ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარისაზოგადოებასტატია

თვითმფრინავში ინციდენტის გამო flydubai დროებით წყვეტს ავიარეისებს ისრაელში

ავიაკომპანია flydubai-მ დროებით შეწყვიტა ფრენები ისრაელში 30 სექტემბერს დუბაი-თელ-ავივის რეისზე მომხდარი ინციდენტის გამო, როდესაც მეორე პილოტმა კაბინაში ეკიპაჟის მეთაური დაჭრა და კატასტროფის პროვოცირება სცადა. მგზავრებმა და ეკიპაჟმა შეძლეს თავდამსხმელის განეიტრალება და თვითმფრინავი საუდის არაბეთში დაჯდა.

თვითმფრინავში ინციდენტის გამო flydubai დროებით წყვეტს ავიარეისებს ისრაელში
თვითმფრინავში ინციდენტის გამო flydubai დროებით წყვეტს ავიარეისებს ისრაელშირადიო თავისუფლება

flydubai-ს ინფორმაციით, ფრენა შეწყვეტილი იქნება ავიაკომპანიის თვითმფრინავში 30 სექტემბერს მომხდარი ინციდენტის გამოძიების პერიოდში.

თვითმფრინავს, რომელიც დუბაი-თელ-ავივის რეისს ასრულებდა, კატასტროფის საფრთხე შეექმნა მას შემდეგ, რაც პილოტების კაბინაში ეკიპაჟის მეთაურს თავს დაესხა მეორე პილოტი.

ავიაკომპანია flydubai-ს თანახმად, მგზავრებისა და ეკიპაჟების უსაფრთხოება და კეთილდღეობა უმთავრესი პრიორიტეტია, ისრაელში რეისების დროებით შეწყვეტა კი შესაბამის სამსახურებს მისცემს მუშაობის გაგრძელების და ინციდენტთან დაკავშირებული ყველა ფაქტის დადგენის შესაძლებლობას.

რა მოხდა flydubai-ს თვითმფრინავში?

არაბთა გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია flydubai-ს სამგზავრო თვითმფრინავმა(Boeing 737MAX 8), რომელიც დუბაი-თელ-ავივის რეისს ასრულებდა, 30 სექტემბერს დილით განგაშის სიგნალი გაგზავნა, შემდეგ კი იძულებული გახდა საუდის არაბეთში, ტაბუკის აეროპორტში დაშვებულიყო. თვითმფრინავში 170-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა - ძირითადად, ისარელის მოქალაქეები.

ავიაკომპანიამ დაადასტურა, რომ ბორტზე მოხდა ინციდენტი - დაპირისპირება პილოტების კაბინაში და განაცხადა, რომ მგზავრები უსაფრთხოდ არიან და მათთვის სარეზერვო თვითმფრინავი გაგზავნეს.

ისრაელის და დასავლეთის მედიასაშუალებები ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდნენ, რომ მეორე პილოტმა თვითმფრინავზე კონტროლის მოპოვება სცადა, რასაც წინააღმდეგობა გაუწია პირველმა პილოტმა და შემდეგ - ზოგიერთმა მგზავრმაც.

30 სექტემბერს საღამოს, მას შემდეგ, რაც თვითმფრინავის მგზავრები, ისრაელის მოქალაქეები flydubai-ს სარეზერვო თვითმფრინავით საუდის არაბეთიდან თელ-ავივში ჩაიყვანეს, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაადასტურა, რომ თვითმფრინავის მეორე პილოტმა დანით დაჭრა ეკიპაჟის კაპიტანი და კატასტროფის პროვოცირება სცადა.

ნეთანიაჰუმ, რომელიც ისრაელში დაბრუნებულ მგზავრებს შეხვდა, განაცხადა, რომ როცა თვითმფრინავმა სიმაღლის დაკარგვა დაიწყო, ბორტზე მყოფ ეკიპაჟის წევრთან ერთად რამდენიმე მგზავრმა მოახერხა პილოტების კაბინაში შეღწევა. მათ შეძლეს თავდამსხმელის განეიტრალება და თვითმფრინავის სტაბილიზირება. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ამ მგზავრებს გმირები უწოდა.

ეკიპაჟის დაჭრილი მეთაური, რომელმაც მეორე პილოტს წინააღმდეგობა გაუწია და კაბინის კარის გაღება მოასწრო, ინდოეთის მოქალაქეა. არსებული ცნობებით, თავდამსხმელი პილოტი ომანის მოქალაქეა, რომელიც საუდის არაბეთში დააკავეს თვითმფრინავის დაშვების შემდეგ.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა ინციდენტს უწოდა „ჯიჰადისტური თავდასხმის მცდელობა“, თუმცა არ განუმარტავს, რას ეფუძნება ეს დასკვნა.

ისრაელის ტრანსპორტის მინისტრმა მირი რეგევმა მოითხოვა, გაუქმდეს ისრაელში flydubai-ს ყველა რეისი. მან სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს მოუწოდა გამოიძიოს, ხომ არ დაარღვია არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ისრაელთან შეთანხმება. ამ შეთანხმებით, ისრაელის ტერიტორიაზე დაშვება შეუძლიათ მფრინავებს იმ ქვეყნებიდან, რომლებთანაც ისრაელს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს. ომანი ამ ქვეყნებს შორის არ არის.

მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.