პატიმარ დავითაძის დედის საგანგებო მიმართვა: ემუქრებიან რომ გააქრობენ, ჩემი შვილი საფრთხეშია
პატიმარ გიორგი დავითაძის დედა აცხადებს, რომ რუსთავის მეექვსე ციხეში მის შვილს ბადრაგები გაქრობით ემუქრებიან და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებენ, რის გამოც მის ლაითურის ციხეში დაუყოვნებლივ გადაყვანას ითხოვს.

პატიმარ გიორგი დავითაძის დედა შვილის ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხიდან ლაითურის ციხეზე გადაყვანას ითხოვს - ირმა დავითაძე ამბობს, რომ გიორგი დავითაძეს რუსთავის მეექვსე პენიტენციურ დაწესებულებაში საფრთხე ემუქრება, რადგან ბადრაგები მის მიმართ 10/15 წუთის ინტერვალით ახორციელებენ პროვოკაციას, აგინებენ ცოლ-შვილს და "გაქრობით ემუქრებიან".
როგორც ირმა დავითაძე სოციალურ ქსელში წერს, ეს ინფორმაცია მას რუსთავის ციხეში პატიმართან შესულმა ადვოკატმა, მარიკა არევაძემ გამოიტანა.
სასწრაფოდ მიიღედ ზომები ..თუ არ გინდათ გადაგწვათ ..არა კაცებო ..გიორგისგან ეხლა ხანს გამოვიდა მარიკა არევაძე ..მან გამოიტანა ეს იმფორმაცია …ბადრაგები ყოველ 10/15 წუთის ინტერვალით უღებენ ეგრედ წოდებულ კარმუშკას და აგინებენ .ცოლ შვილზე ))ემუქრებიან ბავშვებით ..რომ გააქრობენ ..რის საპასუხოთ გიორგიც აგინებს .. ..უწყობენ პროვოკაციას ფსიქოლოგიურ თუ ფიზიკურს …მოვითხოვ სასწრაფოდ გადაყვანილი იქნას ლაითურის ციხეზე ვინაიდან გიორგის საფრთხე ემუქრება მადლობა,, გადახდილი ჯალათი ბადრაგებისგან", - წერს ირმა დავითაძე.
განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა ადვოკატმა მარიკა არევაძემაც:
გიორგი დავითაძე ამბობს, რომ საკანში მყოფს, ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან აგინა, ჩამოართვეს ტელევიზორი
მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმე
2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ 36 წლის გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, რომ რუსთავის №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე დაახლოებით 10-მა ბადრაგმა სექსუალურად იძალადა.
უწყებამ იმავე დღეს გაავრცელა უხმო ვიდეო, რომელიც, მისი განცხადებით, 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის ოთახში მომხდარ შემთხვევას ასახავს. უწყება გაუპატიურებას კატეგორიულად უარყოფს.
უკმაყოფილებისა და განსჯის თემაა სახალხო დამცველის განცხადებაც, სადაც ის ამბობს, რომ გავრცელებულ მასალაში ძალადობისა და თითით გაუპატიურების მტკიცებულება ვერ დაინახა. TV პირველის შეკითხვაზე, არის თუ არა სხეულში „თითით შეღწევა“ დათვალიერების პროცედურის ნაწილი,ომბუდსმენმა გვითხრა, რომ ეს „დებულებაში უნდა ვნახოთ“.
სამოქალაქო ორგანიზაციებმა საქმის სრულყოფილი გამოძიება მოითხოვეს.
მსჯავრდებულის ოჯახის წევრები ხმოვანი ვიდეოს გავრცელებას ითხოვს და აქციებს მართავს.
რა დაადგინა შაბათის ეთერმა?
TV პირველის „შაბათის ეთერის“ ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ რუსთავის №6 მკაცრი რეჟიმის ციხის ზედამხედველი, რომელსაც პატიმარი გიორგი დავითაძე გაუპატიურებაში ადანაშაულებს („ბადრაგი თეთრი ხელთათმანებით“), სინამდვილეში 22 წლის გიორგი ვარაბიოვია და არა გიორგი კვარაცხელია, რა სახელითაც ის პატიმრებს ეცნობოდა.
ვარაბიოვის ბებიამ, მზია ყრუაშვილმა, „შაბათის ეთერთან“ დაადასტურა შვილიშვილის ვინაობა და აღნიშნა, რომ პენიტენციურ სისტემაში მათი ოჯახის სხვა წევრებიც მუშაობენ - ვარაბიოვის დედა, ეკატერინე ყრუაშვილი (ქალთა ციხეში) და დეიდა, შორენა ყრუაშვილი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.