ლევან ღამბაშიძე: ...მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს ხალხი, რომელმაც საკუთარ თავს უთხრა: ადამიანი შეიძლება გაანადგუროთ, მაგრამ მისი დამარცხება შეუძლებელია!
ლევან ღამბაშიძე: რა თქმა უნდა ვისურვებდით, რომ მალე ვნახოთ ბოროტების დამარცხება, ისვე როგორც ამას წმინდა გიორგის ხატზე ვხედავთ ხოლმე. მაგრამ გვახსოვდეს, რომ თავად ქრისტე სხვანაირი მებრძოლის მაგალითია. ის უძლებს ყველაფერს, რაც ჩვენთის ასეთი გაუსაძლისია და ზუსტად ამით იმარჯვებს.

ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე:
თურმე ზოგიერთი კითხულობს, 28 ნოემბერს აქციაზე რატომ გამოვიდეო და ეს არის ჩემი პასუხი:
უთანასწორო ბრძოლის შესახებ უამრავი დიდებული ნამდვილი და გამოგონილი ამბავი არსებობს, თუმცა ბოლო პერიოდში ორზე მეფიქრება ხშირად: სპარტელებისა და სპარსების ბრძოლა თერმოპილესთან და ჰემინგუეის "მოხუცი და ზღვა".
თერმოპილეს ბრძოლის სნაიდერის ეკრანიზაციაში, ფილმის დასაწყისში მეფე ლეონიდასი ირონიით ხვდება ამბავს იმის შესახებ, რომ უძლეველი ქსერქსე ღმერთია. ის ამბობს, სანამ ეს ბრძოლა დამთავრდება, მე ყველას ვაჩვენებ, რომ ღმერთებსაც კი სდით სისხლი.
ფილმის ბოლო სცენაში ლეონიდასი შუბს ესვრის ქსერქსეს და მას ლოყას გაუკაწრავს. და ყველა, ვისაც ახსოვს ლეონიდასის ნათქვამი, უმალ ხვდება რომ იმის და მიუხედავად, რომ ლეონიდასი მოკვდა, მან გაიმარჯვა. რატომ? იმიტომ, რომ ის ძალიან კონკრეტული რამისთის იბრძოდა და არა გადარჩენისთვის, და ვინაიდან იმ რაღაცას მიაღწია - მოიგო.
ყველა ბრძოლაში შენ შენი მიზანი შეიძლება დაისახო და იმ მიზანზე ფოკუსირდე და არა იმ კრიტერიუმებზე, რომლითაც სხვა განსაზღვრავს მოგება-წაგების საკითხს.
ზუსტად ამას აკეთებს სანტიაგო "მოხუცი და ზღვა"-ში. როგორც კი მიხვდება, რომ თევზი ზედმეტად დიდია და მისი ნაპირზე გამოტანის შანსი არ არსებობს, ის ასეთ რამეს ამბობს:
"ღმერთო ჩემო, რას ვიფიქრებდი, ამოდენა თუ იქნებოდა ეს თევზი. მაგრამ, სულ ერთია, - თქვა მან, - მაინც მოვკლავ, მიუხედავად მისი სიდიდისა და სიდიადისა.
"თუმცა ეს უსამართლობაა, დაუმატა მან გუნებაში, - მაგრამ მაინც ვაჩვენებ, რა შეუძლია და როგორი გაძლება აქვს ადამიანს".
ამ მომენტიდან სანტიაგოს ამოცანა აღარ არის თევზის გამოტანა ნაპირზე, არამედ იმის ჩვენება, თუ როგორი გაძლება აქვს ადამიანს. აქედან გამომდინარე, სანტიაგო წააგებს არა მაშინ, როდესაც ის თევზს ვერ გამოიტანს ნაპირზე, არამედ მაშინ, როდესაც დანებდება.
ეს ფილოსოფია, ჰემინგუეის სრულიად ფანტასტიურად აქვს ჩამოყალიბებული:
“ადამიანი დამარცხებისათვის არ არის გაჩენილი, - თქვა მან, - ადამიანი შეიძლება გაანადგუროთ, მაგრამ მისი დამარცხება შეუძლებელია.”
2024 წლის 29 აპრილს, თავის საპროგრამო სიტყაში, რომელშიც მან რუსებისთვის ბოდიშის მოხდა, პარტიების აკრძალვა და ენჯეოების მოსპობა დააანონსა, ბიძინა ივანიშვილმა თქვა:
"ენერგიას, რომელიც შემოდგომისთვის უნდა დაეგროვებინათ, ახლა ისინი ქუჩაში ნაადრევად ანიავებენ. დასაგროვებელი ენერგიის ნაადრევი ხარჯვა ისედაც დასუსტებულ აგენტურას ძალას ბოლომდე გამოაცლის“.
ამ სიტყვის შემდეგ ორი წელი გავიდა. ოღონდ როგორი ორი წელი: ჯერ უმოწყალოდ დაასახიჩრეს ადამიანები, დაწამლეს საზოგადოება, ათობით ადამიანი ციხეში ჩასვეს, ფეისბუქზე და ქუჩაში საკუთარი აზრის გამოთქმა აკრძალულეს, სამსახურში თუ გამოთქმა სამსახურიდან წამოსვლის ტოლფასია, ქუჩაში აქციის გამართვა მხოლოდ პიონერის ფორმაშია შესაძლებელი, ნიღაბს გაიკეთებ - ჯარიმა, სათვალეს - ჯარიმა, ლაზერს იქონიებ - ჯარიმა, ქუჩას გადაკეტავ - ციხე.... სფერო არ არსებობს, სადაც მოქალაქეების ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალეს. პირიქით - ყველა ჭანჭიკს გადაუჭირეს რაც კი შეეძლოთ, დაშინების ყველა მეთოდს მიმართეს, ყველა დანაშაული ჩაიდინეს, რაც კი შეეძლოთ რომ ჩაედინათ, მაგრამ...
...მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს ხალხი, რომელმაც საკუთარ თავს უთხრა: ადამიანი შეიძლება გაანადგუროთ, მაგრამ მისი დამარცხება შეუძლებელია! და ეს ძალიან მრავალფეროვანი ხალხია. ყველამ თავისთვის დაისახა მიზნად რაღაცა, რასაც არ დათმობდა და იმ მიზანს მიჰყვება. ზოგი ყოველ დღე აქციაზე დადის, ზოგი კვირაში ერთხელ, ზოგი სამსახურში სიმართლეს ავრცელებს, ზოგი "საშიშ" პოსტებს აზიარებს, ზოგი სტენსილებს ხატავს ქუჩაში, ზოგი ოლე ოლას მღერის, ზოგი ქოცების ბიზნესს არ ეკარება, ზოგი პატიმრებს ეხმარება და ყველანი ერთად კი - არ ნებდებიან! უბრალოდ ჯიუტად არ ნებდებიან.
ვერავინ იტყვის რომ არ დაღლილა, ვერავინ იტყვის, რომ ხვალ გამარჯვების ისევე სჯერა, როგორც იმის, რომ ხვალ მზე ამოვა, ვერავინ იტყვის, რომ არ ეშინია იმ მონსტრის, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა ამ ძალიან საყვარელი ქვეყნისგან გამოძერწა... მაგრამ ეს არ არის მთავარი. შიში, იმედგაცრუება, სასოწარკვეთა და უიმედობა რომ არ არსებობდეს, არცერთ გამარჯვებას ფასი არ ექნებოდა. ყველა ეს ემოცია ნებისმიერი სხვა ბრძოლის ნაწილიც არის. ამის გამო არც ბოდიში გვაქვს ვინმესთვის მოსახდელი და არც არავისთან გვაქვს თავი სამართლებელი. სანტიაგოსაც ტკიოდა ხელები და ისიც იხმობდა გამუდმებით მანოლოს, მაგრამ რა.... დამარცხდა? არა. ისევე, როგორც არ დამარცხებულა არავინ, ვინც უბრალოდ არ დანებდა.
ხოდა ყველაფერს რომ თავი დაანებოთ, წარმოიდგინეთ რა სახე შეიძლება ჰქონდეს თქვენს მტერს, როდესაც მას ჰგონია, რომ დაგაშინათ, დაგასახიჩრათ, გაგანადგურათ... და ამ დროს თქვენ ისევ ფეხზე მდგომს გხედავთ. წარმოიდგინეთ იმის სახე, ვინც ორი წლის წინ თქვა თქვენზე დავღლიო და თქვენ ისევ ქუჩაში დაგინახავთ? ნუთუ ეს უკვე გამარჯვება არ არის?
რა თქმა უნდა ვისურვებდით, რომ მალე ვნახოთ ბოროტების დამარცხება, ისვე როგორც ამას წმინდა გიორგის ხატზე ვხედავთ ხოლმე. მაგრამ გვახსოვდეს, რომ თავად ქრისტე სხვანაირი მებრძოლის მაგალითია. ის უძლებს ყველაფერს, რაც ჩვენთის ასეთი გაუსაძლისია და ზუსტად ამით იმარჯვებს. და რა თქმა უნდა არ არის შემთხვევითი, რომ სცენა სადაც ნაპირზე გადმოსული მოხუცი სანტიაგო, რომელსაც ხელებიდან სისხლი სდის და რომელსაც მხარზე ხის ანძა აქვს გადებული, საოცრად წააგავს ქრისტეს გოლგოთას გზას. იმიტომ, რომ ორივე ერთსა და იმავე გზას გადის. ისევე როგორც ათასობით სხვა ადამიანიც, რომელიც სიმართლისთვის იდევნება, მაგრამ მაინც არ ნებდება. არ დანებდნენ ისინი, არ დავნებდებით არც ჩვენ.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…