პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

The American Conservative: ევროპა ცდება, როდესაც რუსეთის მოთხოვნას ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნის შესახებ უარყოფს

ნატო

The American Conservative-ის თანახმად, მოსკოვი უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებას ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნას უკავშირებს, რასაც ვაშინგტონიც იზიარებს, თუმცა ევროპელი ლიდერები მკაცრად ეწინააღმდეგებიან.

The American Conservative: ევროპა ცდება, როდესაც რუსეთის მოთხოვნას ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნის შესახებ უარყოფს
იმედინიუსი

The American Conservative-ის ინფორმაციით, აშშ-ს, რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების განახლების შემდეგ, დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი თემა ახალი საკითხი გახდა. მოლაპარაკებების წინა რაუნდებში მედიის ყურადღება ძირითადად ორ საკითხზე იყო გამახვილებული: უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე, მათ შორის ნატოში შესაძლო გაწევრიანებაზე, და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობაზე.

თუმცა, 10 ნოემბერს აბუ-დაბიში მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დაწყებისას მოსკოვმა მკაფიოდ განაცხადა, რომ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარება ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ჩამოყალიბებასთან უნდა იყოს დაკავშირებული.

„ასეა თუ ისე, უკრაინაში კონფლიქტის მოგვარება ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების ახალ არქიტექტურასთან იქნება დაკავშირებული. ეს ორი შემადგენელი ნაწილია და არცერთი მათგანი მეორის გარეშე ვერ იარსებებს“, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

ამის შემდეგ ვაშინგტონმაც მიანიშნა, რომ ამ საკითხზე მოსკოვის პოზიციას იზიარებს. აშშ-ის წარმომადგენელმა ჯარედ კუშნერმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები „ევროპის უსაფრთხოების უფრო ფართო არქიტექტურის შექმნის აუცილებლობასაც“ შეეხება. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმება „მთელ ევროპას მოიცავს“.

ევროპის დიდ ნაწილში ამ განცხადებებს მწვავე რეაქცია მოჰყვა. ევროპელი ლიდერების თქმით, რუსეთს აგრესიისთვის გავლენის ახალი სფეროს შექმნით არ უნდა დააჯილდოონ. მათი პოზიციით, ევროპაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნის საჭიროება არ არსებობს, რადგან ამ ფუნქციას უკვე ნატო ასრულებს. მათი განმარტებით, პრობლემა ის არის, რომ რუსეთმა ევროპის უსაფრთხოების არსებული სისტემა დააზიანა.

ამ პოზიციის დაცვით განსაკუთრებით აქტიურობდნენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა.

თუმცა, სტატიის ავტორის შეფასებით, ევროპელი ლიდერების ეს არგუმენტები მცდარია. მისი თქმით, ნატო ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას არ წარმოადგენს, რადგან ევროპაში მდებარე არაერთი ქვეყანა, მათ შორის რუსეთი, ალიანსის წევრი არ არის. ამასთან, ნატოს წევრები არიან აშშ და კანადა.

ავტორის მტკიცებით, „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებამ ევროპის გამყოფი ხაზი კიდევ უფრო აღმოსავლეთით გადასწია, რის შედეგადაც ალიანსმა რუსეთის მეზობელი ქვეყნები მოიცვა, თავად რუსეთი კი მის ფარგლებს გარეთ დარჩა. მისი შეფასებით, ნატოს გაფართოებამ უსაფრთხოების საფუძველი კი არ შექმნა, არამედ კონფლიქტისთვის ნიადაგი მოამზადა.

სტატიის ავტორი ასევე ამტკიცებს, რომ ევროპაში უსაფრთხოების არსებული არქიტექტურა დაარღვია არა რუსეთმა, არამედ პირველმა ნატომ, რომელსაც მაშინ აშშ-ის პრეზიდენტი ბილ კლინტონი ხელმძღვანელობდა.

მისი შეფასებით, 1999 წელს სერბეთის დაბომბვით, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის გარეშე, ნატომ პირველმა დაარღვია ევროპული სახელმწიფოს სუვერენიტეტი. ალიანსმა იუგოსლავიის წინააღმდეგ 38 000 საჰაერო დარტყმა განახორციელა, მოგვიანებით კი კოსოვო იუგოსლავიის შემადგენლობიდან გამოეყო.

ავტორი წერს, რომ კლინტონი რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინს არაერთხელ არწმუნებდა, თითქოს ნატოს გაფართოება რუსეთის წინააღმდეგ არ იყო მიმართული და მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა. თუმცა იუგოსლავიის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციისას ნატომ რუსეთის ისტორიული მოკავშირე დაბომბა. ეს მოხდა პოლონეთის, უნგრეთისა და ჩეხეთის ალიანსში გაწევრიანებიდან რამდენიმე კვირაში.

გამოცემის შეფასებით, ევროპელი ლიდერები არა მხოლოდ უფრო გახსნილები უნდა იყვნენ რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის უსაფრთხოების უფრო ფართო არქიტექტურის განხილვის მიმართ, არამედ არ უნდა გამოხატავდნენ გაკვირვებასაც, რადგან ამ საკითხის დაყენება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის ყველა ლიდერის მოთხოვნების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იყო.

2021 წლის დეკემბერში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე რამდენიმე კვირით ადრე, პუტინმა კვლავ მოითხოვა მოლაპარაკებების დაწყება ევროპის უსაფრთხოების უფრო ფართო არქიტექტურაზე. მან აშშ-სა და ნატოს „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ გაცემული დაპირებები და ნატო-რუსეთის დამფუძნებელი აქტით გათვალისწინებული ვალდებულებები შეახსენა.

მოსკოვი მოითხოვდა, რომ ნატოს უარი ეთქვა შემდგომ გაფართოებაზე, მათ შორის უკრაინის ალიანსში გაწევრიანებაზე და 1997 წლის მაისის შემდეგ ნატოში გაწევრიანებული ქვეყნების ტერიტორიაზე სამხედრო ძალებისა და შეიარაღების განთავსებისგან თავი შეეკავებინა.

სტატიის ავტორის თქმით, ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როდესაც პუტინმა ევროპის უსაფრთხოების ისეთი არქიტექტურის შექმნის აუცილებლობაზე ისაუბრა, რომელიც რუსეთის ინტერესებსაც გაითვალისწინებდა.

ორი ათეული წლით ადრე, 2007 წელს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას, პუტინმა განაცხადა, რომ აუცილებელი იყო „საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურაზე სერიოზულად დაფიქრება“.

სტატიის ავტორის შეფასებით, ევროპელ ლიდერებს უფლება აქვთ, უარი თქვან უსაფრთხოების ახალი, ინკლუზიური არქიტექტურის შექმნაზე. თუმცა ისინი ცდებიან, როდესაც ამტკიცებენ, რომ ევროპის უსაფრთხოების არსებული სისტემა საკმარისია და თითქოს მხოლოდ რუსეთმა დაარღვია ცივი ომის შემდგომი ევროპული წესრიგი.

ავტორი ასევე მიიჩნევს, რომ მოსკოვის ხანგრძლივი მოთხოვნების გამო გაკვირვების გამოხატვა არაგულწრფელია.

მისი დასკვნით, თუ ევროპას ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა სურს, კონტინენტის უსაფრთხოების არქიტექტურა მთელ ევროპას, მათ შორის რუსეთსაც, უნდა მოიცავდეს.

მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
POLITICO: აშშ რუსეთს უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის ჩართვას სთხოვსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები