აი ფაქტი: ჟურნალისტური გამოძიება! წყალი ისევ ჟონავს: როგორ ხვდება ზამთარს გელათის წმინდა გიორგის ტაძარი?
წმინდა გიორგის ეკლესიის მხატვრობის დაზიანება 2020 წლიდან დოკუმენტირებულია. მონიტორინგის ანგარიშები, სააგენტოს დასკვნები და იუნესკოს მისიები ერთსა და იმავეს იმეორებდნენ: მხატვრობა ზიანდება, წყალი სახურავიდანაც აღწევს, კედლებიდანაც და საძირკვლიდანაცო. თუმცა, ამ გაფრთხილებებს ქმედება არ მოჰყოლია.

გელათის წმინდა გიორგის ეკლესიაში მხატვრობის 15% უკვე დაკარგულია, დანარჩენს კი წლებია ნესტი და წყალი აფუჭებს. დაზიანებულია “ჯვარცმის“, „ამაღლების“, “ნათლისღების”, “იერუსალიმში შესვლის”, „წმინდა გიორგის წამების“ და ქტიტორის გამოსახულებები.
კედლის მხატვრობის პრობლემები 2020 წლიდან ვიცით, მაგრამ სახელმწიფომ მათ მოგვარებაზე დროულად არ იზრუნა. შედეგად, წმინდა გიორგის ეკლესიამაც მთავარი ტაძრის ბედი გაიზიარა: კულტურის სამინისტროს თუ საპატრიარქოს უყურადღებობაში დრო გაიფლანგა, ამასობაში კი ძეგლის დაზიანებები გაუარესდა.
ზამთრის სეზონი მოახლოვდა, სოფელ გელათში ნალექიანი და ქარიანი ამინდიც გახშირდება, წმინდა გიორგის ეკლესია კი დაზიანებული სახურავის და გაუმართავი ე.წ "ჟოლობების" იმედადაა.
წმინდა გიორგის ეკლესიის ცალკეულ საფრთხეებზე „აი, ფაქტს“ აქამდეც არაერთხელ დაუწერია. ამჯერად 2020 წლიდან დღემდე მომზადებული ათობით მონიტორინგის ანგარიში და ქართველი და უცხოელი ექსპერტების დასკვნები შევისწავლეთ. გიჩვენებთ, რატომაა ამ ეკლესიის ბედი ისეთივე საგანგაშო, როგორც მთავარი ტაძრის: რომელი დაზიანებებია ცნობილი უკვე ექვსი წელია, რა გააკეთეს ამ დროის განმავლობაში პასუხისმგებელმა პირებმა და რამდენად სარისკოა „საპილოტე რესტავრაცია“, რომელიც ამ ზაფხულს დააანონსეს.

ტაძრის საზიანოდ გაფლანგული 6 წელი
წმინდა გიორგის ეკლესიის მხატვრობის დაზიანება 2020 წლიდან დოკუმენტირებულია. მონიტორინგის ანგარიშები, სააგენტოს დასკვნები და იუნესკოს მისიები ერთსა და იმავეს იმეორებდნენ: მხატვრობა ზიანდება, წყალი სახურავიდანაც აღწევს, კედლებიდანაც და საძირკვლიდანაცო. თუმცა, ამ გაფრთხილებებს ქმედება არ მოჰყოლია.
„დრო იკარგება იმიტომ, რომ არ ხდება წინასწარ მსჯელობა, სათანადო კვლევა, მეთოდოლოგიის მისადაგება, დარგის სპეციალისტებთან ფართო განხილვა, ღიაობა და კრიტიკის მიმღებლობა. წმინდა გიორგის ეკლესიის შემთხვევაში, დრო ყველა ეტაპზე კატასტროფულად დაიკარგა”, - გვითხრა ხელოვნებათმცოდნე ნუცა ციციშვილმა.
რა არ უნდა გამოგვრჩეს წმინდა გიორგის ტაძრის ისტორიიდან:
2012 წელი - ეკლესიის გუმბათის თუნუქის სახურავი მოჭიქული, მწვანე, თიხის კრამიტით შეცვალეს;
2017-2018 წელი: საკურთხეველი და მკლავები მოჭიქული, მწვანე კრამიტით გადახურეს. სამუშაოები სრულყოფილი პროექტის გარეშე წარიმართა. საბოლოოდ, სახურავი, რომელიც ეკლესიას უნდა იცავდეს, თავად გახდა საფრთხე;
2020 წელი: წყალმა წმინდა გიორგის ტაძარშიც გაჟონა და სპეციალისტებმა დაზიანების ექვსი კერა გამოავლინეს. იმავე წელს, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ დაზიანებულ სახურავზე თუნუქის დაფარება დაიწყო, 2020 წლის აგვისტოში სააგენტომ თავის ანგარიშში დაწერა, რომ სამხრეთ ფასადზე ქვის გახსნილი ნაკერი დროებით ამოავსეს, ქტიტორის ფიგურა და მის მარცხნივ არასტაბილური არეები კი დროებით გაამაგრეს, რომ არ ჩამოცვენილიყო;
2021 წელი: ივლისში გელათში იტალიური “ჯოვანი სეკკო სუარდოს” რესტავრატორები ჩამოვიდნენ, მაგრამ მათი მთელი რესურსი მთავარ ტაძარს მოხმარდა, წმინდა გიორგის ეკლესია ყურადღების მიღმა დარჩა. სექტემბერში კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ თავად დაწერა, წმინდა გიორგის ეკლესიის მხატვრობა ლოკალურ ადგილებში „კრიტიკულად არასტაბილურიაო“ ამის შემდეგ კი მხატვრობის მონიტორინგი ერთი წლით შეწყდა;
2022 წელი: გელათს ეწვია იუნესკოს მრჩეველი ორგანოების მისია, რომელმაც დაადასტურა, რომ წმინდა გიორგის ტაძარში წყალი სახურავიდანაც აღწევდა და კედლებიდანაც;
2023 წელი: კულტურის სამინისტრომ გელათის რეაბილიტაცია საპატრიარქოს დროებით კომიტეტს მიანდო, რის შემდეგაც პროცესი გაუმჭვირვალე და ანგარიშები კიდევ უფრო მწირი გახდა. წმინდა გიორგის დაზიანებები დეტალურად აღწერილი აღარ არის;
2024 წელი: 1. გელათში იუნესკოს მორიგი მისია ჩამოვიდა, რომელმაც დაადასტურა, რომ ტაძარში წყალი ისევ აღწევდა. 2. წლის ბოლოს, პროფესორ გიორგი მელიქაძის ჯგუფმა დაადგინა, რომ ეკლესიის გარშემო მიწა 6-8 მეტრის სიღრმემდე გაწყლიანებულია;
2025 წელი: კომიტეტის ანგარიშმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ წმინდა გიორგის ტაძრის ისტორიული მხატვრობის 15% დაკარგულია;
2026 წელი: ივნისში კომიტეტის დაკვეთით, დარიო კამუფოს მიერ მომზადებული კვლევა გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც კედლის ქვედა რეგისტრებზე და იატაკზე ნამი კრიტიკულ ზღვარზეა, რაც კედლების კონდენსაციის რისკს ზრდის; აგვისტოში კომიტეტმა იტალიურ ინსტიტუტთან (OPD) მემორანდუმი გააფორმა, რომელიც მხატვრობის “საპილოტე რესტავრაციასაც” ითვალისწინებს; ეს მეთოდი კი ხელოვნებათმცოდნეებს ძეგლისთვის საზიანო მიაჩნიათ.
მასალა მომზადებულია NEWS.GE-ის რედაქციის მიერ. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…