კულტურის მინისტრის მოადგილე ნათია შამათავამ, რომში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა
საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე ნათია შამათავა რომში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა და იტალიელ კოლეგებთან გამოფენების გაცვლასა და კულტურული კავშირების გაღრმავებაზე შეხვედრები გამართა.

საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე ნათია შამათავა, რომში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, იტალიის კულტურის სამინისტროს კულტურული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსს, მასიმო ოსანას, ამავე დეპარტამენტის კულტურული საქმიანობისა და საავტორო უფლებების კოორდინაციის სამსახურის ხელმძღვანელს, ფრანჩესკა საკონეს და რომის ეროვნული მუზეუმების დირექტორატის ხელმძღვანელს, ლუკა მერკურის შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამოფენების გაცვლის მიმართულებას, რაც ხელს შეუწყობს კულტურული კავშირების გაძლიერებას, გამოცდილების გაზიარებასა და ორი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობისა და თანამედროვე შემოქმედების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას.
იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში თამარ ლილუაშვილი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის უფროსი სალომე ჯამბურია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.