პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

მონტენეგრო ევროკავშირში გაწევრიანების ახალ პირობებს თანხმდება - ვეტინგი, უცხოური დაფინანსების შეზღუდვა და ახალი წევრებისთვის 10-წლიანი გამოსაცდელი ვადა

მონტენეგრო ევროკავშირში გასაწევრიანებლად კონსტიტუციას ცვლის და მთავრობის წევრების ვეტინგს ამკვიდრებს, ბლოკი კი ახალი წევრებისთვის 10-წლიან გამოსაცდელ ვადას განიხილავს.

როგორ შეარჩევენ მონტენეგროს პრემიერ-მინისტრს - აქამდე ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ პოდგორიცაში უნდა გეძებნა, გასულ კვირას კი მონტენეგროს მთავრობის ფორმირების საკითხი ევროკავშირის გაფართოების პროცესის ნაწილად იქცა. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ქვეყანა კონსტიტუციას ცვლის და მთავრობის დაკომპლექტების ახალ წესს ამკვიდრებს.

16 ნოემბერს პარლამენტის 54-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, პრემიერმინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებმა, წარდგენამდე, სპეციალური შემოწმება უნდა გაიარონ.

სქემა ასეთია: იგებ არჩევნებს, გაქვს უმრავლესობა და მზად ხარ მთავრობის ფორმირებისთვის, მაგრამ, სანამ კაბინეტს დაამტკიცებ, ჯერ უნდა დაადგინონ, აკმაყოფილებ თუ არა კონკრეტული საბჭოს კრიტერიუმებს. თუ ვერ - პრეზიდენტი შენს კანდიდატურას პარლამენტში ვეღარ წარადგენს. იგივე ფილტრს გაივლის მინისტრობის ყველა კანდიდატი. ერთი შეხედვით, ეს შიდა რეფორმაა. რეალურად კი - ბრიუსელის მოთხოვნა, რომელსაც ევროპულ პოლიტიკაში კარგად ნაცნობი სახელი აქვს: ვეტინგი.

არგუმენტი ცალსახაა. კონსტიტუცია იცვლება იმისთვის, რომ ბრიუსელთან მოლაპარაკებები არ შეფერხდეს. ევროკომისიაც ანგარიშში საგანგებოდ აღნიშნავს, რომ პოდგორიცამ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია შეასრულა. ეს არის გაფართოების პოლიტიკის მთავარი ფორმულა: გადაწყვეტილებას ფორმალურად თავად იღებ, თუმცა წინასწარ იცი, რომელი პასუხი გაგიხსნის გზას შემდეგ ეტაპზე.

მსგავსი მოთხოვნები კარგად ნაცნობია თბილისისთვის. სუვერენიტეტის დათმობაზე საქართველოს მკაცრი პასუხი ცნობილია ბრიუსელისთვის.

თუმცა, წესებზე დავა ევროკავშირის წევრობით არ სრულდება. საკითხი, რის გამოც საქართველოს აკრიტიკებდნენ, ახლა თავად ბლოკის შიგნით, სლოვენიაში გააქტიურდა. საუბარია გამჭვირვალობის კანონზე. კითხვა აქაც იგივეა - ვის აქვს უფლება, აწარმოოს პოლიტიკური კამპანია, თუ ფულს უცხოეთიდან იღებს?

სლოვენიის ხელისუფლება ინიციატივას იმ არგუმენტით ასაბუთებს, რომ ქვეყანაში პარტიების უცხოური დაფინანსება აკრძალულია, თუმცა არჩევნებზე გავლენის მოხდენა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც შეუძლიათ - ფასიანი აგიტაციითა და კამპანიებით. სლოვენიის მმართველმა კოალიციამ პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი, რომელმაც ეს სივრცე უნდა შეზღუდოს.

ინიციატივის მიხედვით, თუ სლოვენიაში რეგისტრირებულმა ორგანიზაციამ არჩევნებამდე ბოლო 5 წელიწადში უცხოური დაფინანსება მიიღო, საარჩევნო ან სარეფერენდუმო კამპანიას ვეღარ ჩაატარებს. შეზღუდვა შეეხება ევროკომისიის გრანტებსაც. გამოდის, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ბრიუსელიდან დაფინანსებულ ორგანიზაციას შეიძლება პოლიტიკური აგიტაცია აეკრძალოს.

