თურქეთში ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს, მას საქართველოში დააბრუნებენ
თურქეთში, აეროპორტში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს, რის შემდეგაც მას საქართველოში დააბრუნებენ — პოლიტიკოსის თქმით, მას თურქეთში შესვლაზე 5-წლიანი აკრძალვა აქვს დაწესებული საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან მიღებული ინფორმაციის გამო.

ALDE-ს წევრია ზურაბ ჯაფარიძის პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლება“.
ორგანიზაციის განცხადებით, ჯაფარიძე თურქეთში, აეროპორტში დააკავეს, რის შემდეგაც საკანში მოათავსეს, პასპორტი და ბარგი ჩამოართვეს. მას 15 ოქტომბერს საქართველოში დააბრუნებენ, წერს ALDE.
ჯაფარიძე სტამბოლის გავლით ბრიუსელში მიემგზავრებოდა, სადაც მიწვეული იყო „განაახლე ევროპის“ (Renew Europe) ლიდერთა სამიტზე. ეს ევროპარლამენტის ლიბერალური პოლიტიკური ჯგუფია. სამიტი 15 ოქტომბერს გაიმართება.
„ვწუხვართ, რომ ის მონაწილეობას ვერ მიიღებს [სამიტში]. სამწუხაროა, რომ კვლავ გრძელდება ამგვარი ზეწოლა ოპოზიციური პარტიების საქმიანობასა და გადაადგილებაზე, რომლებიც თავიანთი ქვეყნის პროევროპული და დემოკრატიული მომავლისკენ ისწრაფვიან“, - ნათქვამია ალდეს განცხადებაში.
მოგვიანებით სოციალურ ქსელში პოსტი თავად ზურაბ ჯაფარიძემაც გამოაქვეყნა. მისი თქმით, თურქეთში ავიაკომპანიის შეცვლა უწევდა, დაკავების მიზეზი კი ქვეყანაში შესვლის აკრძალვა გახდა, რომელიც 2025 წლის ნოემბრიდან მოქმედებს.
„საზღვარზე დამაკავეს. როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან ბანი მადევს თურქეთში შესვლაზე. რაღაც ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფოციალური სტრუქტურებიდან.
ხვალ დილით მაბრუნებენ თბილისში.
სამწუხაროდ, მნიშვნელოვანი შეხვედრების შესაძლებლობა დავკარგე.
სხვა არაფერი სანერვიულო", - დაწერა ჯაფარიძემ.
მან დოკუმენტის ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშბნულია, რომ თურქეთში შესვლა აკრძალული აქვს 5 წლის ვადით.
რადიო თავისუფლება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა კითხვით, გადაეცა თუ არა უცხო ქვეყნებს, მათ შორის თურქეთს, ინფორმაცია ზურაბ ჯაფარიძის წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების შესახებ. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
რა საქმეზეა ბრალდებული ჯაფარიძე?
ზურაბ ჯაფარიძე საპატიმროდან 2025 წლის 19 დეკემბერს, შვიდთვიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა. მას პატიმრობა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო ჰქონდა მისჯილი.
პატიმრობის პერიოდში, 2025 წლის ნოემბერში, ჯაფარიძეს ახალი ბრალდებებიც წარუდგინეს: „საბოტაჟისა“ და „უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების“ მუხლებით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
პროკურატურა ჯაფარიძეს სხვა ოპოზიციონერებთან ერთად უცხო ქვეყნების წარმომადგენლებისთვის საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საზიანო ინფორმაციის მიწოდებას ედავება. პოლიტიკოსი ბრალდებებს უარყოფს.
ზურაბ ჯაფარიძეს საქართველოს დატოვება მხოლოდ პროკურატურის თანხმობით შეუძლია. ასეთი თანხმობის მიღების შესახებ ის, მაგალითად, 20 სექტემბერს წერდა, როდესაც ვილნიუსში გამგზავრებას გეგმავდა.
საქართველოსა და თურქეთის საპოლიციო თანამშრომლობა
რადიო თავისუფლებამ ჯერ კიდევ 2026 წლის აპრილში გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმადაც, საქართველოს ხელისუფლებამ ინტერპოლის სისტემის მეშვეობით თურქეთს ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და გიორგი ვაშაძის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ქართულმა მხარემ ანკარის ინტერპოლს 2025 წლის 7 მაისს მიმართა. თურქული მხარის პასუხში აღნიშნული იყო, რომ სამივე პოლიტიკოსი ქვეყანაში არ იმყოფებოდა და საქართველოს შეტყობინება შესაბამის უწყებებს გადაეგზავნა, რათა ისინი საზღვრის კვეთის აკრძალვის სიაში შეეყვანათ.
ჯაფარიძე მაშინ ამბობდა, რომ არ იცოდა, შეიყვანეს თუ არა ამ სიაში. ის არ გამორიცხავდა, რომ საზღვარგარეთ გადაადგილებისას პრობლემები შექმნოდა და დაეკავებინათ.
რადიო თავისუფლება ასევე წერდა საქართველოსა და თურქეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის გააქტიურებული თანამშრომლობის შესახებ.
მხოლოდ აგვისტო-სექტემბერში საქართველოს შსს-მ თურქეთის მიერ ძებნილი პირების დაკავების ან გამოვლენის შესახებ ცხრა განცხადება გაავრცელა. სექტემბერში თბილისს თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრიც ეწვია, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოდან თურქეთში ჯამში 866 ადამიანის გადაცემისა და დეპორტაციის პროცედურები განხორციელდა, მათგან 438 მხოლოდ 2026 წელს.
საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის Freedom House-ი, არაერთხელ მიუთითებდნენ, რომ ინტერპოლის წევრი ზოგიერთი სახელმწიფო, მათ შორის რუსეთი და თურქეთი, ორგანიზაციის მექანიზმებს საზღვარგარეთ პოლიტიკური ოპონენტებისა და კრიტიკოსების დევნისთვის იყენებდა.
ციტატები სტატიიდან
„ვწუხვართ, რომ ის მონაწილეობას ვერ მიიღებს [სამიტში]. სამწუხაროა, რომ კვლავ გრძელდება ამგვარი ზეწოლა ოპოზიციური პარტიების საქმიანობასა და გადაადგილებაზე, რომლებიც თავიანთი ქვეყნის პროევროპული და დემოკრატიული მომავლისკენ ისწრაფვიან“
„საზღვარზე დამაკავეს. როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან ბანი მადევს თურქეთში შესვლაზე. რაღაც ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფოციალური სტრუქტურებიდან. ხვალ დილით მაბრუნებენ თბილისში. სამწუხაროდ, მნიშვნელოვანი შეხვედრების შესაძლებლობა დავკარგე. სხვა არაფერი სანერვიულო“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.