კრწანისში ჩატარებული სპეცოპერაცია - ძმები ფეიქრიშვილები გამოძალვისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს
კრწანისში, საცხოვრებელ კომპლექსსა და სასტუმროში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გამოძალვისა და ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 3 პირი, მათ შორის მრავალჯერ ნასამართლევი ძმები დავით და გიორგი ფეიქრიშვილები და მათი დაცვის თანამშრომელი დააკავეს. გამოძიების ცნობით, გიორგი ფეიქრიშვილმა მოქალაქეს კრიმინალური მფარველობის სანაცვლოდ თანხა მოსთხოვა და სიცოცხლით დაემუქრა, ხოლო დავით ფეიქრიშვილმა და მისმა დაცვამ ახალგაზრდა მამაკაცზე ჯგუფურად იძალადეს. დაკავებულები იზოლატორში არიან, ადვოკატის თქმით, ისინი ბრალს არ აღიარებენ.

კრწანისი, საცხოვრებელი კომპლექსი - მისამართი, სადაც დღეს გამთენიისას სამართალდამცველები მობილიზდნენ და ჩხრეკა ჩაატარეს.
პარალელურად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა ერთ-ერთი სასტუმროს ნომერშიც.
მალევე გაირკვა, რომ ორ სხვადასხვა მისამართზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიება ორგანიზებულ დანაშაულს უკავშირდებოდა. ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 3 პირი აიყვანეს. მათ შორის არიან მრავალჯერ ნასამართლევი ძმები დავით და გიორგი ფეიქრიშვილები. სამართალდამცველებმა ხელბორკილები დაადეს მათი დაცვის სამსახურის თანამშრომელსაც.
ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული მასალაა, კადრები დაკავების შემდეგ არის გადაღებული. ცნობილია საპოლიციო ღონისძიების დეტალებიც. უწყებამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
უწყების განცხადებაში დეტალურად წერია ფაქტები, თუ რის გამო მოხდა ძმები ფეიქრიშვილებისა და მათი დაცვის წევრის დაკავება.
ირკვევა, რომ გიორგი ფეიქრიშვილმა მოქალაქეს ე.წ. კრიმინალური მფარველობის სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხის გადახდა მოსთხოვა. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. დანაშაულის ფაქტი თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მოხდა, სახლში, სადაც გიორგი ფეიქრიშვილმა მსხვერპლი საქმის გასარჩევად აიყვანა.
მეორე ეპიზოდი უკვე ჯგუფურ ძალადობას უკავშირდება. გამოძიებით დასტურდება, რომ დავით ფეიქრიშვილმა და მისმა დაცვის წევრმა ურთიერთშელაპარაკებისას ჯგუფურად იძალადეს ახალგაზრდა მამაკაცზე. ფაქტი თბილისში, ერთ-ერთ ქუჩაზე მოხდა.
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით დაკავებული სამივე პირი ახლა დროებითი მოთავსების იზოლატორშია. კურიერთან საუბრისას ძმები ფეიქრიშვილების ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ძმები დანაშაულს არ აღიარებენ. ინტერესების დამცველი მტკიცებულებებზე ამ ეტაპზე არ საუბრობს, გიორგი ანთაძე საქმის მასალების ჩაბარებას ელოდება.
დაცვის მხარეს საქმის მასალები სავარაუდოდ ხვალ გადაეცემა. ძმებს ფეიქრიშვილებს და მათ დაცვის წევრს გენერალური პროკურატურა ბრალს კანონით დადგენილ ვადებში წარუდგენს, ამის შემდეგ კი მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე სასამართლო ჩატარდება.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.