ჯგუფური ხულიგნობისა და დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის გამო დაკავებულ ძმებ ფეიქრიშვილებსა და მათი დაცვის წევრს ბრალი წარედგინათ
ჯგუფური ხულიგნობისა და დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ბრალდებით დაკავებულ ძმებ ფეიქრიშვილებსა და მათი დაცვის წევრს ბრალი წარედგინათ. გამოძიების ცნობით, ერთ-ერთი ბრალდებული მოქალაქეს სიცოცხლის მოსპობის მუქარით 47 ათასი დოლარის გადაცემას სძალავდა, ხოლო მეორე ბრალდებული და მისი დაცვის თანამშრომელი ახალგაზრდა მამაკაცზე ჯგუფურად ძალადობდნენ. ბრალდებულები დუმილის უფლებას იყენებენ.

ჯგუფური ხულიგნობისა და დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის გამო დაკავებულ ძმებ ფეიქრიშვილებსა და მათი დაცვის წევრს ბრალი წარედგინათ.
გამოძიების მიხედვით, გიორგი ფეიქრიშვილი მოქალაქეს სიცოცხლის მოსპობის მუქარით თანხას სძალავდა. გამოძიების მიხედვით, 17 სექტემბერს, ფეიქრიშვილმა დაზარალებულს თითქოსდა კრიპტოვალუტით ვაჭრობის შედეგად მიღებული თანხიდან მისთვის წილის სახით 47 ათასი დოლარის გადაცემა მოსთხოვა. დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიების ინფორმაციით, დავით ფეიქრიშვილმა და მისი დაცვის თანამშრომელმა კი ახალგაზრდა მამაკაცზე ჯგუფურად იძალადეს. მათ 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
"გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, შუქნიშანთან გაჩერების გამო, დავით ფეიქრიშვილმა ავტომობილით მოძრავ დაზარალებულს შეურაცხმყოფელი ფრაზებით მოსთხოვა გზის გათავისუფლება, რის შემდეგაც დავით ფეიქრიშვილმა და ალექსანდრე ჩაფოძემ მას მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და
ფიზიკურად იძალადეს მასზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.
აღნიშნული ქმედებით დავით ფეიქრიშვილმა და ალექსანდრე ჩაფოძემ უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, მათ შორის, შეაფერხეს საავტომობილო მოძრაობა და საზოგადოებისადმი გამოხატეს აშკარა უპატივცემულობა", - წერია განცხადებაში.
ადვოკატ გიორგი ანთაძის განცხადებით, ბრალდებულები დუმილის უფლებას იყენებენ და დაცვის მხარე, ამ ეტაპზე, დამატებით კომენტარს არ გააკეთებს.
"ედავებიან ხულიგნობას, ჩადენილს ჯგუფურად. შესაბამისად, ბრალდებულთან შეთანხმებით, მეტ კომენტარს ამ ეტაპზე არ გავაკეთებ, ვინაიდან თვითონაც იყენებს დუმილის უფლებას", - აცხადებს ადვოკატი გიორგი ანთაძე.
ციტატები სტატიიდან
„ედავებიან ხულიგნობას, ჩადენილს ჯგუფურად. შესაბამისად, ბრალდებულთან შეთანხმებით, მეტ კომენტარს ამ ეტაპზე არ გავაკეთებ, ვინაიდან თვითონაც იყენებს დუმილის უფლებას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.