ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის იმპორტზე გადასახადი გაიზარდა - მოსალოდნელია ფასების ზრდა
მთავრობის გადაწყვეტილებით, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის იმპორტზე საბაჟო მომსახურების საფასური კილოგრამზე 3 ლარამდე გაიზარდა, რის გამოც მოვაჭრეები ფასების მატებასა და გაყიდვების შემცირებას პროგნოზირებენ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის იმპორტზე საბაჟო მომსახურების საფასური გაიზარდა. ცვლილება მიმდინარე წლის 25 ნოემბრიდან ამოქმედდა.
ახალი წესის თანახმად, თუ აქამდე იმპორტიორები საბაჟო მომსახურებისთვის დაახლოებით 100-დან 500 ლარამდე იხდიდნენ, ახლა საფასური საქონლის წონის მიხედვით განისაზღვრება. ერთი კილოგრამი საქონლის იმპორტისთვის გადასახდელი თანხა 3 ლარს, ხოლო ერთი ტონის შემთხვევაში – 3 000 ლარს შეადგენს.
ცვლილება არ ვრცელდება მეორად და ევროპიდან იმპორტირებულ ტანსაცმელზე.
გაზრდილი გადასახადი მოვაჭრეებისთვის დამატებით ფინანსურ ტვირთს წარმოადგენს. მოსალოდნელია, რომ იმპორტის ხარჯების ზრდა პროდუქციის საცალო ფასებზეც აისახება, რის შედეგადაც მომხმარებლებს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შეძენა როგორც ბაზრობებზე, ისე მაღაზიებში უფრო ძვირად მოუწევთ.
ყველა მოდის: დამიკელი, დამიკელი... როგორ დავუკლოთ, როცა იქ იზრდება ყველაფერი? ჯაჭვია, თუ იქ მოემატება, აქაც ემატება. აქაც რომ მოემატება, მომხმარებელსაც უდნა მოვუმატოთ ჩენ. ჩვენ ჩვენი გადასახადები გვაქვს, ისე ვინ დაგვაყენებს აქ? განახევრებულია მომხმარებელი, ნახეთ, ხალხი არ დადის საერთოდ. დღეს პარასკევია და მუშაობა არ არის, ხალხი არ დადის. არ აქვს ხალხს საშუალება, - ამბობს მოვაჭრე.
კაციშვილი არ დადის. გვიძვირებენ იქ და ჩვენც იძულებულები ვართ, გავაძვიროთ. მყიდველი არ არის, ვსხედვართ ასე მთელი დღე, ტყუილ-უბრალოდ, - ამბობს კიდევ ერთი მოვაჭრე.
მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობენ რეგიონებში დასაქმებული მოვაჭრეებიც. მათი თქმით, ისედაც შემცირებული გაყიდვებისა და დაბალი მსყიდველუნარიანობის ფონზე, იმპორტის საფასურის ზრდა მათ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.
ხალხისთვის არავინ არის. ჩვენ საწყლები ვსხედვართ ასე...ვზივართ აქ, პურის ფულიც რომ არ გვაქვს, ისე მივდივართ სახლში, - ამბობს მოვაჭრე რეგიონიდან.
ძალიან ცუდია, ძლივს მოგვაქვს, პროცენტიანი ფულებით დაგვაქვს, ყოველდღიოური ბანკები გვაქვს. ამოწყვეტილი ვართ და კიდევ გვიმატებენ. ხალხის იმედი გამორიცხულია, მარტო ღმერთის იმედად ვართ. საერთოდ გუშნ ერთი ლარი, დღეს ერთი ლარი არ მივაჭრია, ღმერთის წინაშე, - ამბობს კიდევ ერთი მოვაჭრე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…