ვახო სანაია: ე ბიჯო, როცა ხელისუფლებაში იყო ის კაცი, მის მთავრობაში იჯექი ბოლო დღემდე, მერე კიდევ 4 წელი მის პარტიაში გაატარე და ...
ვახო სანაია: ძალიან მარტივ შეკითხვაზე პასუხი გვეუბნება ყველაფერს. 2 წლის თავზე ხალხი ისევ ქუჩაშია - ეს წარმოედგინა რუს ივანიშვილს? ვერ წარმოედგინა. ეს არ იყო გათვალისწინებული მის სცენარში. უწყვეტმა რეპრესიებმა ვერ სძლია უწყვეტ პროტესტს.

ჟურნალისტი ვახო სანაია:
ძალიან მარტივ შეკითხვაზე პასუხი გვეუბნება ყველაფერს. 2 წლის თავზე ხალხი ისევ ქუჩაშია - ეს წარმოედგინა რუს ივანიშვილს? ვერ წარმოედგინა. ეს არ იყო გათვალისწინებული მის სცენარში.
უწყვეტმა რეპრესიებმა ვერ სძლია უწყვეტ პროტესტს.
2 წლის თავზე ყველა უბედურებაგამოვლილი, ნაცემი, ნაბეგვი, დალეწილი, დარბეული, დაწამლული, დაჯარიმებული, დაყადაღებული, პატიმრობაგამოტარებული ხალხი ისევ შეიკრიბა დიდი რაოდენობით. დღევანდელი რაოდენობა, როცა ხალხი თარიღიდან გამომდინარე გამოვიდა ქუჩაში, ნიშნავს არნახული რაოდენობით ხალხს გადამწყვეტ მომენტში და ეს მომენტი აუცილებლად დაუდგება ივანიშვილს.
მან, ვინც სკეპტიკურად უყურებდა ყოველდღიურ აქციებსა თუ შაბათის მარშებს, დაუსვას შეკითხვა საკუთარ თავს - იქნებოდა კი დღევანდელი შეკრება საერთოდ ?! რა თქმა უნდა, არ იქნებოდა, რადგან ყველაფერი დიდი ხნის წინ დასრულდებოდა. საერთოდ არაფერი იქნებოდა.
დღეს ვაკიდან, სახლიდან, ავლაბარში ფეხით ჩავედი რუსთაველის გავლით. ჯერ ვაკის აქციაზე გავიარე, მერე გზას გავუყევი და ბოლოს ავლაბარში შევუერთდი ხალხს. მთელი გზა ვიხსენებდი, რუსთაველზე რამდენი რამ გავიარეთ ერთად. რამდენი წვიმა, თოვლი, ქარი. ყველა კუთხე, ყველა კუნჭული ზეპირად ვიცი და ყველაფერი ჩვენს ბრძოლას მახსენებს. დარბევებით ვიხსენებ ყველა სადარბაზოს, ასახვევ-ჩასახვევს, ყველა კედელს, ვინ სად ჩაიკეცა ცრემლდენი გაზით მოწამლული და ვის სად დაარტყეს. მოვდივარ და ვფიქრობ: აქ თამუნამ პოლიციელებს ვიღაც გამოსტაცა, ჩემი შვილიაო; აქ ის დაიჭირეს, იქ იმას დაესხნენ თავს; აქ გურამი კინაღამ მოკლეს, იქ იმას დაარტყეს, აქ ამას დაესია ზონდერების ჯოგი...ყველაფერი მახსენდება.
ყველა მტკაველი ჩვენს ბრძოლას მახსენებს. აქ ხომ ბარიკადები იდგა; იქ ხომ კინაღამ გავიგუდე; ცოტა წინ ეს მოხდა, მარცხნივ ხომ ის მოხდა, მარჯვნის - ეს. უკვე პარლამენტის შენობის წინა ვარ, სამანქანო გზაზე, რომელიც ჯერ არ გაუხსნიათ. მახსენდება, გზის ,,კანონის" მიღების პირველსავე დღეს როგორ გადავკეტეთ გზა და მერე დაგვიჭირეს მე, საბა, ყიასა, ლარა, ლაშა და მერე და მერე იზოლატორში ვიგებდით სხვების სახელებს, რომ ბევრმა გადაკეტა თურმე ჩვენი დაჭერის შემდეგ. ახლა მოვაბიჯებ ისევ ამ ადგილზე; რა დამავიწყებს. მარჯვნის გაიხედავ და კიდევ უფრო ძველი, 3 წლის წინანდელი ამბავი გახსენდება - აი, აქ იდგა ჩვენი ნანა და დროშას იქნევდა, ვერაფერმა წააქცია.
ამ ორმა წელმა ისეთი ხალხი გამაცნო, ისეთ გარემოებებში, ისეთ ბრძოლასა და რუტინაში, ისეთ ქარიშხალსა და სირთულეებში, თვალდახუჭული ვენდობი; ასევე ისეთი ხალხი აღმოვაჩინე თავიდან, რომელიც თურმე აგერ, ახლოს მყოლია და არ ვიცოდი. არ არსებობს სხვა მიზეზი, რის გამოც 2 წელი უწყვეტად ვინმე ქუჩაში დადგება. ერთადერთი მიზეზი არსებობს - საქართველოს სიყვარული.
ვინც ყოველ შაბათს მარშზე დავდივართ, დღეს განსაკუთრებით ამაყი ვიყავით, რომ ამდენი ხალხი მოვიდა. რაღაცნაირად მასპინძლებად ვგრძნობდით თავს. წარმომიდგენია, რას გრძნობდნენ ისინი, რომლებიც ყოველდღე აქციაზე არიან. მინდოდა, დღევანდელი აქციის ყველა მონაწილესთან მივსულიყავი და მეთქვა, აი ამათ, ვინც ყოველდღე თავისუფლების მოედანზე თუ პარლამენტის შენობის წინ დგანან, შეგვინახეს ეს პროტესტი. იცის, რა მაგარი ხალხია.
იცით, რა რთული იყო ეს ორი წელი; იცით, რამდენი დაბრკოლება გადაილახა; რამდენი უთანხმოება დაიძლია; რამდენი შეუთავსებლობა შეთავსდა; რაც შეუთანხმებელი ჩანდა, შეთანხმდა; რამდენი ურთიერთსაყვედური მინელდა, რადგან ადამიანებმა თქვეს - მთავარია, საქართველო გადავარჩინოთ !
და ამ ყველაფრის მერე ვიღაც ლუზერი, მთელი ცხოვრება ყველაფერში ჩაფლავებული, რეგვენი და თავხედი ამ ნატანჯი ხალხის გაღიზიანებას რომ ეცდება უაზრო ბანერის აღმართვით, ის არის ყველაფერ ზემოთ ჩამოთვლილ სიკეთესთან ერთად, მავნებელიც, თუმცა ხალხმა უკვე გასცა პასუხი. ერთსაც დავამატებ - ე ბიჯო, როცა ხელისუფლებაში იყო ის კაცი, მის მთავრობაში იჯექი ბოლო დღემდე, მერე კიდევ 4 წელი მის პარტიაში გაატარე და ახლა გახდა რუს ბიძინასთან ერთად ბანერზე დასახატი, როცა ოპოზიციაშია, ციხეში ზის და პოლიტპატიმარია ?! იმ აქციაზე დგას ხალხი, რომელიც თავის დროზე მიშას მაგრად აკრიტიკებდა, მაგრად ებრძოდა, ათასნაირ შეფასებას აძლევდა მის მმართველობას და დღესაც აკრიტიკებს წარსულის გარკვეული თემების გამო, მაგრამ ახლა დგას იმასთან ერთადაც, ვინც ოდითგან დღემდე მიშას მომხრე იყო. ვისაც მიშა არ მოსწონდა ან არ მოსწონს, ის რუს ბიძინასთან ერთად მიშას არ ახატავს ბანერზე და არ უფრიალებს ცხვირწინ მიშას მომხრეებს. ერთად დგანან, რადგან მიზანი აქვთ - არ უნდა დაუშვან საქართველოს გარუსება. და თუ ის, ვინც წარსულში მიშას ებრძოდა, ამას არ აკეთებს ერთობის აქციაზე, შენ რა ნამუსით გააკეთე ეს ? არც მიშას მომხრეებს მოსწონთ ბევრი ვინმე, მაგრამ დღეს აქციაზე იყო ვინმე მისული ბიძინასა და ბოკერიას გადახაზული ბანერით ?! და ყველამ რომ ერთმანეთის ბანერები გადახაზოს და ზედ ბიძინა მიახატოს, ერთობა როგორ უნდა შედგეს ?! მაშინ რას გვესაუბრებით ტრიბუნიდან ?!
შაბათის მარშებმა თუ ყოველდღიურმა აქციებმა დაძლია გამოწვევები. ყველამ იპოვა სივრცე და ყველა ბანერისთვის მოიძებნა ადგილი. ეს საკითხი დიდი ხანია, აღარ დგას. პროვოკაციებისა და შესაძლებლობებთან შეუსაბამო ამბიციების ასპარეზი არაა ეს პროტესტი.
ეს, ასე ვთქვათ, ლირიკული გადახვევა იყო, რომელიც ამდენ ყურადღებას არც იმსახურებდა.
ახლა მთავარი: ამ ბრძოლის ფინალი იქნება გამარჯვება.
ვიდრე არ დავმარცხებულვართ, მოწინააღმდეგე ვერ იქნება გამარჯვებული. და რადგანაც ეს ,,ვიდრე" არასოდეს დადგება, ესე იგი, არასოდეს დავმარცხდებით. შესაბამისად, აუცილებლად გავიმარჯვებთ !
ბოლომდე !
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…