პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

Le Monde: გამოვლენილია 50-მდე რუსი და უკრაინელი, რომლებმაც ყალბი რუმინული დოკუმენტების წყალობით ევროკავშირის ტერიტორიაზე უკანონო საქმიანობის შესაძლებლობა მიიღეს - მათ შორის არიან კრიმინალები, უკრაინის მიერ სახელმწიფო ღალატში ბრალდებული პირები, ასევე რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული და საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი ბიზნესმენები

Le Monde-ისა და ევროპული მედიის გამოძიებით, ყალბი რუმინული საბუთებით ევროკავშირში უკანონოდ 50-მდე რუსი და უკრაინელი საქმიანობდა. მათ შორის არიან კრიმინალები, კრემლთან დაახლოებული და სანქცირებული პირები.

Le Monde: გამოვლენილია 50-მდე რუსი და უკრაინელი, რომლებმაც ყალბი რუმინული დოკუმენტების წყალობით ევროკავშირის ტერიტორიაზე უკანონო საქმიანობის შესაძლებლობა მიიღეს - მათ შორის არიან კრიმინალები, უკრაინის მიერ სახელმწიფო ღალატში ბრალდებული პირები, ასევე რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული და საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი ბიზნესმენები
იმედინიუსი

ფრანგულმა გამოცემა Le Monde-მა და უკრაინის, რუმინეთის, მოლდოვის, ნიდერლანდებისა და სლოვაკეთის ხუთმა მედიასაშუალებამ გამოავლინეს ორმოცდაათამდე რუსი და უკრაინელი, რომლებმაც ყალბი რუმინული დოკუმენტების წყალობით ევროკავშირის ტერიტორიაზე უკანონო საქმიანობის შესაძლებლობა მიიღეს.

მათ შორის არიან კრიმინალები, უკრაინის მიერ სახელმწიფო ღალატში ბრალდებული პირები, ასევე რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული და საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი ბიზნესმენები.

1991 წლიდან რუმინეთის მოქალაქეობის კანონიერი გზით მიღება შესაძლებელი გახდა იმ შემთხვევაში, თუ პირი დაამტკიცებდა, რომ მისი ერთ-ერთი წინაპარი 1918-დან 1940 წლამდე პერიოდში ყოფილი რუმინეთის სამეფოს ტერიტორიაზე (დღევანდელი მოლდოვისა და უკრაინის ნაწილი) დაიბადა ან ცხოვრობდა. რუმინეთის მოქალაქეობის საკითხთა ეროვნული სამმართველოს (ANC) მონაცემებით, რუსეთის მოქალაქეების განაცხადების რაოდენობა მოქალაქეობის „აღდგენაზე“ 2021 წელს 1 947-დან 2023 წელს 6 658-მდე გაიზარდა, ხოლო 2024 წელს 4 574 შეადგინა.

თაღლითური სქემები ძირითადად ყალბი გენეალოგიური ცნობების წარდგენას ეფუძნებოდა. 2022 წლიდან ANC-მ თაღლითობის 3 255-ზე მეტი მცდელობა გამოავლინა. ბოლო პერიოდში კი გაჩნდა მეორე სქემაც, რომელიც მოქალაქეობის ყალბი მოწმობების გაცემას უკავშირდება - ამ გზით უკვე სულ მცირე 300-მა ადამიანმა, უმეტესად რუსებმა, ისარგებლა. Le Monde-ის წყაროს ცნობით, WhatsApp-ისა და Telegram-ის მეშვეობით შუამავლები 50 000-დან 70 000 ევრომდე თანხის სანაცვლოდ მოქალაქეობის რამდენიმე კვირაში გაფორმებას ჰპირდებიან.

ჟურნალისტების მიერ იდენტიფიცირებულ პირებს შორისაა 43 წლის შამილ მუსაევი, რომელიც რუსეთში „დამნაშავეთა“ სიაში ფიგურირებს. მან 2023 წელს რუმინული პასპორტი ყალბი მოწმობის საფუძველზე მიიღო და 2023-2025 წლებში რუმინეთში კურიერად მუშაობდა, ასევე მოგზაურობდა საფრანგეთსა და ესპანეთში. დაღესტნის კიდევ ერთი მკვიდრი, რომელმაც ანალოგიური ყალბი საბუთები მიიღო, რუსეთის ხელისუფლების მიერ დანაშაულებრივ და ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირშია ეჭვმიტანილი.

