ფონიჭალაში აფეთქებისას დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა
ქვემო ფონიჭალაში აფეთქებისას მძიმედ დაშავებული 31 წლის ილია ისაევი კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარ ტრაგედიას სულ 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვი.

გარდაიცვალა 31 წლის კაცი, რომელმაც ქვემო ფონიჭალაში აფეთქებისას მძიმე დაზიანებები მიიღო და სხეულის თითქმის 90% დაიწვა.
ინფორმაცია “ფორმულას” ოჯახმა, ხოლო IPN-ს კლინიკამაც დაუდასტურა.
31 წლის ილია ისაევი დამწვრობის ცენტრში რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა.
ილია ისაევი სწორედ იმ ბინაში ცხოვრობდა, სადაც უშუალოდ გაზი აფეთქდა.
რა მოხდა?
9 ნოემბრის დილით, დაახლოებით 09:00 საათზე, თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად ძლიერი აფეთქება მოხდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
აფეთქებიდან რამდენიმე საათში გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენლებმა ხაზგასმით განაცხადეს, რომ კომპანიის ბაზაში მე-5 სართულზე მდებარე ბინა დაკეტილად ირიცხებოდა. კომპანიის ტექნიკური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ლეფსვერიძემ განმარტა, რომ 2025 წლის დეკემბრიდან ტრაგედიის დღემდე ბინაში ბუნებრივი აირის არცერთი კუბური მეტრი ხარჯი არ დაფიქსირებულა და აბონენტს ყოველთვიურად ნულოვანი ქვითარი მისდიოდა. ამასთან, კომპანიის ცნობით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ მისამართიდან გაზის სუნთან დაკავშირებით შეტყობინება არ შესულა.
ლეფსვერიძის თქმით, კორპუსში გეგმური შემოწმება 2025 და 2026 წლების იანვარში ჩატარდა (მომდევნო შემოწმება კი 2027 წლის იანვარში იყო დაგეგმილი), თუმცა 2026 წლის იანვარში სპეციალისტებმა უშუალოდ ამ ბინაში შესვლა ვერ შეძლეს:
„შემოწმების დროს ჩვენი თანამშრომლის მიერ მოხდა მეზობლების დახმარებით კონტაქტი ამ პერიოდის განმავლობაში: „მობრძანდით, გაგვიღეთ ბინა, რომ შევამოწმოთ“, და კონკრეტულმა ადამიანმა გვითხრა, რომ არ იმყოფება თბილისში და ჩამოვიდოდა და შემდეგ დაგვიშვებდა მის კუთვნილ ბინაში“, – განაცხადა გიორგი ლეფსვერიძემ და ივარაუდა, რომ მეპატრონემ დაკეტილი სახლი სწორედ აფეთქების დღეს გააღო.
შს მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა მედიას განუცხადა, რომ ბინის მფლობელი ახალგაზრდა კაცი, რომელმაც მძიმე დამწვრობა მიიღო და კლინიკაში მოხვდა, კონტაქტური იყო და მათ მოუყვა, რა მოხდა სახლში.
„მოქალაქე მეხუთე სართულზე ცდილობდა გამათბობლის ჩართვას. იგი კონტაქტურია და თვითონ გვიყვება, რომ ღამით ჩართო, შემდეგ გამორთო და დილით ისევ სცადა ჩართვა, რა დროსაც მოხდა აფეთქება“, – განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
მომხდარი ამბის შესწავლა დაიწყო მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის (ენერგოომბუდსმენის) სამსახურმა. უწყების განცხადებით, მათ მიერ გამოთხოვილი პირველადი მონაცემებითაც დადასტურდა, რომ ბოლო პერიოდში ბინაში არც ბუნებრივი გაზისა და არც ელექტროენერგიის მოხმარება არ ფიქსირდებოდა, რაც საცხოვრებლის ხანგრძლივ უმოქმედობაზე მიუთითებს. ენერგოომბუდსმენის ინფორმაციით, ბინაში ორი გაზის დანადგარი: ცენტრალური გათბობის ქვაბი და გაზქურა იყო დამონტაჟებული, რამდენიმე წლის წინ ჩატარებული გეგმური შემოწმებისას კი იქ ტექნიკური დარღვევები არ გამოვლენილა.
