წინასწარი შედეგები - ადგილობრივ საპარლამენტო არჩევნებში ბერლინში “მემარცხენე პარტია” ლიდერობს, მეკლენბურგ-წინა პომერანიაში - „ალტერნატივა გერმანიისთვის“
მეკლენბურგ-წინა პომერანიის მხარის საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) 38.2%-ით გაიმარჯვა, ხოლო „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ (SPD) 35.5% მიიღო. კანცლერ ფრიდრიხ მერცის „ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა“ (CDU) პარლამენტში მოხვედრა ვერ შეძლო. პარლამენტში ასევე მოხვდნენ „მემარცხენე პარტია“ და „მწვანეთა პარტია“. ბერლინში ჩატარებულ არჩევნებში კი „მემარცხენე პარტია“ ლიდერობს.

მეკლენბურგ-წინა პომერანიის მხარის საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიამ, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD), გაიმარჯვა, - ინფორმაციას Deutsche Welle საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
საარჩევნო კომისიის მიერ დღეს დილით გამოცხადებული წინასწარი შედეგების თანახმად, კვირას გამართულ არჩევნებში AfD-მ ხმების 38,2% მიიღო. “სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ” (SPD) კი, რომელსაც მხარის პრემიერ-მინისტრი მანუელა შვეზიგი ხელმძღვანელობს, ხმების 35.5% მოიპოვა.
წინასწარი შედეგების თანახმად, მხარის პარლამენტში მოხვედრა კიდევ ორმა პარტიამ შეძლო: სოციალისტურმა „მემარცხენე პარტიამ“ (6.5%) და „მწვანეთა პარტიამ“ (5.7%).
Deutsche Welle წერს, რომ კანცლერ ფრიდრიხ მერცის “ქრისტიან-დემკრატიულმა კავშირმა” (CDU) კატასტროფული მარცხი განიცადა და პარლამენტში ადგილის მოპოვება ვერ შეძლო, რადგან არჩევნებში ხმების მხოლოდ 4.9% მიიღო.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მხარის ახალ პარლამენტში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ 32 მანდატს მოიპოვებს, “სოციალ-დემოკრატიული პარტია” - 29-ს, „მემარცხენე პარტია“ და „მწვანეები“ კი - ხუთ-ხუთს.
ამასთან, წინასწარი შედეგებით, ბერლინში „მემარცხენე პარტიამ“ ხმების 25.3% მიიღო, “ქრისტიან-დემკრატიულმა კავშირმა” - 19%, პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ - 16%, “სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ” - 12.1%.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.