რუმინული მართლმსაჯულება დაინტერესებულია კრემლთან დაახლოებული ფიგურებითაც: მაირბეკ აბდულაზიზოვი: ჩეჩნური ელიტის წარმომადგენელი და რამზან კადიროვის გარემოცვის წევრი. იგი ჩეჩნეთის სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის ტერიტორიული ფონდის დირექტორის მრჩეველია. „ნოვაია გაზეტას“ ცნობით, ეს ორგანიზაცია ჩეჩნეთში მსხვილი გაუმჭვირვალე ფინანსური ნაკადების არხს წარმოადგენს.

კირილ სელეზნიოვი: „გაზპრომის“ ყოფილი ხელმძღვანელი (2002-2019 წლებში) და კომპანია RusChemAlliance-ის თავმჯდომარე. იგი აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების ქვეშ იმყოფება, ხოლო 2025 წლიდან რუსეთში 150 მილიარდი რუბლის (1.6 მილიარდი ევრო) გაფლანგვაში ედება ბრალი.

დიმიტრი რუდენკო და მისი ოჯახი: რუდენკო 2025 წლის აპრილამდე ხელმძღვანელობდა სანქტ-პეტერბურგში მდებარე ევროკავშირის მიერ სანქცირებულ სახელმწიფო საწარმოს - „ტექნოლოგს“, რომელიც ტანკების ჭურვებისა და რუსული რაკეტებისთვის ასაფეთქებელ ნივთიერებებს ქმნის. უკრაინის სანქციების ქვეშ მყოფმა ბიზნესმენმა რუმინული დოკუმენტები, სავარაუდოდ, 2024 წელს უკანონოდ მიიღო. ყალბი მოწმობები აქვთ მის ყოფილ მეუღლეს (რომელიც საფრანგეთში ორ ბინას ფლობს), ორ ქალიშვილსა და ვაჟს პირველი ქორწინებიდან.

საქმეში უკრაინის მოქალაქეებიც ფიგურირებენ, რომელთა ნაწილს კიევი სახელმწიფო ღალატსა და რუსული აგრესიის გამართლებაში ადანაშაულებს. კერძოდ, საუბარია 2014 წელს უკრაინაში შექმნილი ორგანიზაცია „ალატრას“ ოთხ დამფუძნებელზე, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება რელიგიურ სექტად მიიჩნევს. 2023 წლის ნოემბერში უკრაინელმა სამართალდამცველებმა ამ ორგანიზაციის ოცამდე უჯრედი გაანადგურეს, ჩხრეკისას კი პრორუსული ლიტერატურა, იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებები ამოიღეს. სლოვაკური პრესის ცნობით, „ალატრას“ ოთხი ლიდერი 2022 წლის გაზაფხულზე სლოვაკეთში გაიქცა, მათთან დაკავშირებული ორგანიზაციები კი დღემდე მოქმედებენ ჩეხეთსა და საფრანგეთში.

ამჟამად რუმინეთში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ანულირების ასობით პროცედურა მიმდინარეობს. რუსეთისა და უკრაინის რამდენიმე მოქალაქეს საბუთები უკვე ჩამოერთვა, რამდენიმე პირს კი ყალბი დოკუმენტების გამოყენებისთვის თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სასამართლო მასალები ავლენს ადვოკატების, ნოტარიუსების, სამოქალაქო რეესტრის თანამშრომლებისა და შუამავლების ფართო ქსელს რუმინეთში, მოლდოვასა და უკრაინაში. სქემაში ჩართულნი იყვნენ რუმინული სოფლების მცხოვრებლებიც, რომლებიც გასამრჯელოს სანაცვლოდ ყალბი საბუთების მიმღებებს საკუთარ მისამართებზე წერდნენ. რუმინეთის მართლმსაჯულებამ საერთაშორისო ორდერი გასცა უკრაინის მოქალაქის დასაკავებლადაც, რომელიც რუსეთის 839 მოქალაქისთვის დოკუმენტების გაფორმებაში შუამავლობაშია ეჭვმიტანილი.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ქრთამის აღება, გამოძალვა, ფულის გათეთრება, ადამიანების გატაცება და წამება - უკრაინაში დანაშაულებრივ სინდიკატს კრიმინალები მაღალჩინოსნებთან ერთად ხელმძღვანელობდნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები