ნეთანიაჰუ: მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ეჭვმიტანილ პილოტს თვითმფრინავის ჩამოგდება სურდა
ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, flydubai-ს თვითმფრინავის რეისზე ერთ-ერთმა პილოტმა მეორე პილოტი დაჭრა და თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა. მგზავრებისა და ეკიპაჟის ჩარევით მოხერხდა პილოტის შეჩერება და ხომალდის სტაბილიზება. ინციდენტი საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში მოხდა, ეჭვმიტანილი დაკითხულია.

ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, მტკიცებულებები იმაზე მიუთითებს, რომ flydubai-ს პილოტს, რომელმაც მეორე პილოტი დაჭრა, თვითმფრინავის ჩამოგდება ჰქონდა განზრახული.
"დღეს ძალიან სერიოზული უსაფრთხოების ინციდენტი მოხდა. თვითმფრინავის თითქმის ყველა მგზავრი ისრაელის მოქალაქე იყო. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ერთ-ერთმა პილოტმა მეორეზე თავდასხმით თვითმფრინავის ჩამოგდება მგზავრებიანად სცადა". - თქვა ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში.
ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ის თვითმფრინავში მყოფ ერთ-ერთ მგზავრსაც ესაუბრა.
"მგზავრის თქმით, თვითმფრინავი ციცაბო ვარდნაში გადავიდა. მანვე მითხრა, რომ ეკიპაჟის ერთ-ერთ წევრთან ერთად როგორღაც პილოტთა კაბინაში შეჭრა შეძლო და მათ ერთობლივი ძალისხმევით მოახერხეს პილოტის შეჩერება, როცა ის თვითმფრინავის სისტემების დაზიანებას ცდილობდა". - ამბობს ნეთანიაჰუ.
ნეთანიუმ ასევე განაცხადა, რომ ამის შემდეგ, პილოტთა კაბინაში ეკიპაჟის კიდევ ერთი წევრი შევიდა და თვითმფრინავის სტაბილიზება შეძლო.
ისრაელის პრემიერმინისტრის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი საუდის არაბეთში დაკითხვაზე ჰყავთ.
დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ
ცნობისთვის, 30 სექტემბერს, დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალმა სამგზავრო თვითმფრინავმა საგანგებო სიგნალები გადასცა და საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში უკან შემობრუნდა.
ფრენების თვალთვალის მონაცემების თანახმად, flydubai-ს ბორტმა თავდაპირველად გადასცა საერთაშორისო საგანგებო კოდი "7700". მალევე კი გაიგზავნა კოდი "7500", რაც თვითმფრინავის გატაცებას ან მასში უკანონო ჩარევას აღნიშნავს. თვითმფრინავი ქალაქ თაბუქის აეროპორტში დაეშვა.
ციტატები სტატიიდან
„დღეს ძალიან სერიოზული უსაფრთხოების ინციდენტი მოხდა. თვითმფრინავის თითქმის ყველა მგზავრი ისრაელის მოქალაქე იყო. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ერთ-ერთმა პილოტმა მეორეზე თავდასხმით თვითმფრინავის ჩამოგდება მგზავრებიანად სცადა“
„მგზავრის თქმით, თვითმფრინავი ციცაბო ვარდნაში გადავიდა. მანვე მითხრა, რომ ეკიპაჟის ერთ-ერთ წევრთან ერთად როგორღაც პილოტთა კაბინაში შეჭრა შეძლო და მათ ერთობლივი ძალისხმევით მოახერხეს პილოტის შეჩერება, როცა ის თვითმფრინავის სისტემების დაზიანებას ცდილობდა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.