ნინო წილოსანი USAID-ის დოკუმენტების გამოქვეყნებაზე: ეს იყო კარგად ორგანიზებული და კარგად დატრენინგებული ქსელი, რომელიც შედგებოდა ერთი მხრივ ლამაზად დავარცხნილი მესიჯებით და ამაღლებული მოტივებით, ამის უკან კი იმალებოდა პატარა პოლიტიკური ჯგუფის ინტერესი და მიზანი, რომ ამ ქვეყნებში ემართათ პოლიტიკური პროცესები და პირდაპირ დაერტყათ დემოკრატიის პრინციპებისთვის
პარლამენტის ვიცე-სპიკერ ნინო წილოსანის მტკიცებით, USAID-ის დოკუმენტები აჩვენებს ორგანიზებულ ქსელს, რომლის მიზანი ქვეყნებში პოლიტიკური პროცესების მართვა და დემოკრატიისთვის დარტყმა იყო.

ეს არის წარმოუდგენელი პროცესი, რომლის ბოლომდე გააზრებაც გაცილებით მეტ დროს საჭიროებს. მეტ დროს საჭიროებს თავად ამ ფაილების ბოლომდე გაშიფვრა, რადგან თითქმის ყოველ საათში ქვეყნდება ახალი ინფორმაციები,სხვადასხვა აქცენტები აშკარავდება და ჩვენი მხრიდანაც ხდება ამ ფაილების დამუშავება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა USAID-ის დოკუმენტების გამოქვეყნების საკითხთან მიმართებით.
მისივე თქმით, აღნიშნულ ფაილებში ზღვა ინფორმაციაა, რომელსაც ზედაპირზე ამოაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი აქცენტი.
„უცხოური დაფინანსებები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მიემართებოდა საკუთარი ინტერესების, პოლიტიკის აქცენტების გასატარებლად და პირდაპირ მათ დოკუმენტებში წერია, რომ ესა თუ ის აქტივობა დაგეგმილია საზოგადოებაზე გავლენის მოსახდენად, მათი აზრის ფორმირებისთვის და კონკრეტული პოლიტიკური თუ სხვა საკითხების ადვოკატირებისთვის.
ეს არის ქსელი, რომელსაც არა მხოლოდ USAID-ი, არამედ ბევრი სხვა ფონდი კარგად კრავდა სხვადასხვა ქვეყნებში. საქართველო ამის ნათელი მაგალითია, რადგან ამ ფაილებში საქართველო ხშირად არის მოხსენიებული და ილონ მასკასაც კი გამოაქვს საჯარო განხილვისთვის.
ეს იყო კარგად ორგანიზებული და კარგად დატრენინგებული ქსელი, რომელიც შედგებოდა ერთი მხრივ ლამაზად დავარცხნილი მესიჯებით და ამაღლებული მოტივებით, ამის უკან კი იმალებოდა პატარა პოლიტიკური ჯგუფის ინტერესი და მიზანი, რომ ამ ქვეყნებში ემართათ პოლიტიკური პროცესები და პირდაპირ დაერტყათ დემოკრატიის პრინციპებისთვის“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.
წილოსანის თქმით, ეს ქსელი შედგენილი იყო არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან ან აქტივისტებისგან, არამედ კავშირები ჰქონდათ ისეთ ძლიერ სოციალურ ქსელებთან , როგორიცაა Facebook-ი, Meta-ში შემავალი ყველა სოციალური ქსელი, YouTube-ი და ა.შ.
„ტრამპის ადმინისტრაციას ძალიან დიდი მადლობა უნდა უთხრას მთელმა მსოფლიომ იმისთვის, რომ რაზეც ჩვენ ქვეყნის შიგნით ვსაუბრობდით, ტრამპის ადმინისტრაციის მეშვეობით ეს ყველაფერი გახდა საჯარო.
ეს არის ძალიან საშიში სქემა, რომელიც შესაძლოა USAID-ის სახით დაიხურა, მაგრამ არ დახურულა სხვა ფონდების მეშვეობით. ეს სქემა ახლაც მუშაობს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ.
ძალიან საინტერესოა, რომ 2022 წლიდან იწყება და საქართველო არის მათივე რეპორტებში მოხსენიებული, როგორც ინოვაციის დამნერგავი ქვეყანა, სადაც მათივე დაფინანსებულმა ენჯეოებმა მოიფიქრეს, რომ ამ აგენტურულ ქსელში ჩართეს ხელოვნების წარმომადგენლები“, - დასძინა ნინო წილოსანმა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, ის დაფინანსება, რომელიც საქართველოში მოდიოდა, პირდაპირ უკავშირდება იმ დრამატულ პროცესებს, რომელიც საქართველოში ხდებოდა.
გამოცემა Newsweek-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დოკუმენტები გამოაქვეყნა, რომლებიც მათ შორის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და სოციალური მედიის კომპანიებს შორის კომუნიკაციას ასახავს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…