რევაზ სოხაძე: ხაშურის მოსახლეობას ბოდიშს ვუხდი შექმნილი დისკომფორტისთვის - პროექტის პირველი ეტაპი 2027 წელს დასრულდება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ხაშურის მოსახლეობას წყალმომარაგების პროექტით შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიში მოუხადა. მისი თქმით, სამუშაოების პირველი ეტაპი 2027 წელს, ხოლო სრული მოწესრიგება 2028 წლისთვის დასრულდება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, გადაცემა „ღია ეთერში“ ხაშურში მიმდინარე წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქალაქის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.
მინისტრის თქმით, ხაშურში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, თუმცაშესაძლებელი იყო სამუშაოები უკეთესად დაგეგმილიყო, რათა ქალაქის მასშტაბით მოსახლეობას ნაკლები დისკომფორტი შეჰქმნოდა.
„ხაშურის მოსახლეობას ბოდიშს ვუხდი იმ დისკომფორტისთვის, რომელიც ამ პროექტმა გამოიწვია. მსგავსი მასშტაბის სამუშაოების განხორციელებას გარკვეული შეზღუდვები ყოველთვის ახლავს, თუმცა ჩვენი ამოცანაა, რომ მომავალში ასეთი პროექტები გაცილებით უკეთ დაიგეგმოს და მოსახლეობაზე გავლენა მინიმუმამდე შემცირდეს,“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
მისი თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობდა და ქალაქის რამდენიმე ქუჩა უკვე მოწესრიგდა, ხოლო დანარჩენ ლოკაციებზე სარეაბილიტაციო პროცესები აქტიურად გრძელდება. რევაზ სოხაძის განცხადებით, ხაშურში არამხოლოდ წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ქსელის განახლება მიმდინარეობს, არამედ შენდება თანამედროვე გამწმენდი ნაგებობაც, რომელიც პროექტის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს.
მინისტრის თქმით, მთავრობის გადაწყვეტილებით, უახლოეს წლებში საქართველოსქალაქებსა და საკურორტო ზონებში ეტაპობრივად მოეწყობა თანამედროვე წყალარინების სისტემები და გამწმენდი ნაგებობები, რაც ქვეყნის ეკოლოგიური და ინფრასტრუქტურული განვითარებისათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს.
„ეს მრავალმილიარდიანი ინვესტიციაა, თუმცა აუცილებელი პროექტია ქვეყნისთვის. ხაშურში მიმდინარე სამუშაოები სწორედ ამ დიდი პროგრამის ნაწილია,“ – აღნიშნა მან.
მინისტრის ინფორმაციით, ხაშურში პროექტის პირველი მნიშვნელოვანი ეტაპი 2027 წელს დასრულდება, ხოლო წყალმომარაგებისა დაწყალარინების სისტემის სრულად მოწესრიგება 2028 წლისთვის იგეგმება. პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქის მოსახლეობა თანამედროვე და გამართულ წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემით ისარგებლებს.
ციტატები სტატიიდან
„ხაშურის მოსახლეობას ბოდიშს ვუხდი იმ დისკომფორტისთვის, რომელიც ამ პროექტმა გამოიწვია. მსგავსი მასშტაბის სამუშაოების განხორციელებას გარკვეული შეზღუდვები ყოველთვის ახლავს, თუმცა ჩვენი ამოცანაა, რომ მომავალში ასეთი პროექტები გაცილებით უკეთ დაიგეგმოს და მოსახლეობაზე გავლენა მინიმუმამდე შემცირდეს,“
„ეს მრავალმილიარდიანი ინვესტიციაა, თუმცა აუცილებელი პროექტია ქვეყნისთვის. ხაშურში მიმდინარე სამუშაოები სწორედ ამ დიდი პროგრამის ნაწილია,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.