ბერლინსა და მეკლენბურგ-წინა პომერანიის მხარეში ადგილობრივი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
გერმანიაში, დედაქალაქ ბერლინსა და მეკლენბურგ-წინა პომერანიის მხარეში რეგიონული საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. Deutsche Welle-ს ინფორმაციით, მეკლენბურგ-წინა პომერანიაში მთავარი დაპირისპირება სოციალ-დემოკრატებსა და ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ შორის მიმდინარეობს, სადაც გამოკითხვების მიხედვით AfD ლიდერობს. ბერლინში კი საარჩევნო კამპანიაში ჩვიდმეტი პარტია მონაწილეობს.

გერმანიაში, დედაქალაქ ბერლინსა და მეკლენბურგ-წინა პომერანიის მხარეში რეგიონული საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.
Deutsche Welle-ს ინფორმაციით, მთავარი კანდიდატები არიან მანუელა შვესიგი “სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან”, რომელიც ფედერალური მხარის მოქმედი პრემიერ-მინისტრია, ლეიფ-ერიკ ჰოლმი - „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) კანდიდატი პრემიერ-მინისტრის პოსტზე (რომელსაც პარტია მთავრობის მეთაურად წარადგენს, მთავრობის ფორმირების შესაძლებლობის შემთხვევაში), დანიელ პეტერსი - “ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის” საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელი მხარის პარლამენტში და სიმონ ოლდენბურგი „მემარცხენეებიდან“, რომელიც მხარის განათლების მოქმედი მინისტრია.
გამოცემა წერს, რომ მეკლენბურგ-წინა პომერანიაში მთავარი დაპირისპირება მიმდინარეობს “სოციალ-დემოკრატებსა” (SPD) და ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) შორის. გამოკითხვების თანახმად, AfD-ის მხარდაჭერა დაახლოებით 37%-ს შეადგენს, “სოციალ-დემოკრატიული პარტიის” კი - 33%-ს.
„ვითარება სერიოზულია. AfD ზიანს მიაყენებს ჩვენს ეკონომიკასა და სოციალურ ერთიანობას. მათი უხეში რიტორიკა, სიძულვილი და შუღლის გაღვივება საზოგადოებას ხლეჩს; კვლავ იზრდება ძალადობისკენ მიდრეკილება, რაც განსაკუთრებით ჩვენზე, ქალებზე იქონიებს გავლენას“- განუცხადა შვესიგმა Deutsche Welle-ს.
ბერლინის არჩევნებში მონაწილეობას ჩვიდმეტი პარტია იღებს, მათ შორის — „მემარცხენე პარტია“, “ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი” და „ალტერნატივა გერმანიისთვის“.
Deutsche Welle წერს, რომ საარჩევნო კამპანიაში ამ დრომდე დომინირებს დაპირისპირება ულტრა-მემარცხენე „მემარცხენე პარტიასა“ და კანცლერ ფრიდრიხ მერცის ცენტრისტულ-მემარჯვენე „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს“ (CDU) შორის.
ბოლო კვირების გამოკითხვების თანახმად, ორივე პარტია თითქმის თანაბარ პოზიციებზეა. რაც შეეხება პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“, გამოკითხვების თანახმად, ის მესამე ადგილზეა. „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის” მთავარი კანდიდატია შტეფან ევერსი მას შემდეგ, რაც მოქმედმა მერმა, კაი ვეგნერმა, კანდიდატურა მოხსნა. „მემარცხენე პარტიის” კანდიდატი კი ელიფ ერალპია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.