ირაკლი კობახიძე ნანა ყეინიშვილის მიმართ მიმდინარე გამოძიებაზე - სუს-დან ინფორმაცია, თავის დროზე, არ მიმიღია - რატომ მოხდა ასე, ამით დავინტერესდები - როდესაც საქმე ეხება სებ-ის საბჭოს წევრს, უმჯობესია, ინფორმაცია რაც შეიძლება მაღალ დონეზე იყოს ატანილი
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნანა ყეინიშვილთან დაკავშირებით სუს-იდან ინფორმაცია თავის დროზე არ მიუღია და დაინტერესდება, თუ რატომ მოხდა ასე. ამასთან, იგი უარყოფს ბიძინა ივანიშვილსა და ყეინიშვილს შორის რაიმე კავშირს.

[ნანა ყეინიშვილთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესში სუსი-ის ჩართულობაზე] ინფორმაცია არ მქონია. სუს-დან ეს ინფორმაცია, თავის დროზე, არ მიმიღია. რატომ მოხდა ასე, ამითაც დავინტერესდები. როდესაც საქმე ეხება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს, უმჯობესია, რომ რაც შეიძლება მაღალ დონეზე იყოს ატანილი ეს ინფორმაცია, თუმცა ასე არ მოხდა, დავინტერესდები ამ საკითხით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილ წევრ ნანა ყეინიშვილთან მიმართებით განაცხადა, რომლის წინააღმდეგ გამოძიებაა დაწყებული.
„მე არ მქონდა სუს-ს ჩართულობასთან დაკავშირებით არავითარი ინფორმაცია, პირველად გავიგე ეს, როდესაც მოვისმინე აუდიოჩანაწერი. კიდევ ერთხელ, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ როგორც კი იქნება ფაქტი [კორუფციაზე], მაშინვე გვექნება რეაგირება. როგორც კი გავიგეთ კონკრეტული ფაქტის შესახებ, მაშინვე რეაგირება იყო“, - აცხადებს კობახიძე.
მისი თქმით, ჩანაწერის ნაწილი, სადაც ნანა ყეინიშვილი ბიძინა ივანიშვილის სახელსა და გვარს ახსენებს, არ მოუსმენია.
„მე ეს ნაწილი არ მომისმენია, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ არავითარი კავშირი არ არსებობს, კომუნიკაციაც არ არსებობს ბიძინა ივანიშვილსა და ნანა ყეინიშვილს შორის,“ - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, უნდა დადგეს თუ არა პარლამენტის მხრიდან ყეინიშვილის იმპიჩმენტის საკითხი, ამაში თვითონ ვერ ჩაერევა, რადგანაც ამას თავისი პროცედურა აქვს. კობახიძის განმარტებით, თუ ეს პროცედურა დაიძვრება, ამაზე გადაწყვეტილებას შესაბამისი ორგანოები იღებენ.
ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობის მუხლით დაიწყო. პროკურატურის ცნობით, გამოძიება ეროვნული ბანკიდან გადმოგზავნილი შპს „ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების განცხადებების საფუძველზე დაიწყო.
ციტატები სტატიიდან
„მე არ მქონდა სუს-ს ჩართულობასთან დაკავშირებით არავითარი ინფორმაცია, პირველად გავიგე ეს, როდესაც მოვისმინე აუდიოჩანაწერი. კიდევ ერთხელ, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ როგორც კი იქნება ფაქტი [კორუფციაზე], მაშინვე გვექნება რეაგირება. როგორც კი გავიგეთ კონკრეტული ფაქტის შესახებ, მაშინვე რეაგირება იყო“
„მე ეს ნაწილი არ მომისმენია, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ არავითარი კავშირი არ არსებობს, კომუნიკაციაც არ არსებობს ბიძინა ივანიშვილსა და ნანა ყეინიშვილს შორის,“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.