ინიციატივამ მაშინვე გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა - ევროპარლამენტარების ნაწილმა პროექტის გაწვევა მოითხოვა, მეორე ნაწილმა კი ევროკომისარს წერილით მიმართა და არჩევნების უცხოური ჩარევისგან დაცვის აუცილებლობა შეახსენა. პარალელებზე საუბრობენ თბილისში.

კონტრასტი განსაკუთრებით თვალსაჩინოა საქართველოსთან მიმართებით. 2024 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ საქართველოში გამჭვირვალობის კანონის მიღება უკან გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა და განაცხადა, რომ კანონი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს ფაქტობრივად აჩერებდა. დღეს სლოვენიაში პოლიტიკური დილემა იდენტურია: უნდა გაირკვეს, სად გადის ზღვარი სამოქალაქო აქტივიზმსა და გარე დაფინანსებით პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას შორის. თბილისის მმართველი გუნდისთვის ეს ორმაგი სტანდარტის მაგალითია. მათი შეფასებით, ის საკითხები, რის გამოც თბილისი ბრიუსელის კრიტიკის ობიექტი გახდა, დღეს უკვე ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკურ დღის წესრიგშიც დგას.

სანამ ბრიუსელში შიდა რეგულაციებზე კამათობენ, მონტენეგრო გაწევრიანების ფინიშის ხაზთანაა. 19 ნოემბერს მოლაპარაკებების კიდევ ორი თავი დაიხურა. თუმცა, იმავე კვირაში ცნობილი გახდა, რა პირობებით მოუწევს პოდგორიცას ევროპულ საბჭოში დაჯდომა.

"ევრონიუსის" ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩებმა მხარი დაუჭირეს ინიციატივას, რომელიც ახალი წევრებისთვის 10-წლიან გამოსაცდელ ვადას ითვალისწინებს. ევროკომისიის თავდაპირველი ვერსია 15 წელი იყო, საბოლოოდ კი ირლანდიის წინადადება შეირჩა: 10 წელი, პლუს 5 წლით გაგრძელების შესაძლებლობა. პირველი, ვის ხელშეკრულებაშიც ამ ჩანაწერს განიხილავენ, მონტენეგროა.

პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა წევრი ხდება, მაგრამ მომდევნო 10 წლის განმავლობაში ძველ წევრებს მისი ხმის უფლების შეჩერება შეეძლებათ. შეჩერების საფუძველი ორი რამ შეიძლება გახდეს: კანონის უზენაესობის მძიმე დარღვევა და ბლოკის საერთო გადაწყვეტილებების სისტემური დაბლოკვა. სწორედ ეს მეორე პუნქტი აჩენს მთავარ კითხვას პოდგორიცაში: ვინ და როგორ განსაზღვრავს, სად მთავრდება ეროვნული ინტერესის დაცვა და სად იწყება ევროკავშირის მუშაობის შეფერხება?

ევროკავშირს, ახალი წევრების მიღებამდე, თავის დაზღვევა სურს, შედეგად კი პარადოქსული ვითარება იქმნება: ვეტოს მექანიზმს ძველი წევრები იყენებენ, ახალი წევრები კი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილების მიმღებ მაგიდასთან უფუნქციოდ რჩებიან.

კვირის დასაწყისში, მონტენეგროს პარლამენტში ხმებს ითვლიდნენ, რომ ბრიუსელთან მოლაპარაკება არ შეფერხებულიყო, კვირის ბოლოს კი პოდგორიცისთვის გასარკვევი გახდა: თუ მონტენეგრო ყველა პირობას შეასრულებს და ევროკავშირის მაგიდასთან ადგილს დაიკავებს, შეეძლება კი იქ ისევე თავისუფლად თქვას "არა", როგორც იმ ქვეყნებს, რომლებიც დღეს მის მიღებაზე ამბობენ "კის"?

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ბრიუსელის ახალი პირობა - რატომ ტოვებენ ქვეყნებს გამოსაცდელ პერიოდში გაწევრიანების შემდეგაცწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები