სომხეთის პარლამენტი საჯარო შეურაცხყოფისთვის ჯარიმის ქვედა ზღვარს 7 000 ლარამდე, ხოლო ცილისწამებისთვის 14 ათას ლარამდე აწესებს
სომხეთის პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც შეურაცხყოფისთვის ჯარიმის ქვედა ზღვარს 1 მილიონ დრამამდე, ხოლო ცილისწამებისთვის 2 მილიონ დრამამდე ზრდის. მედიის უფლებადამცველი ორგანიზაციები ინიციატივის გაწვევას მოითხოვენ.

სომხეთის პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც შეურაცხყოფისთვის ჯარიმის მინიმალური ოდენობა 1 მილიონი დრამით (დაახლოებით 7 000 ლარი) განისაზღვრება, ხოლო ცილისწამებისთვის კი - 2 მილიონი დრამით (14 ათას ლარზე მეტი). ინფორმაციას OC Media ავრცელებს.
როგორც მედია აღნიშნავს, 2021 წელს სომხეთის პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც ცილისწამებისა და შეურაცხმყოფელი განცხადებებისთვის მაქსიმალური კომპენსაციის ოდენობა გაიზარდა.
მოქმედი კანონმდებლობით, შეურაცხყოფისთვის კომპენსაციის მაქსიმალური ოდენობა 3 მილიონ დრამს (21 ათას ლარზე მეტი), ცილისწამებისთვის კი 6 მილიონ დრამს (44 ათასი ლარი) შეადგენს.
სომხეთის მედიის უფლებადამცველი ცხრა წამყვანი ორგანიზაცია მთავრობას მოუწოდებს, გაიწვიოს აღნიშნული კანონპროექტი.
როგორც მედია იუწყება, სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კრიტიკოსებისა და მედიის წინააღმდეგ ათობით სარჩელი შეიტანეს და სავარაუდო ცილისწამებისა თუ შეურაცხყოფისთვის კომპენსაციის გადახდა მოითხოვეს.
კანონპროექტის გაწვევის გარდა, ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ, მედიის სფეროს წარმომადგენლებთან დაიწყოს მსჯელობა შეურაცხყოფისა და ცილისწამებისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრების აუცილებლობაზე.
ისინი ასევე მოითხოვენ, რომ კანონპროექტი ექსპერტული შეფასებისა და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის დასადგენად ევროპის საბჭოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაეგზავნოს.
„შემოთავაზებული ცვლილებები და დამატებები განსაკუთრებით შემაშფოთებელია ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებებისთვის“, - ნათქვამია ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში. მათივე განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლი, უპირველეს ყოვლისა, მედია საქმიანობით დაკავებული პირების პასუხისმგებლობას ეხება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…