პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

“იგლ ჰილსის” პროექტის საჯარო განხილვაზე კრიტიკოსები არ შეუშვეს

საქართველოს პარლამენტიეკონომიკის სამინისტროქართული ოცნება

გარდაბანში კომპანია „იგლ ჰილსის“ პროექტის საჯარო განხილვაზე კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეები არ შეუშვეს, დარბაზში შესულთა ნაწილი კი დაცვამ ძალის გამოყენებით გამოიყვანა.

“იგლ ჰილსის” პროექტის საჯარო განხილვაზე კრიტიკოსები არ შეუშვეს
ნეტგაზეთი

დღეს, 26 ნოემბერს, 13:00 საათზე, გარდაბანში, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, არაბული კომპანია „იგლ ჰილსის“ პროექტის პირველი საჯარო განხილვა გაიმართა.

პროექტის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ათობით დაინტერესებული პირი განხილვაზე დასასწრებად გარდაბანში ჩავიდა, თუმცა მათ კულტურის სახლში შესვლის შესაძლებლობა არ მიეცათ. უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა შენობის მთავარი შესასვლელი ჩაკეტეს, უკანა შესასვლელთან კი დაცვის თანამშრომლები განალაგეს. საჯარო განხილვაზე დასწრების მსურველებს შენობაში არ უშვებდნენ. რამდენიმე მოქალაქე კი, რომლებმაც დარბაზში შესვლა მოახერხეს, დაცვის თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით გამოიყვანეს.

ნახვა Facebook-ზე

როგორც მოძრაობა „ერთი ხალხი – ერთი საქართველოს“ წევრი, ფინანსისტი ნიკოლოზ შურღაია აცხადებს, საჯარო განხილვის დარბაზი ხელოვნურად იყო შევსებული, რათა პროექტის მიმართ კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებს კითხვების დასმისა და საკუთარი პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობა არ მისცემოდათ. მისივე თქმით, დარბაზში მყოფი მოქალაქეების ნაწილმა არც კი იცოდა, რა სახის შეხვედრას ესწრებოდა. თავად შურღაიაც ერთ-ერთია იმ მოქალაქეებს შორის, რომლებსაც უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა შენობა ძალის გამოყენებით, ყოველგვარი განმარტების გარეშე დაატოვებინეს.

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა პოლიტიკური მოძრაობა, მათ შორის, „ქართული რესპუბლიკა“ და „ერთი ხალხი — ერთი საქართველო“, უკვე რამდენიმე თვეა ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეთა ხელმოწერებს აგროვებს. მათი მოთხოვნა „იგლ ჰილსთან“ გაფორმებული გასაიდუმლოებული ხელშეკრულების გაუქმებაა. ამ დროისთვის მათ 23 000-ზე მეტი ხელმოწერა აქვთ შეგროვებული.

საჯარო განხილვაზე დასწრების შესაძლებლობა არ მიეცა გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელს, ქეთი გუჯარაიძესაც. მისი შეფასებით, არაკონსტიტუციურია, როდესაც მოქალაქეებს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამართულ საჯარო განხილვაზე დასწრებისა და კითხვების დასმის შესაძლებლობას არ აძლევენ.

ნახვა Facebook-ზე

არაბული კომპანია „იგლ ჰილსის“ პროექტის საჯარო განხილვა დაწყებიდან დაახლოებით ერთ საათში დასრულდა. დამსწრეებმა გარდაბნის კულტურის სახლი პოლიციის თანხლებით დატოვეს. შენობის გარეთ დარჩენილმა მოქალაქეებმა ამას საპროტესტო შეძახილებით უპასუხეს: „ეს იყო, ხალხო, საჯარო განხილვა?!“, „სირცხვილი!“, „ქართული მიწა ხალხისაა!“ და სხვა.

ნახვა Facebook-ზე

შეხვედრის დასრულების შემდეგ, კულტურის ცენტრიდან გამოსულ სოფო ჭუმბურიძეს, რომელიც სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს კომუნიკაციების სამსახურის წარმომადგენელია, მოქალაქეებმა ჰკითხეს, რატომ არ მიეცათ საჯარო განხილვაზე დასწრებისა და კითხვების დასმის შესაძლებლობა. ჭუმბურიძის განცხადებით, სააგენტოს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე მოქალაქეების დაშვება-არდაშვების საკითხზე პასუხისმგებელი თავად არ არის. მისივე განმარტებით, დაინტერესებულ პირებს კვლავ შეუძლიათ, 15 დღის განმავლობაში წერილობით მიმართონ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს.

ნახვა Facebook-ზე

საჯარო განხილვაზე კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების არდაშვების შემდეგ, ნიკოლოზ შურღაიამ 7 დეკემბერს, 12:00 საათზე, საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ეთერის მოთხოვნით, აქცია დააანონსა.

ზუსტად ერთი წლის წინ, პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენისას, ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ განაშენიანების გენერალური გეგმები, როგორც კრწანისის, ისე გონიოს შემთხვევაში, ეკონომიკის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტების ჩართულობით, შესაბამისი საჯარო პროცედურების საფუძველზე დამტკიცდებოდა. მისივე თქმით, კონკრეტული გეგმების შემუშავების შემდეგ საზოგადოებას სრულყოფილი ინფორმაცია ექნებოდა დაგეგმილი მშენებლობების შესახებ.

„ამან უნდა გაიაროს საკრებულოს პროცედურები, საჯარო განხილვები და ა.შ. შესაბამისად, ის, თუ რა აშენდება და როგორ აშენდება, იქნება საზოგადოებისთვის სრულად ცნობილი მოგვიანებით, როდესაც უკვე ეს გეგმები შევა შესაბამის საკრებულოებში განსახილველად“, -აცხადებდა კობახიძე.

თუმცა, დღევანდელი განხილვის მიმდინარეობამ აჩვენა, რომ პროექტის მიმართ კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეთა ნაწილს საჯარო განხილვაში მონაწილეობისა და საკუთარი პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობა არ მიეცა.

Eagle Hills-თან გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც თბილისსა და აჭარაში 6,6 მილიარდი დოლარის ღირებულების დეველოპერული პროექტები უნდა განხორციელდეს და ახალი საცხოვრებელი და ტურისტული ინფრასტრუქტურა შეიქმნას, კომერციული საიდუმლოს სტატუსი აქვს მინიჭებული. “ქართული ოცნება” ირწმუნება, რომ პროექტს ნაკლი არ აქვს, ხელშეკრულების გასაიდუმლოება კი სტანდარტული პრაქტიკაა ასეთ ინვესტიციებთან დაკავშირებით.

საქართველო არაა ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, სადაც Eagle Hills საინვესტიციო პროექტებს გეგმავს, ახორციელებს ან მოლაპარაკებებს აწარმოებს. როგორც აღმოჩნდა, ინვესტიციის ირგვლივ კითხვებს სხვა ქვეყნებშიც სვამდნენ.

გაიგეთ მეტი

Eagle Hills-ის სამშენებლო პროექტების ბედი ევროპის ქვეყნებში

რა კითხვებს აჩენს „იგლ ჰილსის“ პროექტი? – ინტერვიუ

მასალის შესახებპირველწყარო: ნეტგაზეთი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

ეკონომიკა ·
„იგლ ჰილსის“ განაშენიანების კონცეფციაზე საჯარო განხილვები იწყებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები