ბათუმის მერია ძეგლს დაანგრევს და თავიდან ააშენებს – 1,4 მილიონი ლარი „რეაბილიტაციისთვის“
ბათუმის მერია ვაჟა-ფშაველას 34-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სრულ დემონტაჟსა და თავიდან აშენებას გეგმავს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 1,4 მილიონი ლარია გამოყოფილი.

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩის 34 ნომერში მდებარე ერთსართულიანი შენობის, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სარეაბილიტაციოდ ქალაქის ბიუჯეტიდან 1,4 მილიონი ლარია გამოყოფილი.
აღნიშნული ძეგლის „რეაბილიტაცია“ კი, პროექტის მიხედვით, გულისხმობს შენობის სრულ დემონტაჟს და ახალი შენობის აშენებას – „არქიტექტურული სახის მაქსიმალურად შენარჩუნებით“.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ბათუმში, ვაჟა-ფშაველას 34-ში / 14.11.2026 / ამ შენობას დაშლიან და თავიდან ააშენებენ

ამონარიდი პროექტიდან, რომლის განმარტებითი ბარათის მიხედვით ვაჟა-ფშაველას N34-ში მდებარე შენობის რეაბილიტაცია გულისხმობს შენობის სრულ დემონტაჟს და ახლის აშენებას.
კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სააღრიცხვო ბარათის მიხედვით, ბათუმში, ვაჟა-ფშაველასა და ახვლედიანის ქუჩების კვეთაში მდგერი ეს საცხოვრებელი შენობა მე-19 საუკუნის ბოლოს უნდა იყოს აგებული. შენობას ძეგლის სტატუსი [კატეგორიის გარეშე] 2020 წლის მარტში მიანიჭეს.

მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ გამოცხადებულ ტენდერს, სხვა დოკუმენტებთან ერთად ახლავს „ვაჟა-ფშაველას ქუჩა N34-ში მდებარე ერთსართულიანი შენობის შეფასება და რეკომენდაციები“, რომელშიც აღნიშნულია, რომ
„დაზიენების მიხედვით აღნიშნული შენობა კონსტრუქციული თვალსაზრისით ავარიულ მდგომარეობაშია, შეიძლება ითქვას საფრთხის შემცველიცაა, ზემოთ ჩამოთვლილი დაზიანებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია მისი სრული დემონტაჟი და ახლიდან აშენება, იგივე არქიტექტურული გაბარიტებით, ელემენტებითა და დეტალებით.
არ უნდა დაირღვეს მისი თავდაპირველი იერ-სახე.
ზოგადი კონსტრუქციული შეფასების მიხედვით, ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩა N34-ში საჭიროა აღნიშნული შენობის ახლიდან აშენება იგივე იერ-სახით, ამჟამინდელი სამშენებლო ნორმებითა და წესებით. რომელიც უსაფრთხო იქნება შემდგომი ექსპლუატაციისთვის.“

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ბათუმში, ვაჟა-ფშაველას 34-ში [ვაჟა-ფშაველასა და ახვლედიანის ქუჩების კვეთა / 14.11.2026 / ამ შენობას დაშლიან და თავიდან ააშენებენ
ბათუმის მერიის სამმართველომ ორი შენობის რეაბილიტაციაზე [ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქ. N34-ში და ფარნავაზ მეფის ქ. N88-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე] გაერთიანებული ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის საერთო ღირებულება 1 805 106 ლარია.
ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მდებარე შენობის დაშლა-აშენებაში ბათუმის მერია მაქსიმუმ 1 431 034 ლარს, ხოლო ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე შენობის რეაბილიტაციაში – 374 071 ლარს გადაიხდის.

წყარო: ტენდერი
„ტენდერში მონაწილე პირის მიერ წარმოდგენილი კონკრეტული მისამართის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ სავარაუდო ღირებულებას.
გაუთვალისწინებელი სამუშაოების თანხის გამოყენება მოხდება მხოლოდ შემსყიდველი ორგანიზაციის ნებართვით, მისივე ინიციატივით და/ან მიმწოდებლის მიერ დასაბუთებული და არგუმენტირებული წინადადებების განხილვისა და შეთანხმების საფუძველზე შემსყიდველი ორგანიზაციის სათანადო გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ.“ – აღნიშნულია ტენდერის პირობაში.

ფოტოები პროექტიდან
ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 29 ნოემბერს დაიწყება და 4 დეკემბერს დასრულდება.
სამუშაოების შესრულების ვადა კი, 2027 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდია განსაზღვრული.

ბათუმში, ფარნავაზ მეფის 88-ში მდებარე შენობა და რენდერი / ფოტოები პროექტიდან
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…