ლევან მაჭავარიანი ევრობიუროკრატიაზე: ისინი საკუთარი ცრუ ნარატივების ტყვეობაში იმყოფებიან. 4-5 წლის განმავლობაში საქართველოსთან, საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით მათ ცრუ ნარატივები შექმნეს იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მათ უარი ვუთხარით საქართველოს პროქსი ქვეყნად გამოყენებაზე. მათ სურდათ ამის გამო „ქართული ოცნების“ ჩანაცვლება
ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ ევრობიუროკრატია ცრუ ნარატივების ტყვეობაშია და „ქართული ოცნების“ ჩანაცვლება იმიტომ სურდა, რომ საქართველომ უარი თქვა „პროქსი ქვეყნად გამოყენებაზე“.

არის სერიოზული სტაგნაცია და სწორედ ამიტომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტში ჩაწერა, რომ ბრიუსელის დღევანდელი მმართველი კლასი ამ პოლიტიკური დღის წესრიგით ევროკავშირს ცივილიზაციური უფსკრულისკენ მიაქანებს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
მისი თქმით, ევრობიუროკრატია საკუთარი ცრუ ნარატივების ტყვეობაშია.
„რაც ბატონმა [პარლამენტის] თავმჯდომარემ ახსენა, ისინი საკუთარი ცრუ ნარატივების ტყვეობაში იმყოფებიან. 4-5 წლის განმავლობაში საქართველოსთან, საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით მათ ცრუ ნარატივები შექმნეს იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მათ უარი ვუთხარით საქართველოს პროქსი ქვეყნად გამოყენებაზე. მათ სურდათ ამის გამო „ქართული ოცნების“ ჩანაცვლება. როდესაც არჩევნების დრო იყო, ყველაფერს აკეთებდნენ, აგენტურულ ოპოზიციას წინასაარჩევნო კამპანიას უტარებდნენ უბინძურესი მეთოდებით. როდესაც არასაარჩევნო წელი იყო, 4 თუ 5 რევოლუცია დაგეგმეს, დააფინანსეს და სოლიდარობა აღუთქვეს. თუმცა, „ქართული ოცნება“ ვერ ჩაანაცვლეს და ახლაც იმყოფებიან აი, ამ ცრუ ნარატივების ტყვეობაში. ძალიან რთულია ამ ნარატივებიდან გამოსვლა, რა თქმა უნდა”, - განაცხადა მაჭავარიანმა.
დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ ევრობიუროკრატიამ საქართველოს მოქალაქეების თვალში საკუთარი რეპუტაცია დაიზიანა.
„სამწუხაროდ, იმასაც კი ვერ აცნობიერებენ, რომ ჩვენი მოქალაქეების თვალში რეპუტაცია ამ უსტანდარტობითა და დეზინფორმაციის გავრცელებით უკვე ძალიან დაზიანებული აქვთ და კიდევ უფრო ანადგურებენ, როდესაც აგრძელებენ ასეთი ნაბიჯების გადადგმას და აფსურდების ჩაწერას [რეზოლუციებში]. მაგალითად, ამ რეზოლუციაში ჩაწერეს, რომ პაატა ბურჭულაძე არის პოლიტიკური პატიმარი. რომელ საღად მოაზროვნე ქართველს მოატყუებენ ისინი, რომ ბატონი ბურჭულაძე არის პოლიტიკური პატიმარი. თვეებით ადრე განუწყვეტლივ იმუქრებოდა რევოლუციითა და დამხობით. შემდეგ ყველა პირდაპირ ეთერში უყურებდა, თუ როგორ ცდილობდა, რომ აღესრულებინა თავიანთი გეგმა - შტურმი სახელმწიფო შენობებზე, პოლიციაზე, პრეზიდენტის სასახლეზე.
ამ საქმეზე დაკავებულების ნახევარზე მეტმა აღიარა თავისი ბრალი და პაატა ბურჭულაძის თანამებრძოლმა, ზოდელავამ, რომელიც ასევე ამ ყველაფრის ავანგარდში იდგა და ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო ისევე, როგორც ბატონი ბურჭულაძე, ითანამშრომლა, აღიარა თავისი ბრალი, თქვა, რომ ძალიან ცუდი რაღაც ჩაიდინა და მოინანია ეს ყველაფერი. შესაბამისად, ნებისმიერი საღად მოაზროვნე ქართველი ხვდება ძალიან კარგად, რომ ესეც არის მორიგი ტყუილი ამ რეზოლუციაში. ეს ისეთივე ტყუილია, როგორც მიხეილ სააკაშვილს რომ წერენ პოლიტიკურ დევნილად და მსგავსი სისულელეებით რომ გაჟღინთეს ეს რეზოლუციები.
ასე რომ, ისინი აგრძელებენ ამდენი დეზინფორმაციის გავრცელებას, ამდენ სიცრუეზე თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგის აწყობას საქართველოსთან მიმართებით, გაინადგურეს თავიანთი რეპუტაცია ჩვენი მოქალაქეების თვალში”, - აცხადებს მაჭავარიანი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…