ევროკომისიას ყულევის სანქციებიდან ამოღება სურს, კობახიძე მიესალმება
ევროკომისია წევრ ქვეყნებს ყულევის ქარხნის სასანქციო სიიდან ამოღებას სთავაზობს, რასაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მიესალმება და გადაწყვეტილებას ლოგიკურს უწოდებს.

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე აცხადებს: „აბსოლუტურად ლოგიკურია ამ ეკონომიკური ობიექტის ამოღება სასანქციო სიიდან. ამას, რა თქმა უნდა, მივესალმებით“.
ევროკომისიის რეკომენდაცია
ევროკომისიამ წევრ ქვეყნებს გაუზიარა წინადადებები რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ სანქციათა 22-ე პაკეტისთვის. როგორც ევროკომისიის ხელმძღვანელი ურზულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, იგეგმება SWIFT-ის სისტემისგან რუსეთის 60-მდე ბანკის გამოთიშვა.
გამოცემა Kyiv Independent-ის ცნობით, ამ პაკეტში ევროკომისია წევრ ქვეყნებს სთავაზობს, რომ ყულევის ქარხანა სასანქციო სიიდან ამოიღონ.
გამოცემის თანახმადვე, გასულ კვირას ევროკომისიის მაღალჩინოსანმა გაუზიარა დეტალები ანონიმურობის დაცვის პირობით, ყულევის ქარხანასთან დაკავშირებით კი ეწერა:
„ევროკავშირის სანქციების საფრთხეს საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ უპასუხა ნავთობის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციითა და რუსულ ნავთობზე დამოკიდებულების შემცირებით“.
„ამჟამად ქარხანა ნავთობს რუსეთის ნაცვლად ლიბიიდან იღებს. სწორედ ამის საფუძველზე ევროკომისიამ წამოაყენა წინადადება, რომ ქვეყნებმა ყულევის ქარხანა სანქცირებული სუბიექტების სიიდან ამოიღონ“.
რა თქვა კობახიძემ
ირაკლი კობახიძეს 24 ნოემბერს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, როგორ შეაფასებს ევროკომისიის ამ რეკომენდაციას: „მხოლოდ დადებითად. აი, ხედავთ, არის ევროკომისიის კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს“, - თქვა მან.
„ჩვენ ვსაუბრობდით ამ თემაზე. მაშინაც გამოდიოდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მედიასაშუალებები და აღტყინებით საუბრობდნენ იმაზე, რომ ყულევი ხვდებოდა სანქციების სიაში.
ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არ ეფუძნებოდა ფაქტებს, იყო ტყუილზე დაფუძნებული, რაც საბოლოო ჯამში დასტურდება იმით, რომ იცვლება ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა პრემიერმა.
რას ამბობდა აქამდე ევროკომისია
2026 წლის 23 ივლისს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაც შეიყვანა.
თუმცა ევროკავშირის გადაწყვეტილებით, სანქციების ამოქმედების თარიღად 2027 წლის 25 იანვარი განისაზღვრა.
ევროკომისიამ განმარტა, რომ გარდამავალი პერიოდი ქარხანას რუსული ნავთობის სხვა წარმოშობის ნედლეულით ჩანაცვლების შესაძლებლობას მისცემდა.
ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ითვალისწინებდა ქარხანასთან დაკავშირებული ტრანზაქციების აკრძალვას.
თუმცა, თუ კომპანია რუსული ნავთობის გადამუშავებას შეწყვეტდა და ევროკავშირს შესაბამის მტკიცებულებებს წარუდგენდა, შესაძლებელი იქნებოდა სანქციების სიაში მისი ყოფნის საკითხის გადახედვა.
სანქციების პაკეტის მიღებამდე, 1 ივლისს, Black Sea Petroleum-მა განაცხადა, რომ აგვისტო-სექტემბრიდან მთლიანად არარუსული წარმოშობის ნავთობის გადამუშავებაზე გადასვლას გეგმავდა.
28 აგვისტოს კომპანიაში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ 23 აგვისტოდან რუსული ნედლი ნავთობი სრულად ჩაანაცვლეს.
კომპანიის განმარტებით, ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ორთვიანი გარდამავალი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც რუსულ ნედლეულთან ერთად ყაზახურ ნავთობსაც ამუშავებდნენ.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიაევროკომისია წევრ ქვეყნებს ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქციების სიიდან ამოღებას სთავაზობს
მედიის ცნობით, ევროკომისია ევროკავშირის ქვეყნებს ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სასანქციო სიიდან ამოღებას სთავაზობს
ევროკომისია ყულევის ტერმინალის ევროკავშირის სანქციების სიიდან ამოღების ინიციატივით გამოდის
EU ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის სასანქციო სიიდან ამოღებას აპირებს - ეს ძალიან კარგია|რომან გოცირიძე
ევროკომისია ყულევის ქარხნის ევროკავშირის სანქციების სიიდან ამოღების ინიციატივით გამოდის
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…