„სახლში არანაირი გამათბობელი არ მქონდა და თვითონ კომპანიამაც დაადასტურა, რომ მქონდა ცენტრალური გათბობა და გაზქურა, რომელიც თუ ცეცხლი არ უკიდია, კეტავს გაზს“, – განაცხადა დღეს, 24 ნოემბერს 31 წლის ილია ისაევის მამამ, ემზარ ისაევმა, რომლის სახლშიც, ფონიჭალაში, 19 ნოემბერს აფეთქება მოხდა.
„ვიზიარებ მწუხარებას ყველა დაღუპულის და დაზარალებულის გამო. ჩემი შვილი არც მკვლელია და არც ტერორისტი. სრულიად ადეკვატური ადამიანია. კი, ჰქონდა ტრავმა და ეს ყველამ იცის, 5 კერა აქვს თავში სისხლჩაქცევის, მაგრამ სრულიად ადეკვატური.
მანამდე სექტემბერში იყო [ამ ბინაში] ჩასული პენსიის გასანაღდებლად და ამის ამონაწერი შეიძლება ნახოთ პოლიკლინიკაშიც და შუქის ამონაწერებშიც. მანამდე, ზაფხულში, უფროსი ბიჭი იყო ჩასული [ბინაში].
მარტის შემდეგ მეც თითქმის ყოველდღე ვიყავი ბინაში და [კომუნალური] გადახდებიც მქონდა.
ცენტრალური გათბობის ჩართვას ჩემი შვილი არც ცდილობდა და გაზქურის ჩართვას კი, საჭმლის გაკეთება უნდოდა. „ბოშის“ გაზქურა კიდევ ისეთია, თუ არ უკიდია, გაზს კეტავს“, – ამბობს ემზარ ისაევი.
კითხვაზე – რა მოხდა მაშინ? ემზარ ისაევი ამბობს, რომ ამ კითხვის პასუხი მასაც აინტერესებს.
„რაღაც კითხვები კი მაქვს, მაგრამ გაზქურა ერთ კუთხეში იყო, მარჯვენა კუთხეში, მოშენებაში, აფეთქება მოხდა საძინებელთან და ის ჩაინგრა. სახურავიც მანდ ამოანგრია. როგორ, ეს მაინტერესებს.
გაზქურა ღიაც რომ დაეტოვებინა, როგორც გითხარით, ის კეტავს გაზს, თუ ცეცხლი არ არის და არანაირი გაჟონვა არ უნდა მომხდარიყო. მით უმეტეს, შემოწმებული ჰქონდათ და თვითონ დაადასტურეს, რომ არანაირი დარღვევა არ გვქონდა“, – ამბობს ემზარ ისაევი.
ფონიჭალაში აფეთქებას ჯამში 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიაემზარ ისაევი ფონიჭალაში აფეთქებაზე: გაზქურა ერთ კუთხეში იყო, აფეთქება მოხდა სხვა ადგილას
- ემზარ ისაევი: გაზქურა ერთ კუთხეში იყო, აფეთქება მოხდა სხვა ადგილას, რანაირად? ეს მაინტერესებს
,, გაზქურა ერთ კუთხეში იყო, აფეთქება მოხდა სხვა ოთახში, რანაირად?” – ილია ისაევის მამა
ფონიჭალაში აფეთქებისას დაშავებულის მამა - გამათბობელი არ მქონია, მქონდა ცენტრალური გათბობა და გაზქურა, რომელიც ისეთია, ღია რომც დაეტოვებინა, ავტომატურად კეტავს და გაჟონვა არ უნდა მომხდარიყო - არანაირი ვერსია არ მაქვს, კითხვები კი მაქვს
„სახლში გამათბობელი არ მეყენა, ცენტრალური გათბობა მაქვს“- კაცი, რომლის სახლშიც აფეთქება მოხდაფონიჭალ
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…