არასრულწლოვან შვილიშვილს თანასოფლელზე ქორწინება აიძულა - მარნეულში მოზარდის ბებია დააკავეს
მარნეულში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა არასრულწლოვანი შვილიშვილის ქორწინების იძულების ბრალდებით მოზარდის ბებია დააკავეს. გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა შვილიშვილი ნების საწინააღმდეგოდ აიძულა თანასოფლელ მამაკაცზე გათხოვება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მისი არასრულწლოვანი შვილიშვილი გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მისი ნების საწინააღმდეგოდ, აიძულა ცოლად გაჰყოლოდა თანასოფლელ მამაკაცს.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დამნაშავე ქალი ბრალდებულის სახით დააკავეს" - აცხადებს შსს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 150-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბოლო ათ დღეში ეს მეორე შემთხვევაა, როცა მარნეულის პოლიციამ არასრულწლოვანი შვილიშვილის ქორწინების იძულების ბრალდებით მოზარდის ბებია დააკავა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.