თენგიზ შარმანაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე - ჩვენი პასუხია, რომ გამოგონილი ტყუილია - ვერანაირი სანქცია ეროვნული ინტერესების დაცვაზე ხელს ვერ აგვაღებინებს და თუ აქამდე ვერ დარწმუნდნენ ამაში, კიდევ დაგვემუქრონ
„ქართული ოცნების“ დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციის შესწორებებს გამოგონილ ტყუილს უწოდებს და აცხადებს, რომ სანქციების მუქარის მიუხედავად, ხელისუფლება ეროვნული ინტერესების დაცვაზე ხელს არ აიღებს.

ჩვენ ვპასუხობთ, რომ ეს არის გამოგონილი ტყუილი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის რეზოლუციაში შეტანილ შესწორებებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, “დოკუმენტში მოყვანილი ცნობები სიმართლეს არ შეესაბამება და სანქციების მუქარის მიუხედავად, ხელისუფლება ეროვნული ინტერესების დაცვაზე უარს არ იტყვის”.
„ჩვენ ვპასუხობთ, რომ ეს არის გამოგონილი ტყუილი. როგორც იყო ტყუილი, რომ მიხეილ სააკაშვილი კვდებოდა საავადმყოფოში, დღეები ჰქონდა დარჩენილი და მერე აღმოჩნდა, რომ უზარმაზარი ლიდერია ისევ თავისი პარტიის. მისი დირექტივები დღეში ხუთი მოდის. მე მგონი პრემიერ-მინისტრიც ვერ ახერხებს იმდენი პოლიტიკური განცხადების გაკეთებას გარეთ, რასაც ის ახერხებს შიგნით, ციხეში. არავინ მის სიკვდილს არ ელოდება და ღმერთმა არ ქნას, ჩვენც ჯანმრთელობას ვუსურვებთ. ასეთივე ტყუილია [რეზოლუციაც].
გახსოვთ, განცხადება ლონდონის ოპერის ხელმძღვანელს რომ გაავრცელებინეს, ბურჭულაძე დააპატიმრეს, იმიტომ რომ ოპერიდან არია შეასრულა აქციაზეო. არ ვიცი რომელი ოპერიდან არის ეს არია, წავიდეთ და ჩავიბაროთ გასაღები პრეზიდენტის სასახლის და მერე საერთოდ მთელი ხელისუფლება დღის ოთხში უნდა დავიწყოთ და დავასრულოთო. საინტერესო ოპერაა, თუ მიგვითითებს ის ლონდონის ოპერის ხელმძღვანელი, წავალთ და ჩვენც ვნახავთ. ასეთივე სიმართლეა ის, რომ ისინი არიან პოლიტპატიმრები.
სიმართლე ერთია, ვერანაირი სანქცია ჩვენ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაზე ხელს ვერ აგვაღებინებს. თუ აქამდე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვერ დარწმუნდნენ ამაში, კიდევ დაგვემუქრონ. მაგრამ ჩვენ მაინც გავაკეთებთ იმას, რაც მიგვაჩნია, რომ არის ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისი”, - განაცხადა შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციაში შეტანილი შესწორებების თანახმად, ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ბარამიძის, ნიკა მელიას, ელენე ხოშტარიას, მზია ამაღლობელისა და დაკავებული მშვიდობიანი დემონსტრანტების გათავისუფლებას ითხოვენ. დოკუმენტის მიხედვით, ევროპარლამენტი დაკავებულთა ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს და მათთვის დამოუკიდებელ ექიმებთან შეუფერხებელ წვდომას მოითხოვს.
გარდა ამისა, შესწორებებით ევროპარლამენტი ევროკავშირს კოორდინირებული პასუხის შენარჩუნებისა და მიზნობრივი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, კახა კალაძის, სხვა მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი თუ სასამართლო სტრუქტურების წარმომადგენლების წინააღმდეგ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…