"მიითვისეს $190 502 და ₾42 600" – ბათუმში სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელები დააკავეს
ბათუმში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელები დააკავეს. გამოძიებისტვის ცნობილი გახდა, რომ ბრალდებულები მოქალაქეებს ბინებს ჰპირდებოდნენ, ფულს ართმევდნენ, ქონებას არ არეგისტრირებდნენ და სხვებზე ასხვისებდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბათუმში დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად, თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ორი პირი დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში მოქმედი სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელები მოქალაქეებს ბინების საკუთრებაში გადაცემას დაჰპირდნენ, სანაცვლოდ კი დიდი ოდენობით თანხა გამოართვეს.
ბრალდებულებმა მყიდველებს ბინები საკუთრებაში არ დაურეგისტრირეს და ფართები მხოლოდ ფაქტობრივ მფლობელობაში გადასცეს. მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა ბინები საკუთარი ხარჯებით გაარემონტეს, ბრალდებულებმა აღნიშნული ფართები დამატებითი თანხის მიღების მიზნით სხვა პირებზე გაასხვისეს.
აღნიშნული დანაშაულებრივი სქემით ბრალდებულები მოტყუებით დაეუფლნენ მოქალაქეთა კუთვნილ 190 502 აშშ დოლარსა და 42 600 ლარს.
პოლიციამ ორივე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა". - ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.