"პირველების" ინფორმაციით, ქონება არ უფიქსირდება პირს, რომელსაც გამოძიების თანახმად, გიორგი ფეიქრიშვილი 47 ათასს სთხოვდა
გამოძიების ცნობით, გიორგი ფეიქრიშვილი 28 წლის რატი გურგენაშვილს 47 ათას დოლარს სთხოვდა და მოკვლით ემუქრებოდა. ჟურნალისტური ინფორმაციით, გურგენაშვილს ოფიციალურად ქონება არ გააჩნია. გიორგი ფეიქრიშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ დაცვის ქვეშ მყოფს დაზარალებულთან შეხება არ ჰქონია. საქმეზე დაკავებულები არიან ასევე დავით ფეიქრიშვილი და ალექსანდრე ჩაფოძე.

"კრიმინალურ" წრეებთან დაკავშირებული გიორგი ფეიქრიშვილი, 28 წლის რატი გურგენაშვილის ჩვენების საფუძველზე დააკავეს - "პირველების" ინფორმაციით, სწორედ მისი ჩვენება დევს საქმეში.
გამოძიების მტკიცებით ფეიქრიშვილი გურგენაშვილს 47 ათას დოლარს სთხოვდა, წინააღდეგ შემთხვევაში მოკვლით ემუქრებოდა.
"პირველების" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გურგენაშვილის სახელზე ოფიციალურად არც ქონება ფიქსირდება და არც ბიზნესი. ის დედასთან ერთად ცხოვრობს, ამიტომ ჩნდება კითხვა, საიდან უნდა მიეტანა ამდენი თანხა გურგენაშვილს ფეიქრიშვილისთვის. ეს კითხვა "ტვ პირველმა" საქმის ოქროს მოწმეს დაუსვა, თუმცა გურგენაშვილმა კითხვების მოსმენის შემდეგ ტელეფონი გაგვითიშა.
გიორგი ფეიქრიშვილის ადვოკატი ირწმუნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს გურგენაშვილთან არანაირი გადაკვეთა არ ჰქონია.
საქმის მასალების მიხედვითაც კი არ იკვეთება რაიმე გადაკვეთა. საქმის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ", - აცხადებს ადვოკატი გიორგი ანთაძე.
ორი ძმის პროცესი ცალ-ცალკე ნახევარი საათის ინტერვალით ჩაინიშნა. მოვლენები ახლა საქალაქო საამრთლოში ვითარდება.
100 ათას ლარიან გირაოს სთავაზობს დავით ფეიქრიშვილის დაცვის მხარე სასამართლოს, ხოლო პროკურატურა ბრალდებულსი პატიმრობას ითხოვს.
გამოძიება ამტკიცებს, რომ გიორგი ფეიქრიშვილმა გურგენაშვილი თბილისში, ერთ-ერთ სახლში აიყვანა და კრიმინალური მფარველობის სანაცვლოდ დიდი ოდენობის თანხის გადახდა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (გამოძალვა, სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს პროკურატურამ ასევე ბრალი წარუდგინა "კრიმინალურ" წრეებთან დაახლოებულ დავით ფეიქრიშვილს და მისი დაცვის თანამშრომელს, ალექსანდრე ჩაფოძეს.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა, ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ძმები ფეიქრიშვილების დასაკავებლად მასშტაბური სპეცოპერაცია თბილისში გუშინ გამთენიისას ჩატარდა - "პირველების" ინფორმაციით, კრიმინალური პოლიციის სპეცრაზმი ფეიქრიშვილების სახლებში ღამის 03:00 საათზე შევიდა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.