სომხეთი ოჯახში ძალადობისთვის სასჯელის გამკაცრებას გეგმავს
სომხეთის პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ოჯახში ძალადობისთვის სასჯელის გამკაცრებას, პოლიციის გაფრთხილების გაუქმებასა და მოძალადეების პრევენციულ აღრიცხვაზე აყვანას ითვალისწინებს.

სომხეთის პარლამენტმა 28 ოქტომბერს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტების პაკეტს, რომელიც ოჯახში და საოჯახო ურთიერთობებში ძალადობის პრევენციისა და ძალადობის მსხვერპლთა დაცვის შესახებ კანონში ცვლილებებს, ასევე მომიჯნავე კანონებში შესწორებებს ითვალისწინებს.
ინიციატივა მმართველი პარტიის, „სამოქალაქო ხელშეკრულების“ დეპუტატმა ზარუი ბატოიანმა წარადგინა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 62-მა დეპუტატმა, 34-მა კი კენჭისყრისას თავი შეიკავა.
სომხური გამოცემა Armenpress-ის ცნობით, საკანონმდებლო პაკეტი ოჯახში ძალადობისთვის სასჯელის გამკაცრებასა და დაცვის საშუალებებს შორის პოლიციის გაფრთხილების გაუქმებას ითვალისწინებს.
პაკეტის ძირითადი ცვლილებები ასეთია:
სასჯელის გამკაცრება: ოჯახში და საოჯახო ურთიერთობებში ჩადენილი დანაშაულებისთვის უფრო მკაცრი სასჯელების დაწესება.
პოლიციის გაფრთხილების გაუქმება: გაფრთხილების ნაცვლად ძალადობის ჩამდენი პირის პრევენციულ აღრიცხვაზე აყვანა იგეგმება, რათა ის სამართალდამცველების ყურადღების მიღმა არ დარჩეს.
ძალადობის განმეორების შემთხვევაში ჩარევა: გადაუდებელი ჩარევის გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი იქნება, თუ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პირის მიმართ ძალადობა ერთზე მეტჯერ განხორციელდა.
სარეაბილიტაციო პროგრამები: ძალადობის ჩამდენი პირისთვის ასეთ პროგრამებში მონაწილეობა სავალდებულო გახდება არა მხოლოდ სასამართლოს დამცავი გადაწყვეტილების, არამედ პოლიციის გადაუდებელი ჩარევის გადაწყვეტილების შემთხვევაშიც.
ელექტრონული კონტროლი: შესაძლებელი იქნება მსხვერპლთან მიახლოებისა და მასთან კონტაქტის აკრძალვის დაცვაზე ელექტრონული საშუალებებით ზედამხედველობა.
მსხვერპლის დამატებითი დაცვა: შეთავაზებულია, რომ დაზარალებულის განმეორებითი დაკითხვა, როგორც წესი, მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში მოხდეს. ასევე, ძალადობის საქმეებზე სისხლისსამართლებრივი დევნა საჯარო წესით განხორციელდება, პროკურორის ინიციატივისგან დამოუკიდებლად.
ერთიანი ცხელი ხაზი: კანონპროექტი ძალადობის მსხვერპლთათვის დახმარების მისაღებად ერთიანი სახელმწიფო ცხელი ხაზის შექმნასაც ითვალისწინებს.
კანონპროექტის თანახმად, პოლიციის თანამშრომლებს ძალადობის შესახებ შეტყობინებაზე რეაგირებისას მობილური ვიდეოჩამწერი ან ფოტოგადაღების ტექნიკური საშუალებების გამოყენებაც დაევალებათ. ფიზიკური ძალადობის განმარტება კი გაფართოვდება და მოიცავს შემთხვევებს, როდესაც ადამიანს დამხმარე საშუალებებს ან მოწყობილობებს ართმევენ.
პარლამენტში განხილვას დაპირისპირებაც ახლდა. გამოცემა Aravot-ის ცნობით, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ედგარ ღაზარიანმა ზარუი ბატოიანს ჰკითხა, ხომ არ იყო თავად ძალადობის მსხვერპლი ან ხომ არ აიძულა ვინმემ კანონპროექტის წარდგენა. ბატოიანმა უპასუხა, რომ მისთვის ასეთი კითხვის დასმა მსხვერპლის შერცხვენის მცდელობა იყო და კანონპროექტის წარდგენა არავის დაუძალებია.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…