ბრძოლა ცილისმწამებლების წინააღმდეგ - ბერა ივანიშვილი სამართლებრივ დავას იწყებს
ბერა ივანიშვილი ცილისწამების წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. მმართველი გუნდი მხარს უჭერს ამ გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ დეზინფორმაციისა და კოორდინირებული ცილისმწამებლური კამპანიის წინააღმდეგ სასამართლოში პასუხისგებაა საჭირო, რასაც ოპოზიციის ნაწილის მხრიდან შეფასებები მოჰყვა.

"არავინ არ არის ვალდებული, აიტანოს მის მიმართ ცილისწამება" - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბერა ივანიშვილის გადაწყვეტილებას, შეიტანოს სარჩელი ცილისმწამებლების წინააღმდეგ. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სამართალი ყველას მიმართ ერთნაირად უნდა მოქმედებდეს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა რიგი აქტორები ტყუილის - სიტყვის თავისუფლებად წარმოჩენას ცდილობენ.
სამართლებრივი დავის დაწყების შესახებ განცხადება ბერა ივანიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. მოგვიანებით, კომენტარი მედიასთან ივანიშვილის ადვოკატმაც გააკეთა. ირკვევა, რომ მომჩივან მხარეს უკვე აქვს მონიტორინგის შედეგად მოპოვებული კონკრეტული მტკიცებულებების ნუსხა. მათ შორისაა ოჯახის წინააღმდეგ აგორებული ცილისმწამებლური კამპანია და დეზინფორმაცია, რომელიც უკვე წლებია სხვადასხვა მედიით და სოციალური ქსელებით კოორდინირებულად ვრცელდება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ როცა დეზინფორმაცია სახეზეა, მიზანი კი გაშიფრული, აუცილებელია დამნაშავეებმა ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხი აგონ.
ბერა ივანიშვილის გადაწყვეტილება მორიგი დაპირისპირების მიზეზი გახდა ოპოზიციაში. მაშინ, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" არ მალავს, რომ ბრალდებების ავტორები ხშირად თავად არიან, გახარიას პარტიაში აცხადებენ, რომ არგუმენტების გარეშე მძიმე ბრალდებების წაყენება მიუღებელია.
ოპოზიციის როლს დეზინფორმაციის გავრცელების პროცესში კარგად ხედავენ საპარლამენტო უმრავლესობაში. კანონმდებლების განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" და სააკაშვილთან დაკავშირებული მედია თუ ენჯეო ორგანიზაციები, აქტიურად ცდილობენ ქვეყნის დასუსტებას, რისი გამოხატულებაც ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის მიმართ დეზინფორმაციული კამპანიის წარმოებაა. პოლიტიკოსები თვლიან, რომ ამ შემთხვევაში ერთადერთი გზა, სწორედ, სამართლებრივი დავაა.
"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის შვილის გაცხადებული მიზანი, იმ ცილისმწამებლური კამპანიის დასრულებაა, რამაც ბოლო პერიოდში სისტემატური სახე მიიღო. სამართლებრივი ბრძოლის გზა შეირჩა, რომ უსამართლობის ატანა არც ბერა ივანიშვილს და არც სხვა პირებს აღარ მოუწიოთ. ივანიშვილის ადვოკატი სასამართლოში სარჩელს უახლოეს პერიოდში შეიტანს.
ციტატები სტატიიდან
„არავინ არ არის ვალდებული, აიტანოს მის მიმართ ცილისწამება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.