ნინოწმინდასა და მუნიციპალიტეტის სამ სოფელში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოების 82% შესრულებულია
ნინოწმინდასა და სამ სოფელში 40.2 მილიონი ლარის ღირებულების წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების 82% უკვე შესრულებულია, რის შედეგადაც 6 900 ბენეფიციარი უწყვეტი წყლით ისარგებლებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძესთან, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ იოსებ ალიბეგაშვილთან და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორ ბესიკ ჯიქურაულთან ერთად, ნინოწმინდის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ნინოწმინდასა და მუნიციპალიტეტის სამ სოფელში - დიდ ხანჩალში, კათნატუსა და ოროჯოლარში წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციას ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში სამუშაოების 82% უკვე შესრულებულია. დასრულებულია რამდენიმე სათავე ნაგებობის, სატუმბი სადგურისა და რეზერვუარის სამშენებლო და ტექნოლოგიური სამუშაოები, ასევე ეშტია–ნინოწმინდის 11-კილომეტრიანი წყალმომარაგების მაგისტრალის მოწყობა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს მაგისტრალური მილსადენებისა და წყალგამანაწილებელი ქსელების მოწყობა, წყლის აღრიცხვის სისტემის გამართვა და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები.
პროექტის დასრულების შემდეგ, დაახლოებით 6 900 ბენეფიციარი 24-საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
პროექტის ღირებულება დაახლოებით 40.2 მილიონი ლარია, ხოლო სამუშაოების დასრულება 2027 წლის აგვისტოშია დაგეგმილი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…