პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

POLITICO: აშშ რუსეთს უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის ჩართვას სთხოვს

ნატო

POLITICO-ს ცნობით, აშშ რუსეთს უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში ევროპის ჩართვისკენ მოუწოდებს, რათა პროცესი დაჩქარდეს.

POLITICO: აშშ რუსეთს უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის ჩართვას სთხოვს
იმედინიუსი

ევროპის მთავრობებს შესაძლოა უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში საკუთარი წარმომადგენლის ვინაობის შესათანხმებლად დიდი დრო აღარ ჰქონდეთ. დონალდ ტრამპის წარმომადგენლები რუსეთს მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში ევროპის მონაწილეობის დაშვებისკენ მოუწოდებენ, - იუწყება POLITICO.

წყაროების ინფორმაციით, ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი და სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი დღეს აბუ-დაბიში, უკრაინისა და რუსეთის მონაწილეობით გამართული პირველი სამმხრივი შეხვედრის ფარგლებში, ევროპისთვის მომავალ მოლაპარაკებებში პირდაპირი როლის მინიჭების საკითხს დააყენებენ.

აშშ-ის წარმომადგენლებს სურთ, რომ მოლაპარაკებების ტემპი დააჩქარონ და მიმდინარე კვირის შეხვედრა ბოლო იყოს, რომელშიც ევროპა სრულფასოვნად არ იქნება ჩართული. მათი თქმით, ევროპულ მთავრობებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს, სავარაუდოდ, მცირე დრო ექნებათ გადასაწყვეტად, ვინ უნდა წარმოადგენდეს მათ მოლაპარაკებების მაგიდასთან.

„ჩვენ გვჭირდება, რომ ევროპა მოლაპარაკებების მაგიდასთან იყოს. ამიტომ ჩვენი წინადადებაა სამმხრივი შეხვედრის შემდეგ ევროპელები დისკუსიაში ჩავრთოთ“, - განაცხადა აშშ-ის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.

ამერიკელმა წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს ის ფაქტი, რომ ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერები 27 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს პირადად ესაუბრნენ. მათი თქმით, ევროპამ მოსკოვთან კონტაქტები უნდა გაააქტიუროს.

„ევროპაში გაცილებით მეტი დისკუსია გვჭირდება რუსეთთან, რათა ევროპელებმა მოისმინონ ის, რასაც ჩვენ ვისმენთ და გზავნილები, რომლებსაც რუსეთი ჩვენთან საუბრისას გვაწვდის, თავადაც პირდაპირ გადასცენ მოსკოვს“, - განაცხადა ოფიციალურმა პირმა.

საკითხი, თუ ვინ უნდა ლაპარაკობდეს ევროპის სახელით და საერთოდ უნდა აწარმოებდნენ თუ არა უკრაინის ევროპელი მოკავშირეები პირდაპირ დიალოგს პუტინთან, ევროპაში მწვავე უთანხმოების საგანია. ამ თემას ევროკავშირის ლიდერები დუბლინში, მიმდინარე კვირის ბოლოს დაგეგმილ არაფორმალურ სამიტზე განიხილავენ, - წერს POLITICO.

გამოცემა მკითხველს შეახსენებს, რომ მას შემდეგ, რაც ტრამპი გასულ წელს თეთრ სახლში დაბრუნდა, ევროკავშირის წარმომადგენლები და დიპლომატები შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ ვაშინგტონი მოსკოვთან ომის დასრულების შესახებ პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს, ევროპა კი პროცესს მიღმა რჩება.

ევროპის მაღალი რანგის წარმომადგენლები მიმდინარე კვირას აბუ-დაბიში დაგეგმილ შეხვედრებს დაესწრებიან, თუმცა კუშნერი და უიტკოფი მათთან კონსულტაციებს გამართავენ, მთავარ მოლაპარაკებებში კი, რუსეთის წინააღმდეგობის გამო, მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, მოლაპარაკებების პირველი დღე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებსა და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის შესაძლო გადახედვას დაეთმობა. მეორე დღეს კი მხარეები ტერიტორიულ საკითხებს, მათ შორის საზღვრებისა და გამყოფი ხაზების განსაზღვრას და სხვა საკითხებს განიხილავენ.

როგორც POLITICO წერს, ევროპული მთავრობები შიშობენ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია შესაძლოა პუტინის დიდი ხნის მოთხოვნებს დათანხმდეს და რეგიონში ნატოს გავლენის შემცირებას დაუჭიროს მხარი. თუმცა აშშ-ის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ნატო ევროპის კოლექტიური თავდაცვის მთავარ საყრდენად დარჩება. ამასთან, ისინი არ გამორიცხავენ კონტინენტსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ძირეულ გადახედვას.

„აშკარაა, რომ რაღაც არ მუშაობს“, - განაცხადა ერთ-ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა. მისი თქმით, ევროპის ქვეყნებს უსაფრთხოების არქიტექტურის შეცვლის საკითხთან დაკავშირებით „ბევრი წარსული გამოცდილება და პრობლემა“ აქვთ, რადგან რუსეთს წარსულშიც არაერთხელ შეუთავაზებია ცვლილებები, თუმცა არსებული შეთანხმებები შედეგიანი არ აღმოჩნდა.

„ჩვენ უნდა შევქმნათ რაღაც ახალი, რაც დღევანდელ რეალობაში იმუშავებს“, - აღნიშნა მან.

აშშ-ის წარმომადგენლების ინფორმაციით, მოლაპარაკებებსა და რეფორმების შესახებ იდეების გაზიარების პროცესში აქტიურად არის ჩართული ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიPolitico - დონალდ ტრამპის წარმომადგენლები რუსეთზე ზეწოლას მოახდენენ, რათა კრემლმა ევროპას სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვის ნება მისცეს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ჩვენ გვჭირდება, რომ ევროპა მოლაპარაკებების მაგიდასთან იყოს. ამიტომ ჩვენი წინადადებაა სამმხრივი შეხვედრის შემდეგ ევროპელები დისკუსიაში ჩავრთოთ“
„ევროპაში გაცილებით მეტი დისკუსია გვჭირდება რუსეთთან, რათა ევროპელებმა მოისმინონ ის, რასაც ჩვენ ვისმენთ და გზავნილები, რომლებსაც რუსეთი ჩვენთან საუბრისას გვაწვდის, თავადაც პირდაპირ გადასცენ მოსკოვს“
„ჩვენ უნდა შევქმნათ რაღაც ახალი, რაც დღევანდელ რეალობაში იმუშავებს“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
POLITICO: აბუ-დაბიში უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების პირველ დღეს, ევროპელმა წარმომადგენლებმა შეერთებულ შტატებთან ერთად კონტინენტის ზოგადი უსაფრთხოების არქიტექტურის გადახედვაზე მიაღწიეს შეთანხმებას, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ დაძაბულობა რუსეთსა და ნატოს მოკავშირეებს შორისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები