად, ის სახელმწიფო საწარმოების CEO-ებს შორის თანამდებობას ყველაზე დიდხანს ინარჩუნებდა. ლევან ჩიკვაიძე ამჟამად კერძო საფოსტო ბიზნესშია.
„საქართველოს ფოსტის“ ბოლო აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კომპანიამ 2025 წელი 8.6 მლნ ლარის ზარალით დაასრულა, მაშინ როდესაც 2024 წელს 864 ათასი ლარის მოგება ჰქონდა. 2025 წელს კომპანიის ამონაგებმა 82.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 3.5%-ით ნაკლებია. შემოსავლების შემცირების ძირითადი მიზეზი საფოსტო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლის 55.8 მლნ-დან 52.3 მლნ ლარამდე კლება იყო. ამავე პერიოდში გადაზიდვებისა და საამანათო მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი 29.3 მლნ-დან 29.7 მლნ ლარამდე გაიზარდა.
2025 წელს კომპანიის პერსონალზე გაწეული ხარჯი 39.7 მლნ ლარს შეადგენდა, რაც 2024 წლის მაჩვენებელზე დაახლოებით 4 მლნ ლარით მეტია. წლის ბოლოს „საქართველოს ფოსტის“ აქტივების მოცულობა 92.7 მლნ ლარი, საკუთარი კაპიტალი 71.2 მლნ ლარი, ხოლო ვალდებულებები 21.4 მლნ ლარი იყო. დაგროვილმა ზარალმა 20.6 მლნ ლარს მიაღწია. პრემიერის განცხადებით, მიმდინარე წლის შედეგი ამ მაჩვენებლების ფონზე პირველად უნდა გადავიდეს მოგების ზონაში.
ციტატები სტატიიდან
„გამოძიება მიმდინარეობს“
„[საქართველოს ფოსტაში] შუამავალი კომპანიები კორუფციის კარგი საშუალება იყო“
„შუამავალ კომპანიებში გატანილი იყო მთელი რიგი სერვისები. ეს შუამავალი კომპანიები კორუფციის კარგი საშუალება იყო. ამას ალბათ შესაბამისი უწყებები დაადგენენ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.