ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

კობახიძე: ყეინიშვილსა და ივანიშვილს შორის არავითარი კავშირი არ არსებობს

ქართული ოცნებასაქართველოს ეროვნული ბანკისახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრ ნანა ყეინიშვილს ბიძინა ივანიშვილთან კავშირი არ აქვს, ხოლო სუსის ჩართულობაზე ინფორმაცია არ ჰქონდა. რადიო თავისუფლების გამოძიების თანახმად, ყეინიშვილი კრიპტოკომპანიის წილს ითხოვდა, უარის შემდეგ კი კომპანია სებმა 572 მლნ ლარით დააჯარიმა.

კობახიძე: ყეინიშვილსა და ივანიშვილს შორის არავითარი კავშირი არ არსებობს
კობახიძე: ყეინიშვილსა და ივანიშვილს შორის არავითარი კავშირი არ არსებობსრადიო თავისუფლება

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრ ნანა ყეინიშვილს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან არანაირი კავშირი არ აქვს.

პრემიერმა კობახიძემ 12 ოქტომბერს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე რადიო თავისუფლების შეკითხვაზე, - რომელიც ყეინიშვილის მიერ ივანიშვილთან ურთიერთობაზე ნათქვამს შეეხებოდა, - განაცხადა:

„მე ეს ნაწილი არ მომისმენია, თუმცა შემიძლია გითხრათ, არავითარი კავშირი არ არსებობს, არავითარი კომუნიკაცია არ არსებობს ნანა ყეინიშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის“.

რას ამბობს ყეინიშვილი ჩანაწერში

ნანა ყეინიშვილი ბიზნესმენ დავით ორჯონიკიძესთან შეხვედრაზე, - რაც ორჯონიკიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით 2024 წლის ივლისში ფარულად ჩაიწერა, - ამბობდა, რომ ივანიშვილთან ურთიერთობა აქვს:

- „გაქვთ ურთიერთობა კიდევ ბატონ ბიძინასთან? - ეკითხება მას ოქროპირიძე.

- „აბა? ჩემთვის ძალიან პატივსაცემი ადამიანია“.

ნანა ყეინიშვილი მის გავლენებზე და ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობაზე საუბრობს

by რადიო თავისუფლება

No media source currently available

0:00

0:01:29

0:00

კობახიძე: „არ მქონდა ინფორმაცია“

რადიო თავისუფლებამ ირაკლი კობახიძეს რამდენიმე ფაქტობრივი გარემოება ჩამოუთვალა და ჰკითხა:

ირაკლი კობახიძე პრემიერად აირჩიეს 2024 წლის 8 თებერვალს და მას შემდეგ ამბობს, რომ „დაიდოს [კორუფციის] ფაქტი და იქნება რეაგირება";

ყეინიშვილთან ფარული ჩანაწერი 2024 წლის ივლისში მომზადდა სუსთან შეთანხმებით დავით ორჯონიკიძის მიერ და 21 ივლისს წარედგინა სუსს;

რეაგირება არ მომხდარა რადიო თავისუფლების ჟურნალისტურ გამოძიებამდე - პროკურატურამ საჯარო განცხადება რედაქციის მიმართვების შემდეგ გააკეთა.

„რატომ არ ხდებოდა რეაგირება და სად ხედავთ თქვენს პასუხისმგებლობას“?

პრემიერმა ჩვენს შეკითხვას ასე უპასუხა:

„მე ვერ გეტყვით. მე არ მქონდა სუსის ჩართულობასთან დაკავშირებით არავითარი ინფორმაცია. პირველად გავიგე ეს, როდესაც მოვისმინე თვითონ ეს აუდიოჩანაწერი. კიდევ ერთხელ, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, როგორც კი გვექნება ფაქტი, მაშინვე გვექნება რეაგირება“, - თქვა მან.

„როგორც კი გავიგეთ ფაქტის შესახებ, მაშინვე რეაგირება იყო“, - განაცხადა კობახიძემ.

მოგვიანებით, იმავე ბრიფინგზე, კობახიძემ სხვა კითხვაზე პასუხად თქვა, რომ დაინტერესდება, სუსმა რატომ არ მიაწოდა ეს ინფორმაცია.

კომპანიამ სებსაც მიმართა

ორჯონიკიძის „ბიტექსჩეინჯმა“ 2026 წლის 16 ივლისს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს მისწერა 25 გვერდის მოცულობის წერილი, რომელშიც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთან, ნანა ყეინიშვილთან, ურთიერთობებს დეტალურად აღწერდა.

წერილში ჰყვებოდნენ, როგორ ცდილობდა ყეინიშვილი მათი კომპანიის წილის მიღებას და როგორ ერეოდნენ ბანკის რეგულირებული სუბიექტების მართვაში ყეინიშვილი და მისი ოჯახის წევრები.

„ბიტექსჩეინჯის“ დირექტორი ბანკის პრეზიდენტს, ნათელა თურნავას, სამართლებრივ რეაგირებას სთხოვდა.

რადიო თავისუფლების ჟურნალისტური გამოძიება

რადიო თავისუფლება ორი თვის განმავლობაში ამზადებდა ჟურნალისტურ გამოძიებას იმის შესახებ, თუ როგორ ითხოვდა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული კრიპტოკომპანიის ბიზნესის წილს.

კომპანიის მფლობელმა წილის დათმობაზე უარი თქვა, რის შემდეგაც ეროვნულმა ბანკმა კომპანია 572 მილიონი ლარით დააჯარიმა.

ჟურნალისტური გამოძიებისას გამოიკვეთა ისიც, რომ ყეინიშვილი და მისი ოჯახის წევრები ფლობენ და მართავენ ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებულ მომგებიან ბიზნესებს, რაც ბანკის მაღალჩინოსნისთვის კანონმდებლობით აკრძალულია.

ეროვნულ ბანკსა და სუსს რადიო თავისუფლებამ შეკითხვები 6 ოქტომბერს გაუგზავნა.

9 ოქტომბერს ეროვნულმა ბანკმა და გენერალურმა პროკურატურამ გამოაქვეყნეს განცხადებები, რომელთა მიხედვითაც, დაწყებულია გამოძიება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში შესაძლო მონაწილეობის ფაქტზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ გამოაცხადა, რომ ყეინიშვილი აღარ მიიღებს მონაწილეობას გადაწყვეტილებების შემუშავებისა და მიღების პროცესში.

თავად ნანა ყეინიშვილი ამბობს, რომ „ბიტექსჩეინჯის“ დამფუძნებლისთვის ბიზნესის წილი არ მოუთხოვია. მისი თქმით, მისი, როგორც საბჭოს წევრის, უფლებამოსილება მცირეა და „ბიტექსჩეინჯის“ დაჯარიმებასთან არაფერი აკავშირებს. რადიო თავისუფლების კითხვები და ნანა ყეინიშვილის პასუხები სრულად წაიკითხეთ აქ.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„მე ეს ნაწილი არ მომისმენია, თუმცა შემიძლია გითხრათ, არავითარი კავშირი არ არსებობს, არავითარი კომუნიკაცია არ არსებობს ნანა ყეინიშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის“
„როგორც კი გავიგეთ ფაქტის შესახებ, მაშინვე რეაგირება იყო“